"ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ!“ - კვირის პალიტრა

"ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ!“

ბრწყინვალე სლოგანია! იქნებ ახლა მაინც გაერთიანდეს საქართველო და შეწყდეს "ქოცის“ და "ნაცის“ ძახება; იქნებ ახლა მაინც მიხვდეს მავანი და მავანი, რომ პოლიტიკა სერიოზულიო საქმეა და არა პარტიების ქუჩებში ბოქლომებით სირბილი, ჩხუბი და აყალ-მაყალი; თუმცა ერთი რამე კი გაუგებარია ნამდვილად: რატომ თვლის ავტორი, რომ ეს სლოგანი არის აპოლიტიკური, არ გააჩნია იდეოლოგიური დატვირთვა და არ გამოხატავს პოლიტიკური ხედვის მიზანს და კულტურას?! პირიქით, ეს არის ჭეშმარიტად ქართული, ეროვნული, რაციონალური იდეოლოგიის პარადიგმა, არის და აი რატომ: იმისათვის, რომ "ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ!“ საჭიროა და აუცილებელი, უპირველეს ყოვლისა, კარგად შევისწავლოთ ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო ცხოვრების ყველა სფერო და ყველა დეტალი, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს უკვე ყოველი ცალკეული მოვლენის ღრმა პროფესიულ ასპექტში კვლევას და ანალიზს. მოითხოვს იმასაც, რომ ყოველი ადამიანი პასუხისმგებელი იყოს თავისი მოქმედების შედეგზე და ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც ამ ქმედებების პროცესში მიიღებს. იგულისხმება ისიც, რომ ყოველთვის, როგორც წესი, დაცული უნდა იყოს ჩვენს ქცევაში კანონი და არასოდეს, არავისთვის და არცერთ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი. ამასთან ერთად აუცილებელია, რომ საზოგადოების ყოველი წევრი ხელმძღვანელობდეს მუდმივად ერთი მთავარი კრიტერიუმით: სასარგებლოა თუ არა მისი ქმედება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნისათვის; გვახსოვდეს, რომ მეცნიერულად სწორი და ქვეყნისათვის სასარგებლო ყოველთვის ერთი და იგივე არ არის და ამიტომ არსებული რამდენიმე შესაძლებლობიდან არჩევანი უნდა გაკეთდეს ყოველთვის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ.

დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ აქ მოყვანილი ყველა პუნქტი გამოხატავს ცხოვრებაში ჩვენი მოქმედების კულტურას და სხვა არაფერია, თუ არა იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი პოზიცია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში; სხვა რამეა ახლა, თუ ვინმეს არ სურს, რომ ამგვარმა იდეოლოგიურმა და რაციონალურმა მსჯელობამ გაახსენოს საზოგადოებას კომუნისტები ან კიდევ ჩვენს მიერ უსამართლოდ უარყოფილი მარქსი და მისი დიალექტიკა.... მაგრამ რა ვქნათ ახლა, არსებობდა ეს კაცი მსოფლიო თეორიული აზრის ისტორიაში და დროც უფრო და უფრო უსვამს ხაზს მისი ნაშრომების ღირებულებას და მნიშვნელობას. აქვე ცნობისათვის: ერთადერთი სპეცკურსი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემა აღიარებს და დღემდე სისტემატურად იკითხემა კემბრიჯის უნივერსიტეტში, არის სპეცკურსი მარქსის დიალექტიკაში... ჩვენ კი უნდა ვაღიაროთ, რომ მარქსის დიალექტიკის წაღმა-უკუღმა კრიტიკამ და სოროსის მიერ მიზანმიმართულად შემოგდებულმა დეიდეოლოგიზაციის კურსმა კარგი არაფერი მოგვიტანა: მივიღეთ მთავრობა, რომელსაც არ გააჩნია არავითარი იდეოლოგია და უკომპასო გემივით მიცურავს ოკეანეში დევიზით: “გვიყვარს დასავლეთი!“ გვყავს მინისტრები, რომლებიც არ იცნობენ, ვერ მართავენ თავიანთ სფეროებს და ამოძრავებთ ყველაფერში მხოლოდ საკუთარი ინტერესები და მიზნები, ასე რომ, გახარიასთან შეხვედრისას ტყუილად არ გააოცა ჩვენი ჟურნალისტები იდეოლოგიური პოზიციის გარეშე სახელმწიფოს შენების შესაძლებლობაზე მსჯელობამ.

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გახარიას მიერ არჩეული გუნდი ნამდვილად პატიოსანი, ზნეობრივი და გულანთებული ხალხია, რომ ისინი არ უღალატებენ არც თავის ლიდერს და არც თავის ქვეყანას; ვხედავთ იმასაც, რომ ბ-ნი გიორგი კარგად ორიენტირებს ქვეყნის დღევანდელი ცხოვრების საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, თითქმის ყოველთვის აკეთებს მოვლენების საფუძვლიან ანალიზს, ნაკლებად უშვებს შეცდომებს და არის ძალზედ ადეკვატური მიღებულ გადაწყვეტილებებში... მაგრამ საინტერესოა მაინც ერთი: ნუთუ უშვებს ის, რომ მთელი მისი ეს ცოდნა და უნარები მხოლოდ მისი თანდაყოლილი თვისებებია და რომ ყოველივე ამისათვის არავითარი სპეციალური აღზრდა, სწავლება და მომზადება არ იყო საჭირო? გაიხსენოს მაშინ მან კარგად თავისი აღზრდის და განათლების მიღების გზები, თავისი აღმზრდელები და პედაგოგები და გაიცნობიერებს შემდეგ ნათლად ალბათ იმას, რომ პატიოსან, ზნეობრივ და ნიჭიერ ხალხსაც სპეციალური სკოლების გავლა და სპეციალური თეორიული მომზადება სჭირდება. ამის მშვენიერი მაგალითია, სხვათაშორის, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, სადაც საგულდაგულოდ და ნამდვილად კარგად შერჩეული პატიოსანი, ზნეობრივი და ნიჭიერი ახალგაზრდები დარჩნენ ბოლოს მხოლოდ შემთხვევითი, არაპროფესიული ხასიათის მითითებების ამარა და იმ კაცის ხელმძღვანელობით, რომელმაც ჟურნალისტების კითხვაზე:“სად არის ესებუა?“ უპასუხა: “ესებუა ისვენებს და ერთ ათ წელიწადში შეიძლება გავიგოთ სად არისო“. ხოლო როდესაც მისი ამგვარი პასუხით უკმაყოფილო ჟურნალისტებმა კითხეს გახარიას:“რატომ არ გაათავისუფლეთ გომელაური თანამდებობიდანო“, მან, ისე რომ არც აცია და არც აცხელა, გასცა კიდევ უფრო "ამომწურავი“ პასუხი: “გომელაური არ გავათავისუფლეთ სააკაშვილის ჯინაზეო“... ამ დროს გასათავისუფლებელია არა მხოლოდ გომელაური, არამედ კიდევ ძალიან ბევრი და ბევრი მინისტრთა კაბინეტიდან. ისე ერთიც: თუ ნამდვილად დავადექით ჭეშმარიტი დემოკრატიული ცხოვრების გზას და ნამდვილად ვიწყებთ ბრძოლას საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ, მაშინ რაღა მარტო სააკაშვილისთვის უნდა ვიშიშვლოთ ხმალი და რაღა მხოლოდ მასთან უნდა გადავეშვათ საბრძოლველად და საომრად! რა, მასზე არ ვრცელდება დემოკრატია და მასთან არ შეიძლება გონივრული მსჯელობა, დისკუსია და კამათი?

გარეთ 21-ე საუკუნეა! პრინციპულად შეიცვალა ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსთან; გარემო გახდა უკიდურესად დინამიური და ყოველწამიერად იცვლება რეალობა... აუცილებელია ამიტომ ყოველი მოვლენის ინდივიდუალურ ასპექტში შესწავლა და ანალიზი, ეს კი აკისრებს ადამიანს უდიდეს პასუხისმგებლობას და ითხოვს მისგან თეორიული მომზადების მაღალ დონეს. ამრიგად, ძნელია, ძალზე ძნელია მიიღო დღეს დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილება. პარალელურად ამისა, მდგომარეობას ართულებს კიდევ ის, რომ გვიხდება ცხოვრება ორმაგი პოლიტიკური სტანდარტების ფონზე და ამ ფაქტს ვერანაირად ვერ გავექცევით, ვერ შევცვლით და ვერ გამოვასწორებთ მსოფლიოს; ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ პირობებში, არის ის, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ყველა ფენაში პროფესიული დონის ზრდაზე და გავხადოთ ჩვენი მოსახლეობა უფრო მაღალხარისხოვანი; ანუ მივხედოთ განათლების პრობლემას ქვეყანაში, რათა მივაღწიოთ იმ დონეს მაინც, რაც ადრე გვქონდა.

სოროსის ვერაგულმა პროგრამებმა გაანადგურა ჩვენი მეცნიერება, მოსპო განათლების სისტემა და ძალიან დიდი შრომაა უკვე საჭირო იმისათვის, რომ მდგომარეობა ქვეყანაში როგორმე გამოსწორდეს. პირველ რიგში აუცილებელია შემოღებულ იქნას ყველასთვის უფასო განათლება - განათლება სახელმწიფოს ხარჯზე, რადგან ადამიანებს სჭირდებათ ცოდნა და გამოცდილება, რათა არ გადაიქცნენ რობოტებად ცხოვრებაში და იცოდნენ ყოველთვის ის, თუ რას აკეთებენ, რატომ და რისთვის, არ მოქმედებდნენ არაადეკვატურად და ზიანს არ აყენებდნენ ამით ქვეყანას და საზოგადოებას. განსაკუთრებით საშიშია რობოტი სახელმწიფო მოხელეები და, მით უმეტეს, არაფორმალური მმართველობის პირობებში.

თავის დროზე სტალინს დახვდა წერა-კითხვის უცოდინარი საზოგადოება და, უნდოდა თუ არ უნდოდა, ერთპიროვნულად უნდა ემართა ქვეყანა; მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანამ მიაღწია უდიდეს წარმატებებს და ძლიერ სახელმწიფოებრივ განვითარებას, როდესაც სრულიად მტრულ გარემოცვაში და ყველასაგან დამოუკიდებლად დაძლეულ იქნა ქვეყნის შიგნით არსებული ყველა სერიოზული პრობლემა და შემუშავებული იქნა მყარი სახელმწიფო პოლიტიკა, ბოლოს მაინც ხელში შეგვრჩა ხრუშჩოვი და მისი მსგავსი ადამიანებისგან დაგვენგრა ყველაფერი.

ძალზედ საინტერესოა ის, რომ სწორედ სტალინის მოღვაწეობის პერიოდში შეიქმნა სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური სკოლები, სადაც უდიდესი ყურადღება ექცეოდა დიალექტიკის თეორიის შესწავლას და პროპაგანდას, მუდმივად იმართებოდა დისკუსიები და შექმნილი იყო მუდმივმოქმედი სემინარები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის დიდი მეცნიერული აღმოჩენების მსოფლმხედველობრივ ასპექტში ინტერპრეტირების მიზნით (საზოგადოება "ცოდნა“) და ა.შ. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს საკუთარი ხელით მოვსპეთ და დავანგრიეთ და ახლა, თუ სურს ბ-ნ გიორგის რეალური საქმის კეთება, მაშინ უნდა ეცადოს იგი, რომ არ იქცნენ მისი გუნდის წევრები რობოტებად და ასწავლოს მათ ყველაფერი ის, რაც თვითონ იცის სახელმწიფოებრივი მართვის სფეროში. იმედია, ამგვარი რთული მუშაობის შემდეგ იგი დაინტერესდება თანდათან 30-ანი წლების სტალინური გამოცდილებით და ბევრ სხვა რამესთან ერთად დარწმუნდება, ალბათ, სახელმწიფო მოხელეებისთვის თეორიული დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური სკოლების შექმნის აუცილებლობაში.

დემოკრატიულ გარემოში ცხოვრება საინტერესოა, მაგრამ ამასთან ერთად რთული და პასუხისმგებლობით აღსავსე. გახსოვთ, როგორ თქვა ერთხელ ჯაბა იოსელიანმა: “დემოკრატია თქვენ ლობიოს ჭამა არ გეგონოთ, ეს ძალიან რთული საქმეაო!“ ნამდვილად! დემოკრატია ითხოვს ჩვენგან ყოველი ცალკეული მოვლენის კვლევას, ანალიზს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას. ადამიანი ჩაერთო ახალ დიალოგში სამყაროსთან, ქარიშხალივით შემოიჭრა ჩვენი ეპოქის კულტურაში: განუზღვრელობა, თავისუფლება და შემთხვევითობა. "Мир. Танцующий на ногах случайности" - ეს არის ნიცშე, "человек – это свобода и ответственность“ - გვითხრა სარტრმა. მსოფლმხედველობრივი პარადიგმა შეცვალეს: აინშტაინმა, ბორმა, ჰაიზენბერგმა, დალიმ, ვაგნერმა... "თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ, თითქოს ბროლის კოშკი დამენგრა თავზე“ - გმინავდა აინშტაინი და ოცი წელი ეკამათებოდა ბორს იმისათვის,რომ არ მიეღო ახალი სამყარო და ახალი წესრიგი. "ვითარება კიდევ უფრო რთული იქნება, როდესაც ყოველივე ეს თავს იჩენს სოციალურ მოვლენებში“ - თქვა მაშინ ჰაიზენბერგმა და მისი ეს წინასწარმეტყველება დადასტურდა ჰაიდეგერის სიტყვებით: “ის, რისიც ეშინია შიშს, არის ყოფნა ამ სამყაროიში“. პრიგოჟინი შეეგუა უკვე არსებულს და თავის მხრივ დაწერა: “ჩვენ ვცხოვრობთ შემთხვევითობით სავსე სამყაროში, ცხოვრება აქ ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს“. ბოლომდე ორიგინალურია და თავის სტიქიაშია დალი: “ღმერთი ჩემზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, მან ერთხელ შექმნა სამყარო და შემდეგ დაისვენა, მე კი დღიდან დაბადებისა თავზე დამეყარა უამრავი პრობლემა და ასე იქნება ეს სიცოცხლის ბოლომდე“ - ვკითხულობთ მასთან. "ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით“ - ეს არის ისევ სარტრი, მაგრამ ბერდიაევი ამბობს: “Человек – это творчество".

როგორც ვხედავთ, რეალობაში, სადაც იგრძნო ადამიანმა, რომ ის თავისუფალია, რეალობაში, სადაც ცხოვრება განუწყვეტლად გვაყრის თავზე პრობლემებს და სისტემატურად გვაყენებს გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის და მასზე პასუხისმგებლობის აღების წინაშე, მთავარი და საიმედო საყრდენი არის მხოლოდ მეცნიერული აზრი და მეცნიერული მსოფლმხედველობა. "ის, ვინც უარყოფს იდეოლოგიას, ვარდება ყველაზე ცუდი იდეოლოგიის ტყვეობაში“ - წერდა იასპერსი; მაგრამ კრიტიკული თეორიული აზროვნების და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს, უნარს იყო თავისუფალი და არ გექცეს არასოდეს თანაც შენი თავისუფლება აღვირახსნილობად და უბედურებად ცხოვრებაში, იმოქმედო ყოველთვის ისე, რომ არ დააზიანო ამით არც შენი თავი და არც შენი ქვეყანა, "იბრძოლო საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“, ამ უნარებს დიდი სპეციალური თეორიული მომზადება და მსოფლმხედველობრივი აღზრდა სჭირდება.

დღეს მთავარია არ დავუშვათ შეცდომა და ვიდრე ჯერ კიდევ შენარჩუნებული გვაქვს იმუნიტეტი აღვირახსნილობაზე, ვიდრე ჩვენს ქცევებს ჯერ კიდევ მართავს ჩვენი ისტორიული კულტურა და ტრადიციული ფასეულობებით განსაზღვრული ეთიკური კოდი, ვეცადოთ გადავირჩინოთ თავი, არ დავიბნეთ და ამჯერად მაინც გავაკეთოთ სწორი პოლიტიკური არჩევანი. აშკარაა, რომ ჩვენი ყველაზე დიდი სირთულე ისევ საშინაო პოლიტიკის პრობლემებია, რასაც მხოლოდ ჩვენ უნდა მივხედოთ და ჩვენ უნდა მოვუაროთ. გვეყო გაუთავებელი აღტაცება:“დედა, რა კარგად გაგვიღიმა დასავლეთმა!“ დროა შევამჩნიოთ ისიც, რომ ამგვარი "ღიმილები“ და "ზრუნვა“ ქვეყნის კეთილდღეობაზე "მრავალვექტორიანი“ პოლიტიკის მქონე ბელორუსიისათვის დამთავრდა იმით, რომ ჩაუტარეს მათ ბოლოს თავისივე ტერირორიაზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რის დროსაც ჩაფიქრებული იყო ლუკაშენკოს და მისი მთელი ოჯახის განადგურება და თუ არა თავად ბელორუსიის პრეზიდენტის საოცარი წინდახედულება და სიფხიზლე, კაცმა არ იცის რა დაემართებოდა ქვეყანას და რით დამთავრდებოდა ყველაფერი ეს ბელორუსიის ხალხისათვის. ანალოგიურის შესანიშნავი მაგალითია უკრაინაც, რომელიც აგერ უკვე მერამდენე წელია, სწორედ სამხედრო გადატრიალების გამო, იცლება სისხლისგან და კარგავს თანდათან სახელმწიფოს სახეს.

საინტერესოა, რომ ამ ცოტა ხნის წინ ლუკაშენკომ მინსკში Boeing – 737 დაშვების დროს დააკავა ბელორუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი (ჟურნალ "Nexta”-ს რედაქტორი), რომელსაც ბრალი ედება ბევრ სახელმწიფო დანაშაულში: კერძოდ, იყო ბელორუსიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და მხილებულია აგრეთვე უკრაინის არეულობებსა და დონბასის ბრძოლებში მონაწილეობაშიც... მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პროტასევიჩმა დაიწყო უკვე აქტიური თანამშრომლობა გამოძიებასთან და მალე ალბათ ჩვენ ბევრ ახალ ამბავსაც გავიგებთ. დასავლეთი კი, რომელიც არც თუ ისე იშვიათად თანამშრომლობს მოღალატეებთან და გამცემლებთან, შეშფოთებულია პროტასევიჩის დაკავების ფაქტით და ძალიან ეშინია იმის, რომ არ გააღოს მან პირი და არ თქვას ყველაფერი, რაც იცის.

პროტასევიჩი კი ამ დროს ალაპარაკდა უკვე და დაწვრილებით იხსენებს და ყვება ყველაფერს: ამბობს, მაგალითად, იმას, თუ როგორ მოამზადა პოლონეთის სპეცსამსახურებმა სახელმწიფო გადატრიალების პროგრამა ბელორუსიისათვის, იმასაც, თუ ვინ თანამშრომლობს ბელორუსიის მთავრობიდან ნატოს სპეცსამსახურებთან და ვის აქვს კიდევ რუსეთის მთავრობიდან კავშირები ნატოს პოლიტიკურ ცენტრებთან; ვინ და რა გზით აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებებს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორ ამზადებენ ნეონაცისტები პროვოკატორებს ნატოს სპეცსამსახურების ბაზებზე, რა გზით ახერხებენ შემდეგ მათ გადასროლას სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზე და როგორ აკავშირებენ სპეციალურად გაწვრთვნილ ბოევიკებს შესაბამისი სპეცსამსახურების ოპოზიციურ წრეებთან იმ მიზნით, რომ გამოიწვიონ ადგილებზე დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი.

ყველაფერ ამაზე და კიდევ ბევრ ამგვარ ფაქტზე ალაპარაკდა თურმე პროტასევიჩი და ჩააგდო ამით დასავლეთი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ ვერავითარი ცალმხრივი სანქციები ვეღარ დაეხმარება მათ უკვე და ვეღარ უშველით; ანუ პროტასევიჩმა ჩაუშვა თავისი პატრონები და ფარდა ახადა ყველაფერს.

ლუკაშენკო კი ამბობს ამ დროს, რომ მას არცერთ ასპექტში და არცერთი მუხლით არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომ ამჯერადაც მან, როგორც ყოველთვის, დაიცვა კანონი და გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც, თავის მხრივ, არაერთგზის გაუკათებია ამერიკასაც და სხვა ქვეყნებსაც; დასავლეთმა კი რატომღაც საკამათო გახადა პროტასევიჩის დაკავების ფაქტი და ალაპარაკდა ისევ ცალმხრივ სანქციებზე. ამასთან დაკავშირებით ბელორუსიის პრეზიდენტმა მიმართა თავის პარლამენტს და ღიად და გამჭვირვალედ აუხსნა ყველას ყველაფერი, შემდეგ კი ხმამაღლა წარმოთქვა თავისი მთავარი მესიჯი: “დასავლეთო, შეჩერდი!“ პარალელურად ლუკაშენკომ მოუწოდა დემოკრატიისათვის მებრძოლ ყველა ქვეყანას, ყველას, ვინც აღელდა და აღშფოთდა პროტასევიჩის დაკავების ფაქტით, რომ გამოეხატათ მათ ასეთივე დიდი ინტერესი უკრაინის თავზე 1914 წელს ჩამოგდებული მალაიზიის ბოინგ -MH-17-ს გამოძიების ფაქტზე, რასაც 300 კაცის სიცოცხლე შეეწირა და რასაც აგერ უკვე მეშვიდე წელია უშედეგოდ იძიებს ჰოლანდია: “რა, პროტასევიჩის დაკავებაზე ნაკლებად საყურადღებოა და ამაღელვებელი ეს ფაქტი? დადოს ბოლოს და ბოლოს ჰოლანდიამ თავისი მრავალწლიანი გამოძიების საფუძველზე გაკეთებული ოფიციალური დასკვნა იმის შესახებ, თუ ვინ ჩაიდინა ეს საზარელი დანაშაული?!“ - განაცხადა ლუკაშენკომ და, მართლაც, ძნელია არ დავეთანხმოთ მას ამ შემთხვევაში. ნუთუ კიდევ გაუკვირდება ვინმეს ამის შემდეგ, რომ ბელორუსიის მრავალვექტორიანი პოლიტიკის ყველა ვექტორი შემობრუნდება ახლა უკვე აღმოსავლეთით და ძირითადში მხოლოდ რუსეთისკენ იქნება მიმართული?

ჩვენი ქვეყანა კი ნამდვილად ორიგინალური ქვეყანაა! სწორედ ახლა, ბელორუსიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, გავუხსენით კარი და ჩვენს ტერიტორიაზე შემოვუშვით პროტასევიჩის ქმედებებზე არანაკლებ ბუნდოვანი ქმედებების ავტორის - ნავალნის თანაგუნდელები და მზად ვართ ვიომოთ მათთან ერთად, თუმცა მთლად კარგად არ ვიცით ვისთან? რატომ? და რისთვის? სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ ისიც, რომ ამ ბოლო დროს იუთუბზე გამოჩნდა ნავალნის რუსეთის სამთავრობო წრეებთან დაკავშირებული კორუფციის ამსახველი ისეთი საინტერესო ფირები, რომ შესაძლოა ჩვენთვისაც არ იყოს ზედმეტი ამ ფორმატში მუშაობა. თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოს და ნამდვილად არა აქვს არავითარი მნიშველობა იმას, თუ ვინ ამბობს, მთავარია ის, თუ რას ამბობს, აზროვნება კი ადამიანს გააჩნია იმისათვის, რომ გაარჩიოს მან ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ტყუილი და მართალი. ამის გარჩევა კი არ არის ნამდვილად ადვილი, ანუ ძნელია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ოპოზიციონერი და პროვოკატორი, რომლებიც ცხოვრებაში ერთად გვხვდებიან. აგერ, მაგალითად, ნავალნი, ზის ის ციხეში და სამართლიანად იხდის სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის, ზოგი მისი ვიდეოც პროვოკაციული ხასიათის აღმოჩნდა და შესაფერისი პასუხიც გაეცა მას ამის შესახებ, მაგრამ თუ ყველაფერ ამასთან ერთად ის ეფექტურად ააშკარავებს კორუფციის რეალურ ფაქტებსაც და ამბობს სიმართლეს, რატომ არ უნდა დაუფასდეს მას ეს ღვაწლი და რატომ არ უნდა აღინიშნოს მისი მუშაობის პოზიტიური ასპექტიც? ძალიან, ძალიან საინტერესოა დემოკრატიულ გარემოში ცხოვრება! ოპოზიციური აზრი ნამდვილად უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ჭეშმარიტება და ტყუილი, მივიღოთ,როგორც წესი, მონაწილეობა კამათში და ყოველგვარი ჩხუბის და ყვირილის გარეშე შევეცადოთ დავამტკიცოთ ჩვენი პოზიციის სიმართლე.

და ბოლოს: ხშირად კითხულობენ: ვინ არის გახარია? გახარია არის ის, ვისაც ენდობა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და სჯერათ ისიც, რომ მას შუბლზე აწერია: “გადაარჩინე საქართველო!“ მეც ვთვლი ასევე, რომ ღმერთმა მისცა მას დიდი შანსი საქართველოში მდგომარეობის გამოსასწორებლად! მჯერა იმისაც, რომ საბოლოოდ ბ-ნი გიორგი ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, იმაზეც, თუ რა მოხდა 20 ივნისს?! როგორც ჩანს, იქ მართლა ხდებოდა რაღაც ისეთი, რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით... ყოველ შემთხვევაში ბელორუსიის მოვლენების შემდეგ აღარაფერია გასაკვირი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნიკანორ მელია აქ არაფერ შუაშია და მას მხოლოდ ეროვნული ინტერესები ამოძრავებდა! ისე ბ-ნი გიორგი იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და რატომ არ გამოიძია ბოლომდე ყველაფერი? დრო არ იყო? მჯერა, მოვა დრო და ყველაფერს გავიგებთ! არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი! ვხედავ, ხალხი სულ უფრო და უფრო იკრიბება გახარიას ირგვლივ, ღმერთმა ქნას და არ გაუცრუვდეთ მათ ეს იმედები!!!

და კიდევ: კორუფციასთან, სამართლის სფეროში არსებულ დარღვევებთან, ბიუროკრატიასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლის შესანიშნავი პროექტები აქვს სააკაშვილს. მისი ყოველი გამოსვლა უკრაინაში საყურადღებოა და მნიშვნელოვანი! ეს არ არის მხოლოდ უბრალო სტატისტიკა და ფაქტების უბრალო დასახელება, რასაც დღეს უკვე ბევრი აკეთებს; ეს არის შექმნილი ვითარების სერიოზული ანალიზი და იქიდან გამოსავალი გზების ჩვენება. იქნებ დაგვემთავრებინა როგორმე მიშას ოთხ პიჯაკზე დაუსრულებელი საუბარი და იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებსაც ოთხ-ოთხი სასახლე აქვს თითოეულს თავისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე აშენებული, არ მიგვეცა საჯიჯგნად და შესაჭმელად ეს კაცი. მიშა საჭიროა საქართველოსთვის და ამაში ალბათ მალე დავრწმუნდებით! დღეს კი "ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ!“ ნამდვილად არავის წინააღმდეგ და არც კიდევ არავის ჯინაზე!

გილდა სიხარულიძე

იხილეთ მეტი

(R)