"როცა სატვირთო მის მანქანას შეეჯახა, აშშ-დან დაბრუნებული ქალიშვილის სანახავად მიდიოდა" - კვირის პალიტრა

"როცა სატვირთო მის მანქანას შეეჯახა, აშშ-დან დაბრუნებული ქალიშვილის სანახავად მიდიოდა"

12 ივნისს, კრწანისის ქუჩაზე მომხდარ ავარიას გუშინ მესამე ადამიანი ემსხვერპლა. "ნიუ ჰოსპიტალის" ეზოში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულ 49 წლის მურმან ლომიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ორი დღე იბრძოდნენ ექიმები, თუმცა ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. გარდაცვლილი მამაკაცი მუსიკალურ წრეებში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი დრამერია, რომელიც წლების წინ, "მთვარის კლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ...

მურმანს გუშინ სოციალურ ქსელში კოლეგები იხსნებდნენ.

ია მანიჟაშვილი და მისი მეუღლე დავი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობენ და ახლოს იცნობდნენ როგორც გარდაცვლილს, ასევე მის შვილებს, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მამის გზა აირჩია და კარიერის გასაგრძელებლად შტატებში წავიდა...

ია მანიჟაშვილი:

- მურმანს ორი შვილი ყავს - თინა და ამირანი... ორივე ამერიკაში ცხოვრობს. ამირანი მამის კვალს გაყვა და მუსიკოსია, აქ ნიუ - იორკში ბენდი - "the pandemic" ჰყავს. თინა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში, მამის და ახლობლების სანახავად. სწორედ თინას სანახავად მიდიოდა მურმანი და მისი საცხოვრებელ კორპუსთან კრწანისის ქუჩაზე შეუხვია, დაპარკინგებაც ვერ მოასწრო, როცა სატვირთო მას და კიდევ რამდენიმე მანქანას შეეჯახა. ორი დღე იბრძოდნენ ექიმები მის გადასარჩენად. ხერხემლის მძიმე დაზიანება ჰქონდა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვების გამო გარდაიცვალა. რამდენიმე კვირაში ხმის ჩამწერ სტუდიას ხსნიდა ბაგებში, გოგიტა მაისურაძესთან ერთად და აი, ასეთი მოულოდნელი, ტრაგიკული ამბავი მოხდა.

ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სასწაულად ნიჭიერი მუსიკოსი, პროფესიონალი, თავმდაბალი, უკეთილშობილესი ადამიანი. ოჯახი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მეორე შვილიც მოფრინავს საქართველოში.

- ია, მურმანს ძალიან ახლოს იცნობდნენ მუსიკალურ წრეებში, თქვენც ალბათ პროფესიული მეგობრობა გქონდათ?

- 2006 წელს ერთ-ერთ რადიოში დავიწყე მუშაობა, სადაც მურმანი ხმის რეჟისორად მუშაობდა, იქ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. როცა გავიგე "მთვარის კლუბში" უკრავდა, გამიხარდა, გაუკვირდა, რომ მათი ყველა სიმღერა ვიცოდი. ხომ იცით, როგორც ხდება, ყველამ სოლისტი იცის, დრამერი და გიტარისტები ან კლავიშზე ვინც არის, ნაკლებად ამახსოვრდება ხალხს.. არადა, კარგი მუსიკალური ჯგუფი სწორედ კარგი მუსიკოსებისგან შემდგარი ერთობა და ჰარმონიაა. ეს იყო ადამიანი დღესასწაული თავისი გამორჩეული იუმორით.

მახსოვს რადიოში თვეების განმავლობაში ხელფასს არ გვიხდიდნენ, ყველანი ვაპროტესტებდით, მოთხოვნებს ვუყენებდით ჩვენ მაშინდელ უფროსს. მურმანს არასოდეს არაფერი უთქვამს თავის საქმეს ჩუმად აკეთებდა. ჩვენ პატარები ვიყავით, ის ჩვენზე უფროსი იყო - 30-32 წლის. რომ ხედავდა ხელფასს არ გვიხდიდნენ, გადიოდა შუადღეს, ლანჩი მოჰქონდა ყველასთვის და გვიმასპინძლდებოდა. გგონიათ ერთხელ? - თვეების განმავლობაში აკეთებდა ამას. ეს დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის.

დავი (მუსიკოსი, მურმან ლომიშვილის უახლოესი მეგობარი):

- მურმანი გავიცანი დაახლოებით 20 წლის წინ. ერთ-ერთ რადიოში ერთად ვმუშაობდით. იმ დღიდან მოყოლებული ამ ადამიანით ვიყავი აღფრთოვანებული. ის იყო უნიჭიერესი მუსიკოსი, ხმის რეჟისორი, დრამერი, ლეგენდარული ჯგუფის " მთვარის კლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. რაც ყველაზე მთავარი და აღსანიშნავია, იყო უნიკალური ადამიანი. ადამიანი რომელიც მუდამ სხვებზე ფიქრობდა, რომელიც ყველას იმედი იყო. გამოირჩეოდა თავისი ასევე უნიკალური იუმორით. პირადად მე, უამრავი რამ ვისწავლე მისგან, როგორც ხმის რეჟისურაში, ასევე ისიც, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი.

მას ჰქონდა უამრავი გეგმა, ჯგუფთან ერთად ახალ პროგრამზე მუშაობდა, გახსნეს ძალიან მაგარი სტუდია. გააგრძელეთ კითხვა