"ძლიერი წვიმის დროს ნიაღვარი ბინაში გვივარდებოდა... ჩემი აკვნის მაგივრობას ჭერში დაკიდებული ჰამაკი ასრულებდა"
გენიალური არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალებიდან 9 მაისს 9 წელი გავიდა. დიდია ამ ადამიანის ღვაწლი ქართულ თეატრსა და კინოში. დაუვიწყარია მისი შექმნილი როლები, თუმცა გამორჩეული კინოროლია დათა თუთაშხია, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა.
"დათა არის ის, როგორიც მინდოდა, ვყოფილიყავი, ოცნება კი ყოველთვის ძვირფასია... ამ როლზე ძალიან იოლად ვიმუშავე. მხოლოდ ტექსტის სწავლა დამჭირდა. ის სულში მიზის. "დათა თუთაშხია" ჯერ წიგნად არ იყო გამოცემული, თამაზ მელიავამ მანქანაზე ნაბეჭდი რომ მომიტანა. თამაზი რომ გარდაიცვალა, მერე თენგიზ აბულაძეს უნდა ორსერიანი ფილმი გადაეღო. ისიც ამბობდა, თუთაშხია ალბათ, ოთარი იქნებაო. საბოლოოდ ეს საქმე გიგა ლორთქიფანიძეს გადაეცა" - ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომლის შემოქმედებაშიც ეს როლი მართლაც დიდი და ოქროს ასოებით ჩაიწერა. ამ გმირის შემსრულებლად სხვა მსახიობი არც გაუსინჯავთ. აქცენტი თავიდანვე მასზე გაკეთდა, ბატონ ოთარს უნდა ეთამაშა და ეს თავიდანვე თვითონაც იცოდა.
"განგებამ დამაჯილდოვა, რომ ჩემით დაინტერესდნენ. არც თუთაშხიას როლი იქნებოდა, გიგა ლორთქიფანიძეს რომ არ ეთქვა სამხატვრო საბჭოსთვის, - თუ ოთარი არ შეასრულებს ამ როლს, არ გადავიღებო. არადა, რა ცოდო ვიქნებოდი, ამ როლს ჩემთვის გვერდი რომ აევლო! თავდაპირველად, თერთმეტ სერიას ვაპირებდით... მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი სცენა ამოიჭრა. შემდეგ "მოსკოვიც" ჩაერია და 7 სერიაზე დაიყვანა. როცა უკვე გადაღებული ნახეს, საბედნიეროდ, თქვეს: სურათი გამოვიდა და ხელს ნუღარ ახლებთო. ცენზურის თვალსაზრისითაც, რუსულ ვარიანტში ტექსტები ამოყარეს, თუმცა ქართულში ისე დარჩეს, როგორც საჭიროაო," - ყვებოდა მსახიობი...
"ოთარ მეღვინეთუხუცესი - ნიღბის მიღმა" - ასე დაარქვა ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტმა თავის წიგნს, რომელიც გენიალურ ქართველ მსახიობს მიუძღვნა, სადაც მას სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენს. წიგნში, რომელიც მეღვინეთუხუცესის გარდაცვალებიდან თითქმის 5 წლის შემდეგ გამოიცა, გენიალური მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების გზაა წარმოდგენილი. ერთგვარი აღსარება-მონოლოგია, საიდანაც საინტერესო ეპიზოდებს გთავაზობთ.
გზა პროფესიამდე და პროფესიაში
იღბლიანი არტისტის იმიჯის მიუხედავად, არც გაცრუებული იმედები დამკლებია და ტკივილიც საკმარისზე მეტი განმიცდია. მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერ კაცად ვთვლი თავს, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემ გვერდით იყვნენ ადამიანები, ვისიც ბოლომდე მჯეროდა - არავის უღალატია - არც ცხოვრებაში და არც საქმეში... ბოლოს მაინც თეატრმა გადამძალა... სკოლაში თანაკლასელი მყავდა - გურამ ჭიჭინაძე - სითამამით გამოირჩეოდა, კარგად მღეროდა, უკრავდა, იუმორის გრძნობა ჰქონდა, მე მორცხვი ვიყავი, მორიდებული და მასთან ურთიერთობა მომწონდა. ალბათ, ერთმანეთს ვავსებდით. ერთად მივედით "პიონერთა სასახლის" მხატვრული კითხვის კაბინეტში. მან შემდეგ სხვა პროფესია აირჩია.
ნოდარ ჩხეიძეს, ჩვენს პედაგოგს, ყველა "ბიჭიკოს" ვეძახდით, ჩემი მომავალი ამ კაცმა განსაზღვრა. უნიჭიერესი არტისტი და არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ. ჩემი თაობის ბიჭებს თეატრის სიყვარული ჩაგვინერგა... ეს იყო დაუვიწყარი უბედნიერესი ხანა ჩვენს ცხოვრებაში. იმართებოდა საღამოები, ვდგამდით სპექტაკლებს, ამ საქმის გარდა არაფრის კეთება არ გვინდოდა. ინსტიტუტში ჩემი საქმე უცნაურად წარიმართა. პირველი კურსის გამოცდები კარგად ვერ ჩავაბარე. იანვარში კინაღამ გამრიცხეს. ხდება ხოლმე, ზოგი ფრიადებზე ამთავრებს, მაგრამ საქმეს ბოლომდე ვეღარ მიჰყვება...
მთელი ჩემი ახალგაზრდობა ლილი იოსელიანის ზედამხედველობით გავატარე. თვალდახუჭული ვენდობოდი, ყველაზე მეტი მან მომცა. ლექციებს არაერთი ლეგენდარული ადამიანი მიკითხავდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში აკაკი ვასაძეს უდიდესი როლი აქვს. მოგვიანებით რუსთავის თეატრში ერთად მუშაობისას დავმეგობრდით. მანამდე მასთან პირველ სადიპლომო სპეტაკლზე მომიწია მუშაობამ... 1954 წელს ინსტიტუტს ვამთავრებდი, როდესაც აკაკი ხორავამ ერთი სპექტაკლი დადგა, ჩვენი ჯგუფი მონაწილეობდა. სამ მსახიობზე თქვა ჩემთან თეატრში წაგიყვანთო. მე პირადი მოტივი მამოძრავებდა და ამის გამო არ მინდოდა რუსთაველის თეატრში მისვლა. მარჯანიშვილის თეატრში წავედი... უფროსი თაობის მსახიობები ახალგაზრდებს ძალიან გვიფრთხილდებოდნენ, ვუყვარდით. აკაკი კვანტალიანი ჩვენი მამობილი იყო, ზრუნვას არ გვაკლებდა...
შეუდარებელი სასცენო პარტნიორი - მედეა ჯაფარიძე. როდესაც სპექტაკლს ვთამაშობ, დაწყების წინ მეკითხებიან, - თუ როგორ ვგრძნობ თავს, პასუხი ყოველთვის ერთია: მორჩება და მერე გეტყვით. სპექტაკლში "აურზაური არაფრის გამო" მედეა ჯაფარიძის პარტნიორი პირველად ვიყავი. ის ბიატრიჩე იყო, მე - ბენედიქტი. ერთ რეპეტიციაზე ხელი ჯიბეში ჩამიყო. ვიფიქრე, ალბათ, როლისთვის რაღაც დეტალი მოიფიქრა-მეთქი. დამთავრდა რეპეტიცია, ვნახე, კვერცხი ჩაუდია. სხვა დღეს ვაშლი მომაწოდა. ესეც ისეთ დროს, რომ ვერ მოვახერხე მეკითხა, - თუ რატომ. მივედი სახლში, მოვუყევი გურანდას ეს ამბავი და სიცილი აუტყდა - ჩემი ბრალია, მე ვუთხარი ქალბატონ მედეას, თუ ოთარი მშიერია, ცუდ ხასიათზეა, შეჭამს და კარგ გუნებაზე დადგებაო. თურმე ეს იყო ჩემი პროდუქტებით მომარაგების მიზეზი. მახვილ ჭკუასთან ერთად, ქალბატონ მედეას ასეთი გუყლუბრყვილობაც ახასიათებდა. მერე იყო ჩვენი შეხვედრა ფილმში "მზე შემოდგომისა" და სპექტალკლში "ოიდიპოს მეფე". არ შემხვედრია მსახიობი, რომელიც პარტნიორისთვის ამდენს იცლიდეს. ყოველი რეპეტიციისა და სპექტაკლის დროს გაძლევდა უამრავ შენიშვნას და იმავეს მოითხოვდა შენგან... გააგრძელეთ კითხვა