კახა კუჭავამ და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი - კვირის პალიტრა

კახა კუჭავამ და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა, საქართველოს პარლამენტსა და "ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს" (NDI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. როგორც კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია პარლამენტის შიგნით საკანონმდებლო და ზედამხედველობის ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

"ეს კიდევ უფრო მჭიდროს გახდის იმ თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა, როგორც NDI-სთან, ასევე ISFED-თან, ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რომელსაც ჩვენ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან მივიღებთ. საუბარია 3- წლიან პროგრამაზე, პარლამენტის შიგნით ჩვენი საკანონმდებლო და ზედამხედველობის ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ უფრო ინკლუზიური გახდეს პარლამენტი, საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეების მეტი ჩართულობა იყოს და რაც ყველაზე მთავარია, გაიზარდოს ნდობა პარლამენტის მიმართ, პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, მონაწილე იყოს. ამიტომ, ეს არის პროგრამა, რომელიც პარლამენტის საქმიანობის საკმაოდ მოცულობით თანხით დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა, ტექნიკური დახმარებაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რაც ყველაზე მთავარია, ახალი პროგრამები, რომელსაც პარლამენტი შემოგვთავაზებს, პირველ რიგში, მიზანმიმართული იქნება იმისკენ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს ჩვენი საქმიანობა",-განაცხადა კუჭავამ.