"გამეცინა" - რა უპასუხა კახა კუჭავამ გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვაზე - კვირის პალიტრა

"გამეცინა" - რა უპასუხა კახა კუჭავამ გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვაზე

პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა დაიბაროს თუ არა საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია გამოკითხვაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე.

მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

"იმ შემთხვევაში თუ კითხვა ჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს და აქ გვარებზე არ უნდა წავიდეთ, პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა. იქნება ეს პარლამენტში საგამოძიებო კომისია თუ შესაბამის უწყებებში არსებული საგამოძიებო კომისია. ფაქტია, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს" , - განაცხადა კუჭავამ.

კითხვაზე, რატომ გააქტიურდა "ქართული ოცნების" კრიტიკა გიორგი გახარიას მიმართ და ახლა რატომ გაჩნდა კითხვის ნიშნები მის მიმართ, კუჭავა პასუხობს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.

"პროცესს რომ მივადევნოთ თვალი, ეს არ არის მხოლოდ "ქართული ოცნების" კრიტიკა, ეს არის კრიტიკული განცხადებები ყველა მხრიდან და ალბათ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რომლის მონაწილე არის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი. პოლიტიკური ჯგუფი როდესაც განაცხადებს, რომ ის შემოდის პოლიტიკაში, ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მას უჩნდება კრიტიკული კითხვები და ცდილობს, რომ კრიტიკული პოზიცია დაიჭიროს, შესაბამისად კრიტიკა მოყვება მეორე მხარიდან" , - განაცხადა კუჭავამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის? პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: "გამეცინა".

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გიორგი გახარიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი შეფასებით, კითხვები, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებითაა დაგროვილი, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს არასწორად დაგეგმილ ოპერაციებს უკავშირდება, რის მაგალითადაც მან პანკისში, სვანეთში, კლუბ "ბასიანში" და 20 ივნისის ღამეს ჩატარებული ოპერაციები დაასახელა. კობახიძის აზრით, შესაძლებელი იყო 20 ივნისის მოვლენებისას ოპერაციის უფრო "რბილად", მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებით ჩატარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმე "ტყვიებამდე არ მისულიყო". რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ინტერვიუს დროს კობახიძემ გახარიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "გუნდმა იხილა ღალატი". კობახიძე ეჭვობს, რომ გახარია "გავლენის ქვეშ მოქმედებდა", თუმცა იქვე დასძენს, რომ "არ აქვს მტკიცებულება, გახარიას უშუალოდ სააკაშვილთან აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი".