"ცეცხლოვანი ბუშტები" - რას წარმოადგენს არაბების ებრაელებზე შეტევის ახალი იარაღი
ისრაელის ახალ მთავრობას პირველად მოუწია საპასუხო სარაკეტო დარტყმები მიეყენებინა ღაზას სექტორში მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა 15 ივნისს გაშვებული საჰაერო ბუშტებით 26 ხანძარი გამოიწვიეს ისრაელის ტერიტორიებზე.
საჰაერო ბუშტი ვის არ გაუშვია ბავშვობაში, მაგრამ "ცეცხლოვანი ბუშტების" გაშვებით დღეს მოზრდილი არაბები არიან დაკავებულნი.
ისინი ჩვეულებრივ საჰაერო ბურთებს, რომლებიც მსუბუქი აირითაა გავსებული, ჰკიდებენ ცეცხლის გამჩენ, სითხიან მარტივ მოწყობილობას, დაელოდებიან, ქარი როდის დაუბერავს ისრაელის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ და ჰაერში უშვებენ ამ "ცეცხლოვან ბუშტებს".
"ცეცხლოვანი ბუშტების" იდეა არ ახალია, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელები დიდ საჰაერო ბურთებს უშვებდნენ აღმოსავლეთი მიმართულებით, რომ მათ გადაეკვეთათ წყნარი ოკეანის თავზე საჰაერო სივრცე და მიეღწიათ ჩრდილო ამერიკის დასავლეთი სანაპიროსთვის, რათა იქ ტყის ხანძრები გამოეწვიათ. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტები სადაზვერვო ფოტორადიოაპარატურით აღჭურვილ აეროსტატებს უშვებდნენ დასავლეთი ევროპიდან აღმოსავლეთით, საბჭოთა კავშირის მიმართულებით. საჰაერო ნაკადების გადაადგილების მონაცემებზე დაყრდნობით, გაშვებული ამ სადაზვერვო აეროსტატების ნაწილი მართლაც კვეთდა საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ტერიტორიას და წყნარ ოკეანეში ეშვებოდა, სადაც მათ რადიოშუქურას ამოქმედების შემდეგ პოულობდნენ. საბჭოთა პერიოდში ასეთ აეროსტატებს საქართველოს თავზეც არაერთხელ გადაუფრენია.
დავუბრუნდეთ პალესტინელების "ცეცხლოვან ბუშტებს". მათი მიზანმიმართულად გამოყენება, რომ კონკრეტულ ადგილში გააჩინოს ცეცხლი, შეუძლებელია, თუმცა პალესტინელებისთვის ეს სულერთია, რადგან რაკეტებზე ბევრად იაფი "ცეცხლოვანი ბუშტების" მასობრივი გამოყენებით გაჩენილი ხანძრებით ისინი ისრაელს გარკვეულ ეკონომიკურ ზიანს მაინც აყენებენ.
ეს იყო პირველი ახალი შეირაღებული დაპირისპირება არაბებსა და ებრაელებს შორის ბოლო 11-დღიანი სარაკეტო ომის შემდეგ, რომელიც 10-21 მაისს გაიმართა. პალესტინელების გაღიზიანება ებრაელთა მემარჯვენე, რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმში მოწყობილმა აღლუმმა და ათასობით დროშის ფრიალმა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ აღლუმი თავდაპირველად 10 მაისს, იერუსალიმის დღის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო.
ისრაელის სამხედროებმა პალესტინელი არაბების მიერ გაშვებული რაკეტების ჩამოსაგდებად "რკინის გუმბათის" ანტისარაკეტო სისტემა კი შექმნეს, მაგრამ 30-40 ათასდოლარიანი რაკეტით ერთდოლარიანი საჰაერო ბუშტების ჩამოყრა არასერიოზული იქნებოდა.
ამიტომაც ისრაელი ქმნის "ლაზერული ქვემეხის" მობილურ დანადგარს, რომელსაც 2 კმ-ის რადიუსში შეეძლება არაბების მიერ გაშვებული "ცეცხლოვანი ბუშტების" ჩამოგდება, ლაზერის სხივით ბუშტის გახვრეტის შემდეგ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს