"სტალინის ქალიშვილმა სვეტლანამ მხოლოდ ერთი სიტყვა იცოდა ქართულად..."
"სვეტლანა "კავკასიური ცარცის წრის" სანახავად რომ წავიყვანე პირველად და კახი კავსაძე გამოვიდა სცენაზე, ცუდად გახდა და დარბაზიდან გაიყვანეს. ანტრაქტზე რომ გამოვედი, ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი? გაჭრილი ვაშლივით ჰგავს კახი კავსაძე ჩემს ქმარსო. მერე პიტერსის ფოტოები მაჩვენა და გავგიჟდი, კახის ორეულია..."
ჩვენი რესპონდენტი მუსიკოსი, კონცერტმაისტერი და პედაგოგი ლეილა სიყმაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სპექტაკლი და ფილმი გააფორმა მუსიკალურად, მიაჩნია, რომ განსაკუთრებული პოპულარობა და სიყვარული მაინც "კავკასიურმა ცარცის წრემ" მოუტანა. რაც შეეხება პედაგოგიურ საქმიანობას, ამბობს, რომ ბევრი ცნობილი პიროვნება ყოფილა მისი მოსწავლე. მათ შორის დიდი სიყვარულით იხსენებს სტალინის შვილიშვილს, სვეტლანა ალილუევას ქალიშვილ ოლგა პიტერსს. 1984-86 წლებში ოლგა დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.
- სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ემიგრაციაში 1967 წელს გაემგზავრა. 1970 წელს ამერიკაში არქიტექტორ უილიამ პიტერსს გაჰყვა ცოლად. სპრინგფილდში ცხოვრობდნენ. 1971 წელს შეეძინათ ქალიშვილი ოლგა პიტერსი... სვეტლანა "კავკასიური ცარცის წრის" სანახავად რომ წავიყვანე პირველად და კახი კავსაძე გამოვიდა სცენაზე, ცუდად გახდა და დარბაზიდან გაიყვანეს. ანტრაქტზე რომ გამოვედი, ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი? გაჭრილი ვაშლივით ჰგავს კახი კავსაძე ჩემს ქმარსო. მერე პიტერსის ფოტოები მაჩვენა და გავგიჟდი, კახის ორეულია. "наконец-то я на родной земле" - ამბობდა ჩამოსვლის შემდეგ.
- რუსულად ლაპარაკობდა?
- მხოლოდ ერთი სიტყვა იცოდა ქართულად - დედა. როგორც მიამბობდა, სტალინის ცოლის ძმა პავლიკა თბილისში იყო დაბადებული და სუფთად ლაპარაკობდა ქართულად. როცა საიდუმლოდ უნდოდათ რამის თქმა, თურმე სტალინი და პავლიკა ქართულად საუბრობდნენ. სპრინგფილდიდან სვეტლანა თავდაპირველად მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ უფროს შვილებთან ურთიერთობა ვერ ააწყო.
- მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობენ, შვილების თხოვნით დაბრუნდა... - ეგ ტყუილია. აშშ-ში მოუხდა რაღაც უსიამოვნება და... როცა საქართველოშიც უსიამოვნება მოუვიდა, აქედანაც გაიქცა. ასე სჩვეოდა... მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა, მისცეს სამოთახიანი ბინა ჭავჭავაძის 75-ში, გამოუყვეს შავი "ვოლგა", მანგლისში - კოტეჯი. სვეტლანა ამბობდა, რომ სამუდამოდ საქართველოში უნდა ეცხოვრა. თავდაპირველად ოლია მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა. სვეტლანამ გადაწყვიტა, რომ მის ქალიშვილს უნდა ესწავლა რუსულიც, ქართულიც, ცეკვაც, სიმღერაც... ოლია ცხენოსნობამაც გაიტაცა და ჩემი მანქანით დამყავდა ხოლმე იპოდრომზე.
- თქვენ შესახებ საიდან შეიტყვეს? - მამაჩემი დიდი სტალინისტი იყო. სახლში ბელადის უზარმაზარი სურათი გვეკიდა, ჭერიდან იატაკამდე, ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული. 1956 წლის 9 მარტს სანაპიროზეც ვყავდით წაყვანილი მე და ჩემი ძმა. სულ რამდენიმე წუთით გამოვასწარით იმ უბედურებას. დედაჩემი კი სტალინის ხსენებაზე სიმწრით იკლაკნებოდა, რადგან სანდრო ახმეტელის ბიძაშვილი იყო...
1984-ში სვეტლანას თბილისში ჩამოსვლა თურმე გასაიდუმლოებული იყო. ერთ საღამოს რეკავს ტელეფონი. ავიღე ყურმილი და ვიღაცამ ლეილა გიორგიევნა იკითხა, - თქვენ გესაუბრებათ სვეტლანა ალილუევა, სტალინის ქალიშვილი.
მეგონა, ნანული სარაჯიშვილი და გია ფერაძე მემაიმუნებოდნენ, კახურად გემრიელად შევიგინე და ყურმილი დავახეთქე, მაგრამ მაშინვე დაირეკა, ლეილა გიორგიევნა, არ დაკიდოთ, თქვენთან ლაპარაკობს სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევაო. ხომ ვიჯექი, მომენტალურად ფეხზე წამოვდექი, წელში გავიმართე და ვიგრძენი, პირი როგორ გამიშრა. თქვენი ნომერი ეთერ გუგუშვილმა მომცა, არ იცით, რომ საქართველოში დავბრუნდიო?..
შვილთან, ოლია ქრისტინესთან (ოლია - ბებიას სახელი, ქრისტინე - ნათლობის) ერთად თბილისში ვარ და მინდა ჩემმა ქალიშვილმა ქართული სიმღერა და დაკვრა ისწავლოს, ამიტომ თქვენ ჩვენთან ივლით ორშაბათს და ხუთშაბათს, 6 საათზეო, მბრძანებლური ტონით მითხრა, მერეღა დასძინა - შეძლებთო? როგორ ეტყვი, არაო?! ორშაბათს ვეწვიე. ზღაპრული სუფრა დამახვედრა. საოცარი მზარეული იყო.
- როგორ, თვითონ ამზადებდა? - აბა, ვის შეუშვებდა სამზარეულოში?! პირველად მასთან გავსინჯე გამომცხვარი ვაშლი ქიშმიშით, ბრინჯით, თაფლითა და ნიგვზით. როგორც მითხრა, ლოლიამ (სტალინის მზარეულმა) ასწავლა.
რომ გამიმასპინძლდა, მერე ინსტრუმენტს მივუჯექი და ვიმღერე. ოლიას ისე მოეწონა, თქვა, მეც მინდა, ასე სიმღერა და დაკვრა შემეძლოსო. ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. ნანი ბრეგვაძის რეპერტუარს, გოგი ცაბაძის, რევაზ ლაღიძის სიმღერებს - რას არ მღეროდა. "ვერის უბნის მელოდიების" სიმღერები ზეპირად იცოდა.
სხვათა შორის, სტალინის სახლ-მუზეუმში გვითხრეს, ის ისეთი მუსიკალური იყო და ისეთი აბსოლუტური სმენა ჰქონდა, პოლიტიკაში რომ არ წასულიყო, მუსიკაში მწვერვალებს დაიპყრობდაო...
სვეტლანა პარასკევს საღამოს მიდიოდა მანგლისში და მემუარებს წერდა, რომელიც შემდგომ ამერიკაში გამოსცა და მილიონი დოლარი აიღო ჰონორარი. ოლია ისე მომეჩვია, დედას მეძახდა. ამაზე სვეტა ეჭვიანობდა. მე და ოლია სულ ერთად ვიყავით, ჩემი ყველა სპექტაკლი ნახა 5-5-ჯერ.
ერთხელ ინსპექტორმა გამაჩერა. რაშია საქმე-მეთქი? დაარღვიეო. იცი, ვინ მიზის მანქანაში-მეთქი? ვინო? სტალინის შვილიშვილი-მეთქი. თუ ლენინისო? მაინც წამიყვანა განყოფილებაში. ამის მერე რა მოხდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ!..
ერთხელ ღამის 2 საათია, თავსხმა წვიმაა და ოლია მირეკავს: დედა, ჩქარა მოდი, წამიყვანე, ვაკის პარკთან ვარ, ტელეფონის კაბინაშიო. მანდ რა აკეთებ-მეთქი? დედაჩემმა გამომაგდო სახლიდანო. იშვიათად სვამდა, მაგრამ როცა სვამდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა. მოვიყვანე ბავშვი გაწუწული, გაყინული... მეორე დღეს ბავშვი რომ მივიყვანე, მითხრა: "Я вам запрещаю лезть в мою семъю". ხშირად უხეშობდა, ძერჟავული ხასიათი ჰქონდა. რბილი მხოლოდ პატრიარქთან იყო. კვირაობით დადიოდა მასთან, დიდხანს საუბრობდნენ...
- ოდესმე გულითადად გისაუბრიათ? - მამას იხსენებდა ხშირად. დედაჩემი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ნათესავები დამიპატიმრაო... ერთხელ როცა ვუთხარი, მამა, ნათესავი აღარ დამრჩა გარეთ-მეთქი, მიპასუხა, ბევრს თუ იადვოკატებ, შენც ჩაგაყუდებო. მაინც უკითხავს ალილუევებზე, რატომ დაიჭირეო? ბევრი იცოდნენ და ბევრს ტლიკინებდნენო, უპასუხია სტალინს.
ერთხელ მიამბო: "პატარა რომ ვიყავი, აგარაკზე მამას კაბინეტში შევიპარე. მოულოდნელად წამომადგა და თავზე ხელი გადამისვა, სეტანკა (ასე მეძახდა), აქ რას აკეთებო... მამა, აქ რამდენი წიგნიცაა, ყველა წაკითხული გაქვს? ეს რა წიგნია, ყველაზე სქელი-მეთქი? ეს ბიბლიააო, მითხრა მამაჩემმა. ბიბლია რას ნიშნავს-მეთქი? ღვთის წიგნსო. შენ ხომ ამბობდი, ღმერთი არ არსებობსო? - ვკითხე მაშინვე. მომიალერსა და მითხრა, არსებობს ღმერთი, სეტანკა, არსებობს!"
14 წლის იყოს ოლია, თბილისში რომ ჩამოვიდა. ამასობაში ორი წელი გავიდა... 1986 წელია, გასტროლებზე ერთი თვით მივდივარ ავსტრალიაში. ოლიას ვუთხარი, რვა გაკვეთილი ვერ მოვალ, დაგიწერ და დაგიტოვებ რვა ნაწარმოებს და ჩემს ჩამოსვლამდე ისწავლე-მეთქი... მოსკოვში სასტუმრო "სოვეტსკაიაში" დავბინავდი. რესტორნიდან ამოვდივარ და ვხედავ - დერეფანში ოლია მოდის! სანამ შევიცხადებდი, ტუჩებზე ხელი მიიდო, ჩუმადო და ნომერში შემომყვა. აქ რას აკეთებ-მეთქი? მივდივართ ჯერ ლონდონში და მერე აშშ-შიო. დედამისს შევარდნაძესთან მოსვლია შელაპარაკება - ყველგან უშიშროების თანამშრომლები დამდევენო. ოლიას არ უნდოდა საქართველოდან წასვლა, ქართველი ბიჭი უყვარდა და უნდოდა, ცოლად გაჰყოლოდა.
- ახლა ცოცხალია ის ბიჭი? - კი... მე და ოლიამ ტირილით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. ამერიკაში რომ ჩავიდნენ, დავურეკე. სვეტლანამ, აღარ გაბედოთ აქ დარეკვაო.
- მას შემდეგ ურთიერთობა არ გქონიათ? - 1993 წელია, დედაჩემის პანაშვიდზე დამირეკა: "ლეილაჩკა, ეტო სვეტლანა..." დიდხანს მელაპარაკა. დედაჩემის ამბავი საუბრიდან გაიგო და შეიცხადა. მერე კი - რაშია საქმე, სოხუმსა და აფხაზეთში რა ამბავი ატეხეთო? კიდევ ჩვენ ავტეხეთ?! წაიღეს მიწა-მეთქი. მიწის გულისთვის უნდა დახოცოთ ქართველი ბიჭებიო?! სამაჩაბლოზე რას იტყვი-მეთქი? არა, სამაჩაბლო ჩვენიაო!
- ოლია აღარ გამოჩენილა? - ჩემთან არა, ის ვიცი, რომ თბილისელი შეყვარებული ურეკავდა ამერიკაში. კარგა ხნის წინ რუსეთის მთავარი არხიდან დამიკავშირდნენ, გადაცემას ვაკეთებთ სვეტლანაზეო და მიმიპატიჟეს. ვუთხარი, ჩემი ფეხი მანდ არ იქნება-მეთქი. ამიტომ ტელეხიდი გააკეთეს. აინტერესებდათ, როგორი დედა იყო სვეტლანა. მოვუყევი, ჩემ თვალწინ როგორ სცემა ტანსაცმლის საკიდით ოლიას, როგორ გამოკეტა სააბაზანოში და კარი დაულურსმა... ასე იცოდა, თუ მის ჭკუაზე არ გაივლიდა. როცა ნასვამი იყო, სხვანაირი ხდებოდა.
ოლგა პიტერსი ვერ იტანს თავის წინაპრებს...
ოლგა პიტერსმა სახელი და გვარი გამოიცვალა. ამჟამად ის კრის ევანსია (ევანსი ქმრის გვარია), ცხოვრობს პორტლენდში. შვილი არ ჰყავს. კრის ევანსი ბუდისტია. აქვს პატარა მაღაზია, სადაც აზიიდან ჩამოტანილი სამოსი და ანტიკვარიატი იყიდება. ხშირად იცვლის იმიჯს, გატაცებულია ტატუებით და პირსინგით. კრის ევანსი სოცქსელში უფრო აქტიურობს, ვიდრე - ჟურნალისტებთან. ამბობს, რომ ვერ იტანს თავის წინაპრებს - ვერც სტალინს და ვერც მის ცოლს, რომლებმაც დედამისს, სვეტლანას, ცხოვრება დაუნგრიეს. 21 მაისს ოლგამ 50 წლის იუბილე აღნიშნა.
სვეტლანა ალილუევა 2011 წლის 22 ნოემბერს, 86 წლის ასაკში, რიჩლენდში (ვისკონსინის შტატი, აშშ), მოხუცთა თავშესაფარში, მსხვილი ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა. უცნობია მისი საფლავი. როგორც ადგილობრივი დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელმა ჟურალისტებს განუცხადა, სვეტლანა ალილუევას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მათთან იყო მისი ქალიშვილი კრის ევანსი, რომელმაც გააფორმა საბუთები, რომ დედის გარდაცვალების შემთხვევაში თანახმა იყო მისი ცხედრის კრემაციაზე. ასეც მოხდა, რის შემდეგ მას დედის ფერფლი ფოსტით გაუგზავნეს. ბელადის ქალიშვილის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ მისი პირადი საქმე გახსნა, რომელიც 233 გვერდისგან შედგებოდა. რა შინაარსის არის სტალინის ქალიშვილის პირადი საქმე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ დასავლეთში წავიდა, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ეფ-ბი-აის აგენტები მას დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.