"ხილვები მქონდა, რომელიც რამდენიმე დღე გამიგრძელდა... ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი რომ დამეწყო, გიჟად ჩამთვლიდნენ..." - კვირის პალიტრა

"ხილვები მქონდა, რომელიც რამდენიმე დღე გამიგრძელდა... ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი რომ დამეწყო, გიჟად ჩამთვლიდნენ..."

"მივხვდი, ადამიანები რატომ ვერ აღიქვამენ ნახატებს ადვილად. სადაც დიდი სიბრძნე დევს, იქ დიდი ლოგიკა და ცოდნაა საჭირო"

უცნაური მხატვრებისა და მათი ნამუშევრების სია არცთუ ისე დიდია. სანამ უშუალოდ ლაშა არსენიძეზე ვილაპარაკებ, მინდა რამდენიმე უცნაური მხატვრის შესახებ გიამბოთ, რომლებიც ხატვისას სხვადასხვა მეთოდს იყენებენ: მილი ბრაუნი ღებინების შედეგად მიღებული მასით ხატავს, ვინიცი კესადა - ადამიანის სისხლით, კირა აინ ვარზეგი - მკერდით, ანი ქეი ნახატებს ენით ქმნის, ჩინელი სიან ჩენი კი - თვალებით.

"მთელ ზაფხულს ყანაში ვატარებდი. სხვა ბავშვები რომ თამაშობდნენ, მე თოხი მეჭირა ხელში და ბაბუას ვეხმარებოდი - ვიცოდი, ოჯახს ასე სჭირდებოდა. დღეს სათოხარში, მოსავლის აღებაში გატარებულ წლებს და ბაბუასთან მეგობრულ ურთიერთობას ტკბილად ვიხსენებ" - ლაშა არსენიძე უნიკალური ნიჭის ადამიანია. ის გამორჩეულად ხატავს, რაც უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს, ხატვისას მხოლოდ ფეხისგულებს იყენებს, მისი ინსპირაციის წყარო კი ხილვებია.

- ხატვა 2018 წელს დავიწყე. ხილვები მქონდა, რომელიც რამდენიმე დღე გამიგრძელდა. ამას ისეთი ძალით ვგრძნობდი, ვერ ვუძლებდი და სმა დავიწყე. მერე გადავწყვიტე, ეს ემოცია როგორმე გადმომეცა. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი რომ დამეწყო, გიჟად ჩამთვლიდნენ. ჩემთვის ძალიან უცხო იყო ფუნჯი და ტილო. ნახატს აღვიქვამდი როგორც სურათს, თუმცა დღეს ჩემი ხელოვნებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ მხატვრობაში ძალიან დიდი სიბრძნე დევს. იმასაც მივხვდი, ადამიანები რატომ ვერ აღიქვამენ ნახატებს ადვილად. სადაც დიდი სიბრძნე დევს, იქ დიდი ლოგიკა და ცოდნაა საჭირო.

- როგორც ვიცი, საზღვარგარეთ ცხოვრობდით. რა იყო ამის მიზეზი? - 90-იან წლებში ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა, რის გამოც მშობლებმა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეს... დედა, ჩემი მეუღლე და შვილები ახლაც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, იქ საკუთარი სახლიც გვაქვს.

- რას ნიშნავს ფეხისგულებით ხატვა?

- ჩემი მიზანი იყო, მიმეგნო ისეთი ტექნიკისთვის, რომელიც მსოფლიოში არავინ იცოდა. ეს იყო ფეხისგულების ანაბეჭდები. ამგვარი ანაბეჭდები უამრავ ფერსა და ფორმას წარმოქმნის და ნახატი თითქოს უსასრულო ხდება.

- ყველა მხატვარს აქვს ინსპირაციის წყარო. რა არის თქვენი მუზა და რით საზრდოობთ, როგორც ხელოვანი? - ჩემი ინსპირაციის წყარო არის სამყარო, კოსმოსი, საიდანაც ვიღებ ვიბრაციას, ვიბრაცია კი ჩემს გონებაში ინფორმაციად გადაიქცევა, რომელიც შემდეგ ტილოზე გადმომაქვს. ხელოვნება მავითარებს, ადამიანების იოლად ამოცნობა შემიძლია.

- რამ გადაგაწყვეტინათ, მხატვარი გამხდარიყავით? - კოსმოსიდან მოსულმა ფერთა გამამ. ხატვის პირველ ეტაპზე ძალიან დიდ სირთულეებს წავაწყდი - მე ხომ ხატვა არ ვიცოდი! მაგრამ მონდომებაა საჭირო და ყველაფერი გამოგივა. ვხატავ არა ფეხის გასმით, არამედ მხოლოდ ანაბეჭდებით. ჩემი მხატვრობა დაიწყო ხილვებით. ვხედავდი ფერთა სამყაროს, მილიარდობით ფერსა და ფორმას, რომელთა სიტყვით აღწერა შეუძლებელია. ბევრი ფიქრის შემდეგ კი მივაგენი ამ მეთოდს, თუმცა ტილოზე იმის ძალიან მცირედის გადმოტანა შევძელი, რასაც ვხედავ. დღეს არ არსებობს ტექნოლოგია, რომ ის სამყარო, რომელსაც მე ვხედავ, ადამიანებს ვაჩვენო. ეს ენით აღუწერელი სასწაულია.

- ნახატს ადებთ შტრიხკოდებს და ამბობთ, რომ ამის გაშიფვრა მომავლის საქმეა. რას გულისხმობთ? - ეს არის ხილვებში დანახული ფორმები, რომლებიც შტრიხკოდებს ჰგავს და ამ ინფორმაციის გამხელა არ შეიძლება, ეს მომავლის საქმეა. მართალია, ერთმა ადამიანმა ნაწილი გაშიფრა, მაგრამ ეს ქალბატონი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ის შიფრებიც თან წაიღო.

- ეკლესია რას ამბობს თქვენს ხილვებსა და ხატვის მეთოდზე? - დადებითად უყურებენ ამ ყველაფერს. მოგეხსენებათ, ბერებს სამყაროს აღქმის უნარი ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთ აქვთ განვითარებული, ზოგს მესამე-მეოთხე განზომილებაში ხედვაც შეუძლია, ასე რომ, კარგად ხვდებიან, რას ვხატავ...

- თუ საიდუმლო არ არის, რა ღირს თქვენი ნახატები? - ბოლო გამოფენაზე ორი ნახატი ყველა ნახატზე ძვირად გაიყიდა. ეს არის ტყუპი - ორი ნახატი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მათი შინაარსი განსხვავებულია. მათი ფასი იყო ორმილიონ-ნახევარი ლარი.

- მხატვრობის გარდა რას საქმიანობთ? - მე პოლიტიკოსი ვარ. 2020-ში ვიყავი დეპუტატობის კანდიდატი, ამჟამად აქტიურად ვარ ჩართული პროცესებში. მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვაა.

- როცა ხილვებზე ლაპარაკობთ, ხალხს რა რეაქცია აქვს? - ხალხს ეს არ ესმის, თუმც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამის სჯერათ.

- გამოფენას გეგმავთ? - გამოფენა აუცილებლად უნდა გავმართო, მაგრამ პანდემიამ ძალიან შემიშალა ხელი. საზღვარგარეთაც მქონდა დაგეგმილი გამოფენა, მაგრამ ჩამეშალა.

- თქვენი სახელი, როგორც ხელოვანის, ისტორიას დარჩება? - რა თქმა უნდა, დარჩება - მე ხომ კულტურას ვქმნი. ხელოვნება ერთადერთი რამ არის მსოფლიოში, რაც საუკუნეებს უძლებს. სამ წელიწადში ორასამდე ნახატი მაქვს შექმნილი. ალბათ, მომავალში კიდევ უამრავს შევქმნი.

- გარდა მხატვრობისა, რა არის თქვენი ჰობი? - ჩემი ჰობია ცხოველებსა და ფრინველებთან ურთიერთობა. მაქვს პატარა ფერმა, სადაც მყავს ძაღლები, ქათმები და იხვები. რა თქმა უნდა, მათ ხორცს არ ვჭამ. მათ ეს იციან და ძალიან უხარიათ ჩემი დანახვა.

ზურა სოლომნიშვილი