"ფეხბურთელი თუ შეიძლება მერი გახდეს, მეურნე რატომ არ შეიძლება?!" - კვირის პალიტრა

"ფეხბურთელი თუ შეიძლება მერი გახდეს, მეურნე რატომ არ შეიძლება?!"

"სანამ ამათ ძალას არ დაანახებ, არ გაჩერდებიან, საკუთარი კუნძულის აშენებით არიან დაკავებული"

ფრაქციამ "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტს სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა. აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფციაა. მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვების 45% "ქართული ოცნების" შემომწირველებმა მიიღეს. სახელმწიფო შესყიდვებში მაღალია "ქართული ოცნების" შემწირველ კომპანიათა წილი. "ოცნების" დამფინანსებლებმა 2020 წელს 172 მილიონის, რეგიონებში კი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 665 მილიონ ლარზე მეტის საეჭვო კონტრაქტები მიიღეს. ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება:

- ორი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ - დავაინიცირეთ კანონის რეგისტრაცია ანტიკორუფციული სააგენტოს დაფუძნების შესახებ. კანონპროექტი მომზადებულია ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, წამყვანი როლი აქვს "საერთაშორისო გამჭვირვალობას". საქმეში ჩავრთეთ ბევრი ცნობილი იურისტი. ამასთან, ფრაქციამ "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტში დააინიცირა საგამოძიებო ანტიკორუფციული კომისიის შექმნა, რომელსაც 50 ხმა სჭირდება.

ორივე ღონისძიების მიზანია იმ დიდი კორუფციული სქემების გამოვლენა, რომელთა გამო ქვეყანა უკან მიდის, ეს არის კორუფცია, ნეპოტიზმი, ბიუჯეტის ფლანგვა, კლანური გავლენები... ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას, რათა გაჩნდეს სამართლიანობის განცდა და ვერავინ გაბედოს ბიუჯეტის ძარცვა.

- პარლამენტის საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების მიხედვით, თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ დაიბაროთ კონკრეტული პირები და დაუსვათ კითხვები, რაც საკმარისი ვერ იქნება კორუფციული სქემების გამოაშკარავებისთვის. გაქვთ იმედი, რომ პროკურატურა, რომელსაც თქვენ არ ენდობით, საქმეს მსვლელობას მისცემს და ობიექტურად გამოიძიებს? - ეს საქმე რთული რომ იქნება, ვიცით, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში მუშაობს პრინციპი "ხელი ხელს ჰბანს". ჩვენ უნდა ვამხილოთ დამნაშავეები და შესაბამისი დოკუმენტები გადავცეთ პროკურატურას, რომელიც მიკერძოებულია. თუ ეს პროკურატურა არა, ახალი პროკურატურა და ახალი სასამართლო მიიღებს საჭირო ზომებს. მანამდე კი საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იპარავს მათ ფულს.

- რომელი უწყებაა ყველაზე მოწყვლადი კორუფციისა და ნეპოტიზმის თვალსაზრისით? - იქ, სადაც ბიუჯეტის ფული იხარჯება, ყველგან კორუფციაა. ბოლო წლებში 8 მილიარდი ლარია დახარჯული მხოლოდ პირდაპირ შესყიდვებზე. რა საჭიროა პირდაპირი შესყიდვები, როდესაც ქვეყანაში არ არის ფორსმაჟორი ან საომარი მდგომარეობა. ცივილიზებულ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, კანონი არეგულირებს ამ საკითხს. იქ არავინ აკეთებს პირდაპირ შესყიდვას, თუ განსაკუთრებული ვითარება არ არის.

ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ვდგავართ - სახელმწიფო ტენდერების 50%-ს ერთი და იგივე კომპანიები იგებენ. რა გამოდის, კონკურენცია არ არის? ეს ხომ აბსურდია?! ჩვენ ყველა ამ მაქინაციას გამოვააშკარავებთ.

- კორუფციასა და ნეპოტიზმზე ისაუბრა გიორგი გახარიამაც. კაცი, რომელიც ჯერ ეკონომიკის, შემდეგ შს მინისტრი იყო და ბოლოს პრემიერი, თანამდებობის დატოვებიდან სამი თვის შემდეგ გვეუბნება, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა კორუფცია და ნეპოტიზმია. მისი განცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში კი ტელეკომპანია "იმედი" ამზადებს სიუჟეტს, სადაც სწორედაც გახარიას ნეპოტისტური სქემებია გაშიფრული. რასთან გვაქვს საქმე? - იმასთან, რომ გახარია "ქართული ოცნების" პროექტია. როგორ შეიძლება უდანაშაულოსავით ისაუბრო იმ სისტემის ნაკლოვანებაზე, რომლის შექმნაშიც ლომის წილი გიძევს? თავადვე ჩამოთვალეთ თანამდებობები, რომლებსაც გახარია მთელი ამ წლების განმავლობაში იკავებდა. "ქართულ ოცნებას", ბიძინა ივანიშვილს და გახარიას საქართველო ცხვრის ფარად მიაჩნიათ. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ტყუილი თქვეს, ხალხმა კი ყველაფერი აპატია. შესაბამისად, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა. ორი დღის წინ მთავარი პროკურორი იმაშიც გვარწმუნებდა, ჩვენი მინისტრი "მილისტერი" ყოფილა. ესე იგი, პირდაპირ გვეუბნებიან, ყრუები ხართო. ეს უკვე ცინიზმია! ასეთივე ცინიზმია, როდესაც ყველაზე გავლენიან თანამდებობებზე ნამუშევარი კაცი მეუბნება, რომ ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმია და თავად ამაში წვლილი არ მიუძღვის...

- თუ გახარია ივანიშვილის პროექტია, მაშინ რატომ გვაჩვენებენ ერთმანეთის ბნელ მხარეებს გახარია და "ქართული ოცნების" გუნდი, თუნდაც ირაკლი კობახიძე? - იმიტომ, რომ ივანიშვილის მზის ქვეშ თბილი ადგილისთვის იბრძვიან. გახარია არ ამბობდა ივანიშვილზე, სახელმწიფოს დამზღვევიაო? ჩინოვნიკმა, რომელიც ერთ კონკრეტულ პირს გამოაცხადებს სახელმწიფოს დამზღვევად, სხვას როგორ უნდა დააბრალოს ინსტიტუციების დასუსტება? დღესაც ვერ ბედავს ივანიშვილზე გადაკრული სიტყვის თქმას. ვერც ვერასდროს გაბედავს. ვინ არის გახარია, რა დამსახურებისთვის დაინიშნა თანამდებობაზე? დღეს არავინ იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი.

- თუ თქვენს ლოგიკას მივყვებით, მზე კობახიძისკენ გადაიხარა... - ეს სულ არ მაინტერესებს... რა ვიცი, იმდენად არეულები არიან, ისეთ აბდაუბდაში აიხლართნენ, ნამდვილად არა მაქვს ამაში გარკვევის სურვილი. ერთადერთი, რის გამოც ეს თემა მაწუხებს, ის გახლავთ, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლებაშია, ან გუშინ იყო და ხვალ ისევ აპირებს მოსვლას.

- თქვენ ასევე გაწუხებთ მოსამართლეების საკითხი. უშედეგო აღმოჩნდა თქვენი მოთხოვნა, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნაზე მორატორიუმი გამოცხადებულიყო. ცოტა ხნის წინ სალომე სამადაშვილმა მოსამართლეთა სიის შედგენა და მათზე სანქციების დაწესება მოითხოვა. თუმცა მმართველი გუნდი ვერც მოსამართლეთა შერჩევის შეჩერების აუცილებლობას ხედავს და მით უფრო ვერც სანქციების დაწესების მიზეზს. - მოსამართლეთა კლანს სანქციების გარეშე ვერაფერი შეაჩერებს. ის, რაც გააკეთა იუსტიციის საბჭომ, პირდაპირი დარტყმაა იმ შეთანხმების დოკუმენტზე, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განმუხტა. ასეთი დემარში უბრალოდ წარმოუდგენელია - ქვეყანამ ამხელა ვალდებულება აიღო პოლიტიკური პარტიების ხელმოწერით, ამ დროს კი იუსტიციის საბჭო ამბობს, მე სულ არ მაინტერესებს თქვენი ვალდებულებები, ცალკე კუნძული გვაქვსო.

- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, თუნდაც ნოდარ სარჯველაძე ამბობს, რომ რეფორმები, რომელიც მიშელის დოკუმენტშია და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას უკავშირდება, ისედაც გატარებულია, ამასთან, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ვენეციის კომისიის დასკვნით გათვალისწინებული რეკომენდაციებიც მიღებულია. - ამის თქმა შარლატანობა და უნამუსობაა! არ შეიძლება ამას ამბობდეს პასუხისმგებლიანი კანონმდებელი. მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ წერია, სანამ ახალი კანონმდებლობა არ იქნება მიღებული, მოსამართლეების არჩევა უნდა შეჩერდეს! მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ მოასწროს ნათესავების, შვილების, მძღოლების მოსამართლეებად გამწესება. რატომ? იმიტომ, რომ მმართველ პარტიას თავად სჭირდება დაქვემდებარებული სასამართლო კლანი. თქვენ გჯერათ, რომ მმართველი პარტიის ჩარევისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე იუსტიციის საბჭო ამხელა რამეს იღებს საკუთარ თავზე? არა, ბატონებო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს, დანიშნე მოსამართლეები, რა დროს მიშელიაო! კატასტროფაა, საქართველოში რუსული მმართველობის სტილი ყალიბდება, საბოლოოდ შესაძლოა ორიენტაციაც შევიცვალოთ. როგორ შეიძლება უგულებელყო დოკუმენტი, რომელიც ევროპელების და ამერიკელების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა?! სალომე სამადაშვილს სრულიად ვეთანხმები, სანამ ამათ ძალას არ დაანახებ, არ გაჩერდებიან, საკუთარი კუნძულის აშენებით არიან დაკავებული.

- ბოლო დროს მაღალი პოლიტიკური პირებისგან ხშირად ვისმენთ ერთმანეთზე მძიმე ბრალდებებს, შემდეგ კი თავის მართლებას, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ პოლიტიკური განცხადება იყო. ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თქვენ, მამუკა ხაზარაძე, 2012 წლამდე რეკეტით იყავით დაკავებული. ესეც პოლიტიკური განცხადებაა, თუ შესაძლოა ამ ბრალდებას სხვა ტიპის მსვლელობა მიეცეს? - მეცოდება კობახიძე. სამი თვის წინ გახარია ცაში აჰყავდა ქებით, დღეს კი მოღალატეს, კორუმპირებულს და ვინ იცის, კიდევ რას უწოდებს. ეს უკვე კლინიკის ნიშანია. მე მათი შიდა ურთიერთობები არ მაინტერესებს, უბრალოდ, ვამბობ, რომ ასეთი ადამიანი ჯანმრთელი ვერ იქნება. რასაც კობახიძე აკეთებს, კაგებეშნიკური ცილისწამება ჰქვია. ვერ ვიმართლებ თავს იმის გამო, რაც არ მომხდარა. ესეც იმ კინოდან არის, თითქოს ხალხს ვყრიდი ბინებიდან, მევახშე ვიყავი, ახლა თურმე რეკეტიორიც ვყოფილვარ. ამით ჩემზე გავლენას ვერ მოახდენენ, თავიანთ გაუნათლებლობასა და ოროსნობას კი ყველას აჩვენებენ.

- სხვათა შორის, ხალხის ნაწილს დღემდე სჯერა, რომ სწორედაც "თიბისი ბანკი" ხალხს ბინებიდან ასახლებდა. - ამის სჯერა მათ, ვისაც ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კერძო მევახშეები ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია. ილია ჭავჭავაძეს თავს როგორ შევადარებ, მაგრამ მასაც კი მევახშეს ეძახდნენ. რატომ? იმიტომ, რომ მეანაბრეების ფულს არავის ატანდა.

თქვენს მკითხველს აუცილებლად ეცოდინება მაჩაბლისა და ჭავჭავაძის დაპირისპირების შესახებ. ასი წლის შემდეგაც იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ - ადამიანების ნაწილი ვერ არკვევს, ვინ უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ვინ აუბედურებს ხალხს. ზოგიერთს ყველა ბანკი ჰგონია, ვინც ფულს ასესხებს.

- თქვენ ახლა ბათუმში ხართ. რა დაგხვდათ აჭარაში?

- ძალიან მძიმე მდგომარეობაა. საგრძნობლად გაზრდილია ნარკომანია, კრიმინალი, ქურდული გარჩევები აქ უკვე ჩვეულებრივი ამბავია. გული მწყდება იმის გამოც, რომ ბულვარი ნადგურდება. თუ ეს სამშენებლო უმსგავსობა არ შეჩერდა, მალე ბეტონის ჯუნგლებს მივიღებთ. ახალგაზრდები უხარისხო განათლებას უჩივიან. ეს პროტესტი უნდა გაღვივდეს, არ შეიძლება ამდენი დრო, ფული, ენერგია უქმად იხარჯებოდეს. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, განათლებით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ. გამოდის, გაუნათლებელი ერი ვართ. "ქართულმა ოცნებამ" ამის აღმოსაფხვრელად არაფერი გააკეთა.

- ახლა თქვენ ხართ საკანონმდებლო ორგანოში და ასეთი საკითხებისთვისაც შეგიძლიათ ბრძოლა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ბოიკოტის გამო დრო ტყუილად დაკარგეთ? - არავითარ შემთხვევაში, 6 თვის თავზე ჩვენ მივაღწიეთ სწორედ ისეთი დოკუმენტის მიღებას, როგორიც არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ახლა რა დღეშია "ოცნება" და ნოემბერში პარლამენტში ასეთი დოკუმენტის გარეშე რომ შევსულიყავით, წარმოგიდგენიათ, რას იზამდა? ქვეყანა სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და ჩვენ უკომპრომისო ბრძოლა მოგვიწევს. ბრძოლა უნდა მოხდეს არჩევნებზე, ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, არ შეიძლება ერთი პარტია იყოს მმართველობაში, უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

- ამ ბრძოლაში თქვენი სტრატეგია როგორი იქნება? - "ლელო" დამოუკიდებლად იბრძოლებს. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ მაჟორიტარულ ნაწილში შევთანხმდებით ოპოზიციასთან, რომ ერთმანეთს არ გავუწიოთ კონკურენცია და არ ვასარგებლოთ ხელისუფლება. ჩემი ინიციატივაც ზეპარტიული მერის შესახებ ამ მიზანს ემსახურება.

- თქვენმა ინიციატივამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთის აზრით, ახლა თბილისს მეურნე კი არა, სწორედაც პოლიტიკოსი მერი სჭირდება. - ფეხბურთელი თუ შეიძლება მერი გახდეს, მეურნე რატომ არ შეიძლება?! თუ საქმიანი კაცი ხარ და მართვის უნარი გაქვს, ყველაფერსაც შეძლებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის ხარ, როგორც კი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვები, უკვე პოლიტიკოსი ხარ.

- მერობის სავარაუდო კანდიდატებზეც ხომ არა ხართ შეთანხმებული? - ამ საკითხზე ჯერ ვმსჯელობთ. იმედია, შევთანხმდებით.

ხათუნა ბახტურიძე