"როგორ დავიჯერო, რომ ამათ ფონზე "გირჩი" გამოიყურება გზააბნეულად..." - კვირის პალიტრა

"როგორ დავიჯერო, რომ ამათ ფონზე "გირჩი" გამოიყურება გზააბნეულად..."

"მოსამართლეთა დანიშვნას არც ჩვენგან აქვს ლეგიტიმაცია", - ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის შესახებ.

- მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იდეალურად რომ შეასრულოს ხელისუფლებამ, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საკმარისი მაინც არ იქნება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციამაც არ იცის, რა უნდა. იუსტიციის საბჭოს კი სთხოვს პროცესის შეჩერებას, მაგრამ მერე რა უნდა მოხდეს, აღარ იცის.

- როგორც ცნობილია, თქვენ გაქვთ მოსაზრება, თუ როგორი უნდა იყოს სასამართლო. - ჩვენი მოსაზრება ასეთია: უნდა დარჩნენ დღეს მოქმედი მოსამართლეები, მაგრამ პარალელურად ყველა სისხლის სამართლის საქმეზე უნდა იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და მესამე - მოსამართლე მოსახლეობამ უნდა აირჩიოს. ბრალდებულს უფლება უნდა ჰქონდეს, მისთვის სანდო სასამართლოში მოითხოვოს საქმის გარჩევა.

ოპოზიცია ვალდებულია უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდოს მიშელის დოკუმენტს. ჩხუბს ხელისუფლებასთან, მე როგორც მინდა ისე გააკეთე, ან ენჯეოები როგორც გეუბნებიანო, აზრი არა აქვს, ამაზე მმართველი გუნდი არ წავა. საჭიროა ისეთი იდეის შეთავაზება, რომელიც მოსახლეობისთვის გასაგები იქნება და მართლმსაჯულების სისტემასაც დამოუკიდებელს გახდის.

- თქვენ კი ამბობთ, რომ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ოპოზიციის მოთხოვნასო, მაგრამ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ოპოზიციის მოთხოვნა. ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა პირდაპირ თქვა, მოსამართლეთა დანიშვნის გაგრძელება წარმოშობს კითხვებს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებო. - ვფიქრობ, ამ დოკუმენტში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის სასამართლოს საკითხი. ყველაზე მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნები და 2%-იანი ბარიერი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია "ოცნებისთვის" დადგენილი 43%-იანი ბარიერი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას ბოლომდე გავატარებინოთ ის ცვლილებები, რაც დოკუმენტშია მოყვანილი. ასევე ხალხს უნდა ავუხსნათ, როგორი რეალობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში.

- თქვენ ამბობთ, რომ ახლა მთავარი არჩევნებია. ოპოზიციონერი ლიდერები, მაგალითად, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციაში არის მხოლოდ ორი ფრთა - მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერთა და "ნაცმოძრაობა". "გირჩს" და "მოქალაქეებს" არც ერთ ფრთაში არ მოგიაზრებენ, მეტიც, ამბობენ, რომ თავადაც არ იცით, სად ხართ. თქვენ სად ხედავთ საკუთარ თავს? - გუშინ "სტრატეგია აღმაშენებელი" იყავი, დღეს "შარლ მიშელის ფრაქცია" ხარ, ზოგი რესპუბლიკელია და მერე ხან "ნაციონალი" ხდება, ხან "შარლ მიშელის ფრაქცია"...

როგორ დავიჯერო, რომ ამათ ფონზე "გირჩი" გამოიყურება გზააბნეულად?! ჩვენ არც ერთ ფრთას არ მივეკუთვნებით, უბრალოდ, "გირჩი" ვართ.

- ძალიან პატარაა "გირჩი" იმისთვის, რომ ამ დაუნდობელ ბრძოლაში წინააღმდეგობები დამოუკიდებლად გადალახოს. - პატარა პარტია ვართ, მაგრამ დიდ იდეას ვემსახურებით, რომელსაც თავისუფლება ჰქვია და ამაში კონკურენტი არა გვყავს. ჩვენი სიმცირე გამოწვეულია იმით, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ადამიანია თავისუფლების იდეის გულშემატკივარი. ჩვენი ამოცანაა ხალხს გავაგებინოთ თავისუფლების ჭეშმარიტი არსი მაშინ, როდესაც ყველა სხვა პარტია ადამიანებს თავისუფლების ნაცვლად ზრუნვას, მე კი ჭკუის სწავლებას მპირდება.

ხათუნა ბახტურიძე