20 ივნისის მოვლენებზე, კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

20 ივნისის მოვლენებზე, კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ორი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, ქვეყანაში დაიწყო უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო "ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით - რუსი პოლიტიკოსის, გავრილოვის საქართველოს პარლამენტში დასმით.

ეს კრიზისი დღემდე გრძელდება.

პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მე ჯერ კიდევ 20 ივნისის დილას მოვითხოვე მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი პოზიციის მყისიერად გაზიარების შემთხვევაში, შევძლებდით ვითარების დეესკალაციას და თავიდან ავიცილებდით 21 ივნისს განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს, საკუთარი მოსახლეობის დარბევასა და ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრას. სწორედ ეს გახდა ჩემი და "ქართული ოცნების“ საბოლოოდ გამიჯვნის მთავარი მიზეზი!

სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ“ მაშინ და ახლაც, მიიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ხერხებით და მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ისინი დღესაც აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს - აყალბებენ არჩევნებს, ვერ ასრულებენ 2012 წლიდან დღემდე ხალხისთვის მიცემულ ვერცერთ დაპირებას.

დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, რიგგარეშე არჩევნების გზით და ვისურვებდი, ეს ცვლილება მოხდეს სწორედ არჩევნების და არა ქუჩის გამოსვლების შედეგად.

კახა ოქრიაშვილი, "პროგრესი და თავისუფლება“

"ინტერპრესნიუსი"