ევროპას მწვრთნელებიც იცნობენ
ევროპის ჩემპიონატი უკვე გახურდა. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ კონტინენტის წლევანდელი პირველობა ისეთივე ლამაზი და მრავალფეროვანია, როგორც მისი მასპინძლები - 11 ქვეყნის ამდენივე ქალაქი, მაგრამ რამდენიმე ლამაზი გუნდი და თამაში მაინც ვნახეთ. "ევრო-2020"-ის მონაწილე 24 ნაკრებიდან ყოველ მესამე გუნდს - ანუ რვა ნაკრებს ჰყავს ისეთი მწვრთნელი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე თავადაც უთამაშია. ასე რომ, სანამ თქვენ ფეხბურთს უყურებთ, სწორედ მათ - ორმაგი გამოცდილების მქონე სპეციალისტებს გაგაცნობთ:
რობერტო მანჩინი (იტალია). ერთადერთია "ევრო-2020"-ის მწვრთნელებს შორის, ვისაც ჯერ კიდევ ევროპის 1988 წლის ჩემპიონატში უთამაშია! არა მარტო უთამაშია, სწორედ რობერტოს ეკუთვნის იმ ტურნირის პირველი გოლი: იტალია-გფრ ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა იყო და ანგარიში მანჩინიმ გახსნა. "ევრო-1988"-ზე აპენინელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც სსრკ-ს ნაკრებთან დამარცხდნენ. რაც შეეხება მწვრთნელ მანჩინის, იტალიელს ძალიან სიმპათიური ნაკრები ჰყავს და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტადაც ითვლება.
დიდიე დეშამი (საფრანგეთი). თუ მანჩინი პირველია, დეშამს ევროპის ჩემპიონატთან ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს: 1992 წელს 23 წლის დიდიე უკვე ნაკრების ძირითადი მოთამაშე იყო და ამაყად ატარებდა შვიდნომრიან მაისურს. თუმცა ევროპის იმ ჩემპიონატზე ფრანგებმა ჯგუფში ერთი მატჩიც ვერ მოიგეს და პლეი-ოფში შვედეთი და დანია გაუშვეს. 1996 წელს დეშამი ნაკრების კაპიტანი გახლდათ. "ევრო-2000"-ში საფრანგეთი ჩემპიონი გახდა, დიდიე კი ერთ-ერთი იყო ნაკრების იმ სამ მოთამაშეს შორის, ვინც ჩემპიონატის ექვსივე შეხვედრაში ითამაშა! მისი შეგირდები წელსაც მთავარი ფავორიტები არიან.
ფრანკ დე ბური (ნიდერლანდები). ჰოლანდიელთა ამჟამინდელ თავკაცს ფეხბურთელის რანგში ევროპის სამ ჩემპიონატში უთამაშია: მისთვის სადებიუტო 1992 წლის ტურნირში ფრანკი ორ შეხვედრაში მონაწილეობდა, რვა წლის შემდეგ "ნარინჯისფერთათვის" საშინაო ჩემპიონატში კი ნაკრების კაპიტნად მოგვევლინა და ორი ბურთიც გაიტანა. ჰოლანდიელთათვის სამწუხაროდ, ნახევარფინალში დე ბურმა ორი პენალტი გააფუჭა... 2004 წელს ფრანკი უკვე 34 წლის იყო და ორი მატჩის გამართვაც მოასწრო, სანამ ტრავმას მიიღებდა და ნაკრებს დაემშვიდობებოდა.
სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი). "ევრო-1992"-ზე დსთ-ს ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, ჩერჩესოვი კი დმიტრი ხარინის დუბლიორი გახლდათ. ოთხი წლის შემდეგ ორი მეკარის კონკურენციაში უკვე ჩერჩესოვმა იმარჯვა, მაგრამ იტალიის ნაკრებთან მატჩში დაშვებული შეცდომის შემდეგ, მას და ხარინს მორიგეობით უწევდათ ნაკრების კარის დაცვა. თუმცა რუსებს ვერც მეკარეების როტაციამ უშველა და ქვეჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს.
გარეთ საუთგეიტი (ინგლისი). საუთგეიტის გვარი 1996 წლის 27 ივნისის დილას ინგლისის თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე მოხვდა: მცველმა პენალტის გატანა ვერ შეძლო და ინგლისელებმა საკუთარ კედლებში გამართულ ევროს ნახევარფინალში გერმანიასთან წააგეს. 1996-ის ჩემპიონატში ხუთი თამაში ჩაატარა, თუმცა ყველას მხოლოდ ის პენალტი ახსოვს. ოთხი წლის შემდეგ გამართულ ტურნირზე საუთგეიტი სათადარიგოთა შორის გახლდათ და მხოლოდ რუმინეთთან თამაშის ბოლო 10 წუთი ანდვეს - ინგლისს ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა 89-ე წუთზე პენალტი გაუშვა და ჯგუფში ჩარჩა!
ლუის ენრიკე (ესპანეთი). პირენელთა ამჟამინდელმა თავკაცმა "ევრო-1996"-ზე ორი შეხვედრის გამართვა მოასწრო (ფრეები რუმინეთსა და ბულგარეთთან), შემდეგ კი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუისი სათადარიგოთა სკამზე გაისტუმრა. შესაბამისად, ინგლისის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხს ენრიკემ მოედნის კიდიდან მიადევნა თვალი. ესპანელები იმედოვნებენ, რომ მწვრთნელი ენრიკე და მისი სამწყსო გაცილებით იღბლიანები იქნებიან.
პაულუ სოუზა (პორტუგალია). ლუიშ ფიგუს თაობის ცენტრალურმა მცველმა 1996 წლის ევროზე ოთხივე შეხვედრაში ითამაშა და მიაღწია მეოთხედფინალამდე, სადაც პორტუგალიელები ჩეხეთთან დამარცხდნენ - 0:1. რაც შეეხება "ევრო-2000"-ს, სადაც პორტუგალიის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სოუზამ ორ შეხვედრაში ითამაშა - გერმანიასა და თურქეთთან.
ანდრეი შევჩენკო (უკრაინა). 35 წლის შევჩენკო დაელოდა "ევრო-2012"-ს, რომელიც მისი ნაკრებისთვის სადებიუტო ტურნირი გახლდათ. ნაკრების კაპიტანმა პირველივე შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი შვედეთი დაამარცხა. სამწუხაროდ, მომდევნო ორ თამაშში საფრანგეთსა და ინგლისთან უკრაინამ ვერც გოლები მოიპოვა და ვერც ქულები. "ევრო-2012"-ის შემდეგ ანდრეი შევჩენკომ სანაკრებო კარიერა დაასრულა, წლევანდელ ტურნირზე კი მთავარი მწვრთნელის რანგში ვხედავთ.