"ყველაზე შთამბეჭდავად მახსენდება თქვენი პატრიარქის გარემოცვაში ყოფნა. ისეთი წმინდა და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა, რომ უდიდესი პატივი იყო იქ ყოფნა" - კვირის პალიტრა

"ყველაზე შთამბეჭდავად მახსენდება თქვენი პატრიარქის გარემოცვაში ყოფნა. ისეთი წმინდა და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა, რომ უდიდესი პატივი იყო იქ ყოფნა"

"2018 წელს ხუან იოანე ბაგრატიონმა და ქრისტინე ძიძიგურმა თავიანთ ქორწილში დამპატიჟეს. მათი ქორწილი ზღაპარს ჰგავდა. ჯვრისწერის ცერემონიალი უძველეს ქართულ ეკლესიაში გაიმართა. ქართული გალობა, ტრადიციული ცეკვა-სიმღერა, ლამაზად გამოწყობილი სტუმრები ძალიან შთამბეჭდავი იყო. ქორწილი სამი დღე გაგრძელდა. ერთ ღირსშესანიშნავ დღეს მეორე მოსდევდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო იქ ყოფნა, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. აუცილებლად უნდა ვახსენო 4-მეტრიანი გასაოცარი საქორწილო ტორტიც..."

ფერადოვნება გადმოცემული მინიმალიზმით - ეს ფოტოგრაფ არმინ ზოგბაუმის სტილია. ის სახელგანთქმული ბრენდების - "შოპარდის", "ლუბუტენის", "დიორის", "გუჩის" და სხვათა სარეკლამო ფოტოების შემქმნელია. წარმოშობით შვეიცარიელი, ბერლინში აღზრდილი ხელოვანი განსაკუთრებული შემოქმედებითი გზით არის ცნობილი. თავდაპირველად ის პროფესიონალი შეფმზარეული იყო. სწორედ აქედან დაიწყო მისი ინტერესი ფოტოგრაფიისადმი, დღეს კი არმინ ზოგბაუმი მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ ფოტოგრაფად მიიჩნევა და მისი ნამუშევრები სხვადასხვა გალერეაშია გამოფენილი. როგორ მოხვდა 2018 წელს ქართულ ქორწილში და რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად? ამ კითხვებზე ფოტოხელოვანი "კვირის პალიტრას" პასუხობს.

- თქვენი კარიერის მანძილზე რამდენიმე პროფესია გამოიცვალეთ. თავდაპირველად შეფმზარეული იყავით, მერე - ბლოგერი, მწერალი, ამჟამად კი მოდური გამოცემების ცნობილი ფოტოგრაფი ხართ.

- ყველაფერი სკოლის ასაკიდან დაიწყო. სკოლაში ვხატავდი და ისე კარგად გამომდიოდა, რომ ჩემი ნახატები სკოლის კედლებს ამშვენებდა, როგორც ინსპირაციის წყარო სხვა მოსწავლეებისთვის. ჩემი მშობლები ძალიან ამაყობდნენ. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა. მოგვიანებით მინდოდა დიზაინი მესწავლა, მაგრამ მშობლებმა არ მომიწონეს იდეა და შემომთავაზეს, მზარეულის კარიერაზე მეფიქრა, რადგან კერძების მომზადება კარგად გამომდიოდა. ბევრი შემოქმედი ადამიანი კარგი მზარეულია, მაგალითად, ამერიკელი კინორეჟისორი და მხატვარი ჯულიან შნაბელი, რომელიც ახალგაზრდობაში მზარეულად მუშაობდა. საბოლოოდ მე, როგორც მზარეულმა, ამ მიმართულებით ვეღარ განვავითარე შემოქმედებითი უნარი, თუმცა, როდესაც სამუშაო შევიცვალე, კერძების მომზადება არ დამვიწყებია, მეტიც - ამ თემაზე ბლოგი გავაკეთე და საინტერესო რეცეპტებსაც ვთავაზობდი მომხმარებელს. ზუსტად ამ დროს დავინტერესდი ფოტოგრაფიით. კერძების შესახებ არა მხოლოდ სტატიებს ვწერდი, ფოტოებსაც ვაქვეყნებდი. კუნძულ ბალიზე მუშაობის დროს შემიყვარდა მსხვილი კამერები და სახლში დაბრუნების შემდეგ სწორედ ასეთი შევიძინე. ამის შემდეგ სარეკლამო სფეროში ვცადე ბედი. შევისწავლე ტექნიკის სწორად მოხმარება და იდეალური შუქის დაყენება გადაღებების დროს. ერთ წლის შემდეგ პირველი კონტრაქტი გავაფორმე და მას შემდეგ ჩემი ფოტოების გასამრჯელოთი ვცხოვრობ. პირველი კონტრაქტის შემდეგ გამოჩნდნენ ახალი დამკვეთები: "ვოგი", "შოპარდი", "ჰუბლოტი" და ა.შ. ჩემი ცხოვრების მთავარი კომპონენტი ვნება და ახლის ძიებაა. ყოველი სამუშაო ახალი გამოწვევა და ახალი თავგადასავალია. სულ ვამბობ, რომ დღეს რაც მოგვწონს და ჯადოსნურად გვეჩვენება, ხვალ შეიძლება მოსაწყენი იყოს. რამდენიმე ფოტოს შეუძლია გაუძლოს დროს და დიდხანს შეძლოს დამთვალიერებლის აღფრთოვანება. ამის ნათელი მაგალითია პარფიუმერიის სერიები, რომლებმაც ნიუ-იორკში ჯილდო მოიპოვა. ფოტოზეა წყალი, ყვავილები, პარფიუმერიის ბოთლი. ფოტო განსაკუთრებული გახდა არა იდეალური განათების, არამედ აკრილის ელემენტების წყალობით.

- ვინ არის თქვენი ინსპირაცია? - უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რა არის ჩემი ინსპირაცია. ეს არის ცხოვრება, ბევრი ხატვა და აზროვნება. შთაგონება ხშირად ძალის მოზღვავებას ჰგავს. ბევრი ფურცელზე დაწერილი იდეა ნაგვის ურნაშიც კი ჩამიგდია.

- რას ნიშნავს თქვენთვის კომერციული ფოტოგრაფია და ფოტოთი გადმოცემული ხელოვნება? - ჩემთვის ამ ორს შორის ზღვარია მთავარი. დღეს პროდუქცია, მოდა, პოპმუსიკა და ა.შ. ემოციების გამო იყიდება, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ფოტოები ემოციებით იქმნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს შეძენის სურვილი აღვუძრა. რეკლამა კომერციული პროექტია, მაშინაც კი, თუ ის მხატვრულად არის გადმოცემული. ჩემი აზრით, დღეს ბევრია ფოტო, რომლებსაც ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევენ, თუმცა - დაუმსახურებლად.

- თქვენთვის განსაკუთრებულ ფოტოგადაღებებზე გვიამბეთ... - ეს გადაღებები რამდენიმე წლის წინ იყო და დღემდე არ მავიწყდება - ძვირად ღირებული ჩანთების რეკლამა, რომელშიც სამი შიმპანზე მონაწილეობდა. გასაოცარია მათი მსგავსება ადამიანებთან! მათი გადაღება შეიძლება 5-6 წლის ბავშვების გადაღებას შევადარო. უდიდესი აღმოჩენა იყო ის, რომ შიმპანზეებს წყლის რცხვენიათ. გადასაღებ მოედანზე მბზინავი აკრილის პანელს, რომელზეც უნდა დამდგარიყვნენ, სველის ეფექტი ჰქონდა და იქ გავლის რცხვენოდათ, ამიტომ პანელი მთლიანად დავფარეთ ქსოვილით, მერე კი ნელ-ნელა, ფრთხილად მოვხსენით, რომ ფეხქვეშ მშრალი დაფა ეგრძნოთ და დარწმუნებულიყვნენ, რომ წყალში არ იდგნენ. დაფა ლივლივებდა, თუმცა სველი არ იყო. როდესაც სამივე მიხვდა, რომ წყალში არ იდგნენ, გადაღებაც დავიწყეთ.

- 2018 წელს საქართველოში მოგზაურობის შესახებ გვიამბეთ.

- 2018 წელს ხუან იოანე ბაგრატიონმა და ქრისტინე ძიძიგურმა თავიანთ ქორწილში დამპატიჟეს. მოწვევა გადმომცა ჩემმა მეგობარმა ჰალინამ, რომელიც ევროპის არისტოკრატიული წრიდანაა და ხუანსა და ქრისტინესთან მეგობრობს. დღესასწაულებზე ხშირად ერთად ვიკრიბებოდით. მათი ქორწილი ზღაპარს ჰგავდა. ჯვრისწერის ცერემონიალი უძველეს ქართულ ეკლესიაში გაიმართა. ქართული გალობა, ტრადიციული ცეკვა-სიმღერა, ლამაზად გამოწყობილი სტუმრები ძალიან შთამბეჭდავი იყო. ქორწილი სამი დღე გაგრძელდა. ერთ ღირსშესანიშნავ დღეს მეორე მოსდევდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო იქ ყოფნა, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. აუცილებლად უნდა ვახსენო 4-მეტრიანი გასაოცარი საქორწილო ტორტიც.

- ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ საქართველოში? - არც ვიცი, საიდან დავიწყო... გლამურული ქორწილის გარდა, მოხიბლული ვარ თბილისით, მეგობრული და სასიამოვნო ხალხით, ზღაპრული ძველი ქალაქით, მისი თანამედროვე არქიტექტურით, უგემრიელესი კერძებით... გარდა ამისა, ყველაზე შთამბეჭდავად მახსენდება თქვენი პატრიარქის გარემოცვაში ყოფნა. ისეთი წმინდა და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა, რომ უდიდესი პატივი იყო იქ ყოფნა. ჯვრის მონასტერი მოვინახულეთ, რომელიც 605 წელს ყოფილა აგებული. ასეთი შთამბეჭდავი ნაგებობა არასდროს მინახავს! გარდა ამ სანახაობებისა, ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, როცა შევიტყვე, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. უსაზღვროდ მადლიერი ვარ საქართველოში გატარებული ჯადოსნური დღეებისთვის.