"მჯერა, რომ სოხუმში ვიცხოვრებ და იქაურ თეატრში როლებსაც შევასრულებ"
"მჯერა, რომ სოხუმში ვიცხოვრებ და იქაურ თეატრში როლებსაც შევასრულებ"
"მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ბევრ საინტერესო ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი საოცნებო ქვეყანა ის არის, სადაც ახლა ვცხოვრობ. ჩემი პატარა სახლი აფხაზეთში ყველაფერს მირჩევნია!" - გვითხრა სოხუმისა და ფოთის თეატრის მსახიობმა ჯანო იზორიამ, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია:
- ჩემი ბავშვობა 1990-იან წლებს დაემთხვა. ჩვენს თაობას არ ჰქონდა იმის ბედნიერება, მსოფლიოში თავისუფლად ემოგზაურა და მეც ყველგან პროფესიის წყალობით ვარ ნამყოფი. პირველი გასტროლი 1995 წელს, ბულგარეთში მქონდა. ფოთში ვსწავლობდი და ბავშვთა ანსამბლი "თეთრი თოლია" ბულგარეთში, კურორტ "ოქროს ქვიშებზე" მიიწვიეს. ავტობუსით წავედით და მთელი 4 დღე გზაში ვიყავით. მერე კონცერტები ღია ცის ქვეშ ტარდებოდა და ის დღეები ძალიან ლამაზად მახსენდება. ყოველთვის მაინტერესებდა, კურორტს "ოქროს ქვიშები" რატომ ერქვა და მაშინ გავიგე - იქაურობას მზე რომ ანათებს, მთელი სანაპირო ოქროსფრად ბზინავს. იქ მივხვდი, რა კარგია, როცა მაყურებელი კმაყოფილია და ოვაციით გხვდება.
ბულგარელებმა პირველად მთხოვეს ავტოგრაფი. ჯერ გავწითლდი, დავიბენი და აქეთ-იქით ვიყურებოდი, ჩემი ტოლები რაღაცას ხომ არ მიწყობენ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩვენი გამოსვლა ძალიან მოეწონათ.
2013 წელს მაროკოში გავფრინდი, მაშინ პირველად ჩავჯექი თვითმფრინავში. პირველად გადავუფრინე იტალიას, ხმელთაშუა ზღვასა და სხვა ქვეყნებს - ეს ულამაზესი სანახაობა იყო.
ვხუმრობდი: 33 წლის ასაკში თვითმფრინავით პირველად ვმგზავრობ, ღმერთთან ახლოს ვარ და უფრო მეტ რამეს ვთხოვ-მეთქი.
მაროკოში მე და მარიონეტების თეატრის მსახიობი ბახა წერედიანი წავედით. საოცარი, კონტრასტების ქვეყანაა, გვერდიგვერდ შეიძლება ნახო ურემში შებმული ვირი, პატრონი ხილს ყიდის, მათ გვერდით "ლამბორჯინი" ან "ფერარი". ერთი თვე კასაბლანკაში ვცხოვრობდი. იქ ბევრი ხილია, რაც ძალიან მიყვარს და ვამბობდი, მგონი, სამოთხეში მოვხვდი-მეთქი. სხვათა შორის, ამ ქვეყანას კინემატოგრაფიის წყალობით დიდი შემოსავალი აქვს: კასაბლანკაში ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია და მთელი ჰოლივუდი იქ ჩადის, რომ ფილმები გადაიღოს. მაროკოელები გურმანები არიან და ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვთ. იქ ყოფნის შემდეგ ტუნისში და ბაჰრეინში ბევრი რამ აღარ გამკვირვებია.
- იქაც გასტროლებზე იყავით? - დიახ, სპექტაკლები გავმართეთ და ჩვენი შემოქმედება ძალიან მოეწონათ. ბაჰრეინი მდიდრების ქვეყანაა, მაგრამ იქ ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა. აუტანელი სიცხეა, მანქანებიც კი, სულ დაქოქილი აქვთ, რომ კონდიციონერები ამუშაონ. სულ მიკვირდა: უდაბნოში, სადაც ერთი საათით გარეთ რომ დარჩე, დაიწვები, ასეთი ოაზისი როგორ შექმნეს.
აზიის ქვეყნებთან ერთად რამდენიმე ევროპის ქვეყანაც მოვინახულე და იქაც, ჩემი პროფესიის დახმარებით მოვხვდი: ქართული ფილმი - "ჰორიზონტი", რომელშიც ვმონაწილეობ, გერმანიაში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. შემდეგში არაერთი კინოფესტივალის მონაწილე გავხდი. მოსკოვშიც კინოფესტივალზე ჩავედი და, ალბათ, ამერიკასაც ჩემი პროფესიის წყალობით ვნახავ.
- ყველაზე დაუვიწყარი რომელი ადგილი იყო? - აუშვიცის ბანაკი. წვიმა დაგვემთხვა და მთელი გზა უცნაური გრძნობით შეპყრობილმა გავიარე. ისეთი გარემოა, არ არსებობს, იმ შემზარავ დროში არ გადასახლდე. ვნახე კრემატორიუმი და ოთახები, სადაც ხალხს გაზით ხუთავდნენ. ყველაზე შემზარავი კი სათვალეების და თმის გროვაა... აუშვიცი ყველამ უნდა ნახოს, რომ კაცობრიობამ მსგავსი საშინელება აღარ დაუშვას!
- რომელი ქვეყანა მოგეწონათ ყველაზე მეტად? - შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ბელარუსი. იცით, რამ გადამრია? - სისუფთავემ! ქვეყანაში იდეალური სისუფთავეა - აეროპორტით დაწყებული, სულ პატარა ქუჩებითა და მაღაზიებით დამთავრებული... მანქანის სიგნალს რომ გაიგონებენ, ფიქრობენ, რაღაც უბედურება დატრიალდაო. მოძრაობის წესებს არავინ არღვევს... ევროპის ქალაქებს შორის, ბარსელონაშიც ვარ ნამყოფი, რომის და პარიზის ნახვაც მინდა, მაგრამ ჩემი საქართველო ყველას მირჩევნია! ჩემი ნატვრაა, ამ ციცქნა ქვეყანაში ერთმანეთის ჭამა, დაცინვა და მტრობა აღარ იყოს.
- საქართველოს რომელი მხარე მოგწონთ? - ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეს თავისებური ანდამატი აქვს, მაგრამ განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა სამცხე-ჯავახეთი: იქ ათასნაირ მინდვრის ყვავილს შეაგროვებ და საოცარ თაიგულს შეკრავ. ჩემი საოცნებო ქალაქი კი სოხუმია. მჯერა, რომ სოხუმში ვიცხოვრებ და იქაურ თეატრში როლებსაც შევასრულებ. აფხაზეთში, გალის რაიონში დავიბადე, ჩემთვის ფოთი მშობლიური ქალაქია, სოხუმი კი - ყველაზე საოცნებო ადგილი.
- სოხუმის თეატრი აქ დღესაც მუშაობს და მსახიობები ამ თეატრს არ ღალატობენ... - დიახ, თანაც, მიზერული ანაზღაურებით. ამ თეატრს ყურადღება აკლია: ცხინვალის და სოხუმის თეატრებს უძველესი ისტორია აქვთ. ამ ხალხს ყველაფერი გაუნადგურეს, მსახიობები თავიანთი სახლებიდან შიშველ-ტიტვლები წამოვიდნენ და მშობლიურ თეატრს მაინც ემსახურებიან. ასეთი ამბავი გერმანიაში ან ჩეხეთში რომ მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, დევნილ თეატრებს რამხელა ყურადღებას მიაქცევდნენ?! ეს ორი თეატრი დასავლეთში საქართველოს დესპანი უნდა იყოს და ხშირად მიდიოდეს უცხოეთში გასტროლებზე. სწორედ ეს თეატრები უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, როგორც ოკუპაციის სიმბოლო.
- გარდა სოხუმისა, რომელ ქალაქსა და რომელ თეატრში ითამაშებდით?
- ენობრივი ბარიერი ხელს შემიშლის, მაგრამ ბროდვეიზე სიხარულით ვითამაშებდი. სიამოვნებით ვითამაშებდი ინგლისშიც - შექსპირის ქვეყანაში, მაგრამ ემიგრაციაში დიდხანს ვერ გავძლებდი. ნოსტალგია ჩვენი ხალხის ქრონიკული დაავადებაა და დაზღვეული მეც არ ვიქნები.
ხათუნა ჩიგოგიძე