"ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან სამარცხვინო მცდელობა, მიშელის დოკუმენტს ამოფარებულმა, გარეცხოს 20 ივნისის თემა, მაგრამ ეს წარმოუდგენელია - ამის გათეთრება არ მოხდება" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან სამარცხვინო მცდელობა, მიშელის დოკუმენტს ამოფარებულმა, გარეცხოს 20 ივნისის თემა, მაგრამ ეს წარმოუდგენელია - ამის გათეთრება არ მოხდება"

"დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან სამარცხვინო მცდელობა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ამოფარებულმა, გარეცხოს 20 ივნისის თემა, მაგრამ ეს წარმოუდგენელია",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან აქციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი და საზოგადოება უახლოეს პერიოდში ამას გააკეთებს.

"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანს, რომელიც 20 ივნისის ღამეს აქ იმყოფებოდა და აქ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე იყო, ეს დღე არასდროს დაავიწყდება და ემახსოვრება სრული სიზუსტით, რა მოხდა - როგორ გაუსწორდა საკუთარი ხელისუფლება თანამოქალაქეებს, დათვის ტყვიებით როგორ დასდევდნენ ქუჩა-ქუჩა, როგორ ესროდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ჟურნალისტებს და ამის "გაპრავება" და გათეთრება არ მოხდება. ჩვენ ყოველ წელს შევიკრიბებით აქ ერთი მოთხოვნით, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია 20 ივნისის სისხლიან ღამეზე, უნდა დაისაჯოს. ასე რომ, არანაირი ამნისტია ამას არ უშველის და ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ ბრძანებებს გასცემდა და პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი 20 ივნისის ღამეზე, აუცილებლად გამოაშკარავდება, მათ მოუწევთ ყველა იმ მწვავე კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც დღეს საზოგადოებაშია", - განაცხადა უდუმაშვილმა.