"გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო"

"გახარიას საქციელს, რომელიც გადაწყვიტა, ნაბიჯი გადადგა, რომ შერჩენოდა, შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი პროცესები", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ - ქალაქი" "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი თანაგუნდელის, პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

გია ვოლსკის თქმით, გახარია განუდგა საქმეს, რასაც ერთად ემსახურებოდნენ.

"გახარიამ უღალატა იმ საქმეს, რასაც ერთად ვემსახურებოდით. ფაქტია, რომ განუდგა იმ საქმეს, გადგა გვერდზე. მე მაინც მგონია, რომ თვითონაც რაღაც აინტერესებს და ერთხელ იქნება ამოიღებს ხმას, რამეს იტყვის. სიტყვა უღალატა მკვახეა, ხისტია, მე არ მიყვარს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი ფიქრობს, რომ გიორგი გახარია გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში იყო.

"დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ შესაძლო განვითარებას პირადაპირ ხელი შეუწყო ამ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო საფრთხის შემცველი, დამთავრდა. მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ იგი იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში, რადგან ვითარება, რაც ჩვენს თვალწინ განვითარდა, აბსოლუტურად, ყველა ნიშნით იყო შესაბამისი იმის, რასაც ვლაპარაკობთ", - აცხადებს ვოლსკი.

კითხვაზე, ფიქრობთ, რომ შეცდომა იყო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, ვოლსკი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო.

"კი, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო", - აღნიშნავს ვოლსკი.

ამასთან, ვოლსკიმ ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტშიც. როგორც ვოლსკი ამბობს, არ ჰგონია, რომ "ქართულ ოცნებას" 43 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდეს.

მისი აზრით, გიორგი გახარიას "რეგლამენტი გამიზნულია იქითკენ, რომ 43 პროცენტს საფრთხე შეუქმნას", თუმცა ვერ შეძლებს.

"ასეთი რეგლამენტი, თუ ამ რეგლამენტის რეალიზაცია მოახდინა, რასაკვირველია სწორედ იმიტომ არის გამიზნული და ჩამოყალიბებული, რომ 43 პროცენტს შეუქმნას საფრთხე. მგონია, რომ ვერ შეძლებს", - დასძინა გია ვოლსკიმ.