"ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, არაფერი მიხარია, გარეთ აღარ გავდივარ" - კვირის პალიტრა

"ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, არაფერი მიხარია, გარეთ აღარ გავდივარ"

მსახიობ ლია გუდაძეს შინაარსიანი, ლაღი, სისხლსავსე ცხოვრება ჰქონდა. საოცარი სილამაზის ქალი ერთნაირად ბრწყინავდა როგორც თეატრის სცენაზე, ასევე კინოფილმებში. ბედნიერი ცოლი იყო, ყურადღებიანი დედა, საუკეთესო მეგობარი, ხალისიანი, მჩქეფარე, გარშემომყოფთ სიყვარულსა და სითბოს უხვად უნაწილებდა…

მერე კი დადგა მძიმე დრო. ქალიშვილის, ნესტან შარიას, გარდაცვალების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ცხოვრება შეწყვიტა და მხოლოდ არსებობს.

- ქალბატონო ლია, თბილისის ძველ უბანში, ყოფილ პლეხანოვზე დაიბადეთ და გაიზარდეთ. რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი თქვენი ბავშვობიდან?

- მთელი ბავშვობა ძალიან ბედნიერი მქონდა. ვსწავლობდი თბილისის 23-ე სკოლაში, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო. კარგი კლასი მქონდა, ყველანი ვმეგობრობდით და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება.

იქვე იყო მარჯანიშვილის თეატრი, სადაც კვირადღეს, დილით, საბავშვო სპექტაკლები გადიოდა. ოთხი-ხუთი გოგო მუდმივად დავდიოდით სპექტაკლებზე, ზოგიერთს რამდენჯერმე ვნახულობდით. შემდეგ გასასვლელთან ვიდექით და ველოდებოდით მსახიობების გამოსვლას, თვალი რომ მოგვეკრა.

მეათე კლასში რომ გადავედით, ჩვენს სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც კლასის დამრიგებლად დაგვინიშნეს. ეს იყო შემდგომში დიდი კინორეჟისორი რეზო ესაძე. მან რამდენიმე სპექტაკლი დადგა სკოლაში, სადაც ვითამაშე.

მსახიობობა ჩემში გაუცნობიერებელ სურვილად ჩამოყალიბდა, მაგრამ თეატრალურზე ჩაბარებას მაინც ვერ ვიფიქრებდი, რადგან სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი, მამზადებდნენ კიდეც და უცხო ენათა ინსტიტუტში უნდა ჩამებარებინა.

თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდები ადრე იწყებოდა. დედას ვთხოვე, მომეცი უფლება, გავიდე გამოცდებზე, გავიგებ მაინც, როგორია საგამოცდო პროცესი-მეთქი. დამთანხმდა. გამოცდები ჩავაბარე და მოხდა საოცრება – ჩარიცხულთა სიაში აღმოვჩნდი! ასე შეიცვალა ჩემი ოჯახის გეგმები და ამისრულდა ფარული ოცნება.

- მეორე კურსზე კი გათხოვდით.

- დიახ, მეორე კურსზე გავთხოვდი. ჩემი მეუღლე იყო ნუგზარ შარია, რომელიც შემდეგ უცხოეთში დარჩა.

გათხოვებიდან მალე გოგონა შემეძინა, ნესტანი. ამდენად, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, განაწილებაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვიჯექი და ბავშვს ვზრდიდი. მთელი ჩემი კურსი რუსთაველის თეატრში აიყვანეს სამუშაოდ.

ერთხელაც რუსთაველზე მოვსეირნობდი ჩემს პატარა გოგონასთან ერთად. შემხვდა ჩემი კურსელი გოგი ხარაბაძე. ერთმანეთი მოვიკითხეთ. რომ გაიგო, უმუშევარი ვიყავი, მოჰკიდა ხელი ნესტანს, აიხუტა და რუსთაველის თეატრში შევიდა. მეც შევყევი. პირდაპირ დოდო ალექსიძეს მიადგა (მაშინ ის იყო თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი) და უთხრა: "ხედავთ? ლია უმუშევარია". განაგრძეთ კითხვა