"ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს და დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ არ გაუარესდეს სიტუაცია" - კვირის პალიტრა

"ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს და დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ არ გაუარესდეს სიტუაცია"

"ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს და დანის პირზე უნდა ვიაროთ ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს სიტუაცია და მეორე მხრივ, ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორით უმჯობესდება.

"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორით უმჯობესდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ - ძალიან ნელი ტემპით. მხედველობაში მაქვს როგორც ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, როდესაც პიკი გვქონდა 17 მაისს და მას შემდეგ თანდათან ქვემოთ მოდის, ისევე დადებითობის მაჩვენებელი განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჯერ გაჩნდა ოდნავ ტენდენცია, დადებითობის მაჩვენებლის ერთ დონეზე სტაბილიზაციის, ამიტომ რომ შევაჯამოთ, ჩვენთან საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება მესამე ტალღის პიკთან მიმართებაში, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. ამიტომ ისევ და ისევ, ყველა ის, რაც დღეს გამოცხადდა, აუცილებელია, რომ ჩვენ რეკომენდაციის საფუძველზე მაინც ყველა რეგულაცია დავიცვათ. გასაგებია, რომ პირბადე გარე სივრცეებში რეკომენდირებული არ იქნება, მაგრამ ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, უნდა ატაროს.

ცნობისთვის, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამასთან, 1-ელი ივლისიდან უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი.

"ქვეყანა თანდათან, ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 20 000 მაინც", - მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვაქცინის ორი დოზით 84 756 ადამიანია აცრილი.

"დღეის რიცხვით ქვეყანაში ჩატარებულია 238 220 აცრა. აქედან, ერთი დოზით აცრილია 153 464 ადამიანი, ორი დოზით კი 84 756 ადამიანი. ორი დოზით აცრილი, სამიზნესთან შედარებით გვაქვს 5%, ხოლო 18-წლის ზემოთ მოსახლეობასთან მოცვა ერთი დოზით აცრილების შეადგენს 9%-ს, ანუ თანდათან, ჩვენ თუ გვქონდა აცრის საშუალო მაჩვენებელი -მარტში 450, აპრილში 1200, მაისში 3500, ივნისის პირველ ათ დღეში გვქონდა დაახლოებით 6 000 და დღეს გვაქვს 4 800.

მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილია და დღესაც ეს საბჭოზე განხილული იყო, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების და ამის დასტური მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციებიდან, იქნება სულ მცირე მილიონი დოზა, ამიტომ ქვეყანა თანდათან ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 20 000 მაინც, რომ ჩვენს სამიზნე რაოდენობაზე გავიდეთ. ყველა რესურსი იქნება მობილიზებული. ქვეყანაში დღეს მუშაობს 280-მდე ამცრელი ბრიგადა და დასრულებულია უკვე მუშაობა ე.წ. დიდი სივრცეების ლოჯისტიკასთან დაკავშირებით და იქნება მისი განხილვა, ასევე შერჩეულია გარკვეული ადგილები, სადაც ეს დიდი სიცრცეები შეიძლება განთავსდეს და გამტარუნარიანობა აცრების იქნას შესაბამისად უზრუნველყოფილი", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"