ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს - კვირის პალიტრა

ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს. როგორც ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი წერილი უკვე მზად არის.

"გადაწყდა, რომ პატრიარქის სახელით გაეგზავნება წერილი. წერილი უკვე მზად არის და გადაეგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი, რომ მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა გახელაძე არის დაკავებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი და ახლობლები დღეს სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

გახელაძის მამა აცხადებს, რომ შვილის დაბადების დღეზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ეცდება, იმისთვის, რომ ამგვარად საკუთარ შვილთან შეხვედრა შეძლოს.

ამასთან, ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, სასულიერო პირებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ წერილით მიმართა რუსეთის პატრიარქს, რათა მისი მეუღლის გათავისუფლების პროცესში ეშუამდგომლა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და "მესაზღვრეებისთვის" ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.