"არანაირი გზის გადაკეტვა არ იქნება, პატრიარქის თხოვნას პატივს ვცემთ და გავითვალისწინებთ" - ზაზა გახელაძის მამა დღის წესრიგის შეცვლაზე - კვირის პალიტრა

"არანაირი გზის გადაკეტვა არ იქნება, პატრიარქის თხოვნას პატივს ვცემთ და გავითვალისწინებთ" - ზაზა გახელაძის მამა დღის წესრიგის შეცვლაზე

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე აცხადებს, რომ მისი შვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციის დღის წესრიგი შეიცვალა.

როგორც მან სოფელ ქვემო ჭალაში ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხში საქართველოს პატრიარქი ჩაერთო, რომლის თხოვნის საფუძველზე გეგმები შეცვალა. მისივე განმარტებით, გაცხადებული ჰქონდა, რომ გადავიდოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც ასევე გადაიფიქრა.

"მე ვთხოვე ხალხს გვერდში დადგომა, ხელისუფლებასაც მივმართე, მაგრამ დაძაბული მდგომარეობაა და ვერ მოხერხდა ზაზას გათავისუფლება. ხელისუფლებას აქვს ბერკეტები, რომ იმოქმედოს, მაგრამ ეს ბერკეტები ჯერჯერობით უმოქმედოა. მე-12 თვე დაიწყო ზაზას დაკავებიდან, მაგრამ შედეგი არ არის. არ მინდოდა ამ მასშტაბის აქციის დაორგანიზება, ჩაფიქრებული მქონდა გადავსულიყავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ეს ჩანაფიქრი დილის 10:00 საათამდე მქონდა. ვითარებაში ჩაერთო უწმინდესი, მისი თხოვნით... აღარანაირი გზის გადაკეტვა არ იქნება, პატივს ვცემთ პატრიარქის თხოვნას, რასაც გავითვალისწინებთ. მივედით იმ ზომამდე, რომ მეუღლე ლამის დემეღუპა ნერვიულობის გამო. გეგმა პატრიარქის თხოვნით შევცვალე" , - აცხადებს მიხეილ გახელაძე.