"ჩემი მეუღლე ყველაფერში გარკვეული იყო, მხარში მედგა, სუნთქვებშიც კი მეხმარებოდა, ერთად ვსეირნობდით..." - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლე ყველაფერში გარკვეული იყო, მხარში მედგა, სუნთქვებშიც კი მეხმარებოდა, ერთად ვსეირნობდით..."

ყველა დეტალი მაინტერესებდა, თუ რას შეიძლებოდა შეეწუხებინა ახალშობილი...

მოცეკვავე ლოლიტა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ორსულობის ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს, თუმცა შვილი დაახლოებით ერთი თვის წინ შეეძინა... ამის მიზეზს ახალბედა დედა ჩვენთან ინტერვიუში ასახელებს.

- ჩვენი პატარა - ალექსანდრე მაჭავარიანი ქვეყანას 25 აპრილს მოევლინა. ძალიან კარგი ბიჭია. ჩვენს ცხოვრებაში დიდი სხივი შემოიტანა. როდესაც გავიგეთ, რომ ბიჭი უნდა შეგვძენოდა, მე და ჩემმა მეუღლემ სახელის ძიება დავიწყეთ. ვიპოვეთ "ალექსანდრე", მოგვეწონა და ორივემ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს შვილს ეს სახელი ერქვას... ალექსანდრე საკმაოდ დიდი ბიჭი - 4 კგ დაიბადა...

- შვილის შეძენა მოულოდნელი სიხარული იყო თუ გეგმავდით? - ვგეგმავდით. ზაფხულში ბათუმში ვისვენებდით. სწორედ იქ გავიგეთ, რომ ორსულად ვიყავი.

- ორსულობის 9 თვე როგორი იყო? - 9 თვის განმავლობაში დიდ სიხარულს, მოლოდინს განვიცდიდი. ერთი სული მქონდა, ის პერიოდი როდის გავიდოდა. პარალელურად, ძალიან მსიამოვნებდა ის მდგომარეობა, რომელშიც ვიყავი, მაგრამ მოლოდინი უფრო დიდი იყო - ვინ გაჩნდებოდა, ვის დავიჭერდი ხელში... ეს უდიდესი ბედნიერებაა! თითქოს ვიცოდი, წინ რა მელოდა, მაგრამ როდესაც უკვე ფაქტის წინაშე დავდექი და შვილი ხელში დავიჭირე, სიტყვებით ვერ აღვწერ, ისეთი გრძნობა დამეუფლა! ეს დედობრივი სიყვარული ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება და არ ვიცი, სადამდე გაგრძელდება - დაუსრულებელია...

- როგორ ემზადებოდი შვილთან შესახვედრად? - როგორც კი გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ვეცნობოდი ინფორმაციას, ამ დროს ბავშვი რა მდგომარეობაში იყო, ორგანიზმში რა ხდებოდა... ვიცინოდი - ამ საკითხში უკვე ისეთი გარკვეული ვარ, რომ ორსულობის დასასრულს, ფაქტობრივად, ლექციის ჩატარება შემიძლია-მეთქი. მაგალითად, ჭიპლარის შესახებაც გავიგე, რომ მასში ნერვული დაბოლოებები არ არის და გადაჭრისას პატარას არაფერი სტკივა... ყველა დეტალი მაინტერესებდა, თუ რას შეიძლებოდა შეეწუხებინა ახალშობილი... ორსულობისას ვკითხულობდი, კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი და 7 თვის განმავლობაში, აქტიურად ვვარჯიშობდი. შემდეგ ცოტათი პასიური გავხდი - მხოლოდ სეირნობით შემოვიფარგლებოდი, რომ პატარას მუცელში თავი კომფორტულად ეგრძნო.

- "ტიკტოკის" ვიდეოებსაც აქტიურად იღებდი, არა? - ორსულობის პერიოდში ვიდეოებს აქტიურად ვიღებდი, მაგრამ არ ვაქვეყნებდი. მშობიარობის შემდეგ უკვე გამოვიტანე.

- ამის მიზეზი რა იყო? - ჩემი მდგომარეობის გამხელა არ მსურდა. რატომღაც, უფრო მშვიდად, წყნარად ვიყავი. უბრალოდ, ყველა დეტალი აღწერილი, გადაღებული მაქვს. რაც საჭიროდ მივიჩნიე, ახლა ის გავასაჯაროვე, დანარჩენი ჩვენთან დარჩება.

- როგორი ორსული იყავი? - რაღაცების ამოჩემება არ მახასიათებდა. ხასიათი არ შემცვლია. მეუღლე ყოველდღე მეკითხებოდა, - რამე განსხვავებული ხომ არ გინდაო? უბრალოდ, რაღაც გემოების გასინჯვა მომინდა, რასაც მანამდე არ ვჭამდი, არ მიყვარდა. ხინკალიც და პიცაც უბრალოდ გავსინჯე, გემო მაინტერესებდა.

- ორსულობამდე ხინკალი და პიცა არასოდეს გიჭამია? - მხოლოდ ბავშვობაში, შემდეგ - რატომღაც, აღარ. დიდად არც მიყვარს. მერე, ორსულობის პერიოდში ვფიქრობდი - შესაძლოა, ასეთი საკვების ჭამა ორსულობის მერეც გავაგრძელო-მეთქი, მაგრამ ახლა ნამდვილად აღარ მინდა, რომ ხინკალი ვჭამო (იღიმის). საერთოდ, ცომეული არ მიყვარს, ტკბილეულის გარდა.

- ორსულობისას წონაში რამდენი მოიმატე? - 13 კგ მოვიმატე. მშობიარობიდან 10 დღეში ჩემს წონას დავუბრუნდი - ცამეტივე კილო დავიკელი.

- ამისთვის არანაირი ძალისხმევა არ დაგჭირვებია? - არანაირი. წონა თავისით დამაკლდა - ამისთვის არაფერი გამიკეთებია.

- დედობამ ალბათ შენი ცხოვრების წესი, რეჟიმი შეცვალა, არა? - ამჟამად მთლიანად ბავშვის რეჟიმზე ვარ მორგებული. ჩემი მდგომარეობით უზარმაზარ ბედნიერებას განვიცდი... ბავშვს დამოუკიდებლად ვუვლი და ეს მსიამოვნებს. პირველი 2 კვირა, რა თქმა უნდა, აქტიურად მეხმარებოდნენ. ბავშვის მოვლას მეც უკვე გამოცდილი ხალხისგან - დედაჩემის და ჩემი მეუღლის დედიკოსგან - მაქსიმალურად ვსწავლობდი. უკვე ვიცი, პატარას რა დროს რა სჭირდება, რა აწუხებს და დროულად ვშველი, ბევრი წვალებისა და ტირილის გარეშე. შესაბამისად, ერთმანეთთან თავს კომფორტულად ვგრძნობთ (იღიმის)... დღის განმავლობაში უმეტესად ღვიძავს, ხელში აყვანა უნდა. როცა ჩაეძინება, მაქსიმალურად ვცდილობ, იმ ნახევარ საათში ყველაფერი მოვასწრო. ამ ეტაპზე, გამოგვდის.

- ცეკვის სფეროს რაც შეეხება, შემოთავაზების შემთხვევაში, პროექტებში მონაწილეობას შეძლებ?

- ამჟამად, დროებით ყველაფრისგან გარიდებული ვარ. სტუდიაში დამხმარეები მიწყობენ ხელს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი - მათ გარეშე რა მეშველებოდა, არ ვიცი. ამ პერიოდში ჩემს პროფესიაში ცოტათი პასიური ვარ. რა თქმა უნდა, სამომავლოდ ყველაფერს დავალაგებ და მუშაობას აქტიურად გავაგრძელებ.

- კვების რეჟიმს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევ? - რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ვიკვებები, რადგან მეძუძური დედისთვის ყველაფრის ჭამა არ შეიძლება. პედიატრისგან რჩევები მივიღე. ჩემი საუზმე რძიანი "ჰერკულესით" იწყება. დღის განმავლობაში წვნიანს მივირთმევ, ასევე - იოგურტს, რძის პროდუქტს, მაქსიმალურად მსუბუქ საკვებს...

- შენი პატარა ახლახან მოევლინა სამყაროს, მაგრამ მაინც გკითხავ: მისი მომავალი როგორი წარმოგიდგენია? - ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში მე და ჩემი მეუღლე მის მომავალზე ვფიქრობდით. გვინდა, რაშიც ძლიერი იქნება, იმ პროფესიის დაუფლებაში შევუწყოთ ხელი...

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თანამედროვე მამები, ორსულობის და შემდგომ პერიოდში აქტიურად ჩართულები არიან, რაც ძალიან მომწონს და მახარებს. ჩემი მეუღლე აბსოლუტურად ყველაფერში გარკვეული იყო. ხომ აღვნიშნე, ორსულობის ყოველ კვირაში გარკვეული ვიყავი, ქალის ორგანიზმში რა და როგორ ხდებოდა, ბავშვი როგორ ვითარდებოდა... ანალოგიურად, ჩემი მეუღლეც ყველანაირ ინფორმაციას იძიებდა, მხარში მედგა და ბოლო კვირებში, სუნთქვებშიც კი მეხმარებოდა, ერთად ვსეირნობდით... ორსულ ქალზე ეს კარგად მოქმედებს, როდესაც მეუღლე გვერდით ასე უდგას და მისგან ამხელა სიყვარულს გრძნობს...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"