"ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი იყო ჩემს ცხოვრებაში... ვნახოთ, იქნებ, ოდესმე ქართველი ქალი მოვიყვანო ცოლად"
"ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში" - გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში
ექიმი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა. მან თავისი ხშირი და ემოციური სატელევიზიო თუ "ფეისბუქჩართვებით" განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი ქართველ საზოგადოებას, რომელმაც გიორგი ფხაკაძე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ისე გაიცნო, თუმცა, როგორც ირკვევა, მას ბევრ მნიშვნელოვან პოზიციაზე უმუშავია და დღემდე მეტად საინტერესო ცხოვრებაც გაუვლია, რაზეც AMBEBI.GE-ის უამბო:
- დედით უკრაინელი, მამით ქართველი ვარ. ბავშვობიდან ლვოვსა და ქუთაისში ვსწავლობდი და არაერთი სკოლა გამოვიცვალე. ამას გარდა, მუსიკალურ სკოლებში ვსწავლობდი, ჭიდაობაზე დავდიოდი. პატარა ვიყავი, როდესაც უკრაინაში დედას ბალეტზე დავყავდი, ქუთაისში ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი, ჭადრაკით ვიყავი გატაცებული. ბავშვობა ძალიან დატვირთული მქონდა, სათამაშოდ დრო არ მრჩებოდა. ლვოვი და ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქებია. ხუთი წლის ასაკში მარტომ ვიმოგზაურე საქართველოდან უკრაინაში. ჩამსვეს თვითმფრინავში, ვიღაც კაცს მიმაბარეს და მე მივასწავლე იმ კაცს, როგორ მივეყვანე სახლამდე. ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი. ხუთი წლის ასაკიდან ბაზარში მარტო დავდიოდი. დედაჩემი ფულს მომცემდა და მე ვყიდულობდი. დამინახავდნენ, - რა საყვარელი ბავშვიაო და ისე მიკლებდნენ ფასებს... ჰოდა, მეც გემრიელად ვვაჭრობდი. ბავშვობიდან ვისწავლე ვაჭრობა, ხარისხის ცნობა. ყველა ყველს ვსინჯავდი, ვიდრე კარგ ყველს არ შევარჩევდი. თან ვიმახსოვრებდი, ვისთან როგორი იყო, მერე იმას ტვინს ვუბურღავდი, ვიდრე ფასს მაქსიმალურად არ დავაკლებინებდი. როცა საჭიროა, ნიუ-იორკში, მანჰეტენზეც ვვაჭრობ... მეუბნებიან, გიორგი რას შვრებიო? ვპასუხობ, - მაცადეთ! ქუთაისის მწვანე ბაზარი და ნიუ-იორკის მანჰეტენის ბაზარი ერთი და იგივეა, იქაც ფასებს ვაკლებინებ - მეთქი...
- თქვენს პროფესიულ არჩევანზე და ზოგადად, ჩამოყალიბებაზე ვინ იქონია გავლენა?
- სამედიცინოზე ჩაბარების ამბავი მე ვინ მკითხა, დედაჩემს უნდოდა თეთრი ხალათი მცმოდა. მამა ეუბნებოდა მზარეულებსაც კი აქვთ თეთრი ხალათიო, მართალი იყო, სჯობდა, მზარეული გამოვსულიყავი. დედა ძალიან განსხვავებული ქალბატონი იყო, ისე გამზარდა, ჩემზე ხელი არასდროს აუწევია, მაგრამ ისეთი მწარე ენა ჰქონდა, სჯობდა კარგად ვეცემე. როცა სწავლა არ მინდოდა, მეტყოდა, - რად გინდა სწავლა, აგერ ცოცხი და იმუშავე დამლაგებლადო. მეც ვტიროდი, არ მინდა "დვორნიკობა - მეთქი". სამედიცინოზე სწავლა არ მინდოდა, რადგან სისხლის ძალიან მეშინოდა. ერთხელ დედამ მაიძულა, ქათამი დამეკლა... ამ ქათამს ყელი ცოტათი წავაჭერი, მაგრამ ვერ მოვკალი, წამოხტა ეს სისხლიანი მამალი და გამომეკიდა, სამი წრე დავარტყი სახლს ყვირილით, მამალი სისხლისგან იცლება, მაგრამ გამწარებული მომდევს, მე დავრბივარ.
საბოლოო ჯამში, მაინც ჩავაბარე სამედიცინოზე. სახლში ყველა სიგარეტს ეწეოდა. დედა სულ მეუბნებოდა, - სჯობს შინ მოწიო სიგარეტი, მე საუკეთესო ხარისხის მაქვსო... ალბათ რომ არ მიკრძალავდნენ, ამიტომაც არასდროს არ გამჩენია მოწევის ინტერესი. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ პირველად დედამ მომცა პრეზერვატივი...
იმ დროს, სექსუალური თვალსაზრისით, მე ვიყავი ყველაზე განათლებული ბავშვი, ერთადერთი ვიყავი სკოლაში, რომელმაც იცოდა ბავშვი საიდან ჩნდება, რადგან დედაჩემმა მომცა წასაკითხად გინეკოლოგიის წიგნი, რომელშიც ყველაფერი დეტალურად იყო აღწერილი. წავიკითხე, გავიგე და გადავედი შემდეგ ეტაპზე. სექსუალური განათლება მივიღე დედისგან.
- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ?
- ჩემი ოცნება იყო, საღორიის საავადმყოფოში ქირურგად მემუშავა. თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ შაბათ-კვირას ჩავდიოდი ქუთაისში, იმიტომ რომ დედასთან ყოფნა ძალიან მიყვარდა. ქუთისში შემთხვევით, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა და იქედან წამოვიდა სხვადასხვა არასამთავრობოები ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, 20 წლის ასაკში, უკვე "ენჯეოშნიკი" და გავლენიანი ადამიანი ვიყავი. ეხუმრებით, გიორგი ფხაკაძის ორგანიზებით, ამერიკის ელჩი ჩამოვიდა ქუთაისში. წარმოიდგინეთ, 1999 წელს ეს რამხელა ამბავი იქნებოდა. რომ დავრჩენილიყავი საქართველოში, ალბათ მთავრობაში ამოვყოფდი თავს.
- არ გდომებიათ საქართველოს მთავრობაში მოსვლა?
- იყო ლაპარაკი, რომ 21 წლის ბიჭი იმერეთის იმჟამინდელი გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის თანაშემწე ვყოფილიყავი. ჩემი რეკომენდაციით, ამერიკის საელჩო ხალხს ვიზას აძლევდა, წარმოგიდგენიათ, რამხელა ნდობა მქონდა... ზრდის მაქსიმუმს მივაღწიე და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ქუთაისში ვიყავი ერთადერთი, თბილისში ვიქნებოდი ერთ-ერთი. გადავწყვიტე, საზღვარგარეთ წავსულიყავი და წავედი ნეპალში, სადაც ჩემი მეგობრები იყვნენ. ფულიც მქონდა, ვიფიქრე, წავალ, დავისვენებ, თან მაგისტრატურაზე ჩაბარებას ვფიქრობდი. ნეპალი იმ დროს ძალიან ღარიბი და იაფი ქვეყანა იყო, საქართველოზე იაფიც კი. იქაურ უნივერსიტეტში საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჰქონდათ კარგი პროგრამა, გადავწყვიტე წავსულიყავი. მაგ დროს ჟენევაში ვიყავი, დავურეკე დედას და ვეუბნები: - დედა, მე კატმანდუში მივდივარ ერთი წლით. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, ველოდები, ვაიმე ახლა რას მეტყვის, ალბათ გადაირევა, ატეხავს წივილ-კივილს და ამ დროს მეუბნება, - ხომ იცი, იქედან კამასუტრა წამოიღე და აქედან ბევრი პრეზერვატივი წაიყოლე... - ეს იყო დედაჩემის რეაქცია. გააგრძელეთ კითხვა