"რთული პროცესების შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ..." - რა საკითხებს მოიცავს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა - კვირის პალიტრა

"რთული პროცესების შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ..." - რა საკითხებს მოიცავს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში გააცნო.

პრემიერ-მინისტრის 151-გვერდიანი ანგარიში პარლამენტში წერილობითი ფორმით 1 -ელ ივნისს შევიდა.

ეკონომიკური სტაბილურობისა და სიძლიერისთვის აუცილებელია რეგიონების განვითარება და ადგილებზე ახალი სამუშაოების შექმნა. ყველა დიდი თუ მცირე პროექტი სწორედ რეგიონების გაძლიერებას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან და წელს ჯამში დასაფინანსებლად 8300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა, ამასთან, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 2012 წლის მაჩვენებლებს 84.5%-ით აღემატება.

"გეგმაზომიერად ვახორციელებთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების პოლიტიკას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან და წელს ჯამში 8300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით გაიზარდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მაგალითისთვის - აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 84.5%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს.

ეტაპობრივად ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს გარემოსდაცვით სფეროში. ახალი ტყის კოდექსი უზრუნველყოფს ხე-ტყის დამზადების სამუშაოების ორგანიზებულ მართვას და ტყეების დაცვას. ბოლო წლებში, რეკორდულად, 280 ათასი ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი და დღეს ის ქვეყნის 12%-ს ფარავს. დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებულმა არაერთმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა და სამუშაოებმა გააჩინა ახალი მიზიდულობის ცენტრები, შექმნა ახალი შესაძლებლობები როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ზოგადად მოსახლეობისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დახმარების შესახებ ისაუბრა.

"ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა. პანდემიის პერიოდში ჩვენ მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1,500-მდე ადამიანს.

გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის ხორციელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება: "მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თანამოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს".

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა.

"ვფიქრობ, საკმაოდ რთული პროცესების შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ყველა მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავედით.

დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ "ფაიზერთან" მივაღწიეთ მოლაპარაკებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე ერთი მილიონი "სინოფარმი", მილიონი "სინოვაკი", "ნოვავაქსის" 700 000 დოზა. ჯამში წლის ბოლომდე, 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნას აცრილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მომდევნო წლების ერთ-ერთი ამოცანაა, მცირე ზომის ციხეების შექმნა.

მისივე ინფორმაციით, შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია: "საგარეო მიმართულებით ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კვლავ დიდი ყურადღება დაეთმობა განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.

"ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 270 მლნ. ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი - 243 მლნ. ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ. ლარს მიაღწევს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იწყებს ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, მრავალშვილიან ოჯახებს, ან ოჯახებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით.

"ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის. საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.