"აკო შემოგევლე,რაღაც ამჩატებული ხარ, ჩუმად იყავი, არ ამოხტე შარვლიდან" - კვირის პალიტრა

"აკო შემოგევლე,რაღაც ამჩატებული ხარ, ჩუმად იყავი, არ ამოხტე შარვლიდან"

რაღაც ამჩატებული ხარ, ჩუმად იყავი, არ ამოხტე შარვლიდან და სანამ სხვას პრეტენზიას წარუდგენ თქვი, რომ შეგვეშალა, არ იყო სწორი - შეგინდობთ, მოგიტევებთ, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის გამოსვლას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც აკაკი მინაშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ ხელისუფლება თმობს საქართველოს ტერიტორიებს.

ზარქუამ მოუწოდა, აკაკი მინაშვილს, რომ მან საკუთარ გუნდის წევრებს მოსთხოვოს პასუხი, თუ რატომ მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციის მეხუთე მუხლს.

"აკო შემოგევლე, სანამ ამ იარლიყს გამოიყენებ ახლა რაც თქვი, კარგად მოისმინე, რაღაც ამჩატებული ხარ. შენი გუნდის წევრებს მოსთხოვე პასუხი ევროსაბჭოს რეზოლუციას მეხუთე მუხლს როგორ დაუჭირეს მხარი. შენ ეთანხმები? პირდაპირ ეთერში თქვი, შენ ეთანხმები, რომ ფართომასშტაბიანი ომის ესკალაცია საქართველომ გააკეთა? - ამას მოაწერეთ ხელი. ამის გარდა, სტრატეგიული ობიექტები "ხრამ 1", "ხრამ 2", "წყალკანალი" ბენდუქიძის დახმარებით რუსებს გადაეცით. ჩუმად იყავი, არ ამოხტე შარვლიდან. სანამ სხვას პრეტენზიას წარუდგენ თქვი, რომ შეგვეშალა, არ იყო სწორი - შეგინდობთ, მოგიტევებთ, აი მანამდე ჩუმად იყავი", - მიმართა ზარქუამ მინაშვილს.

აკაკი მინაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრემიერის განცხადება იყო პირდაპირი ჩვენება რუსეთის სასარგებლოდ.

"ბატონო ირაკლი, რაც თქვენ განაცხადეთ დაზვერვის ოფიცრებთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირ ქვეყნის ღალატი, ეს არის პირდაპირ ჩვენება რუსეთის სასარგებლოდ ისე, როგორც ღალატია როგორც აწვდიდით საიდუმლო ინფორმაციას საიდუმლო ობიექტებზე, ისე როგორც აწვდიდით პირად ინფორმაციას ჩვენს სამხედროებზე და რისკის ქვეშ დააყენეთ ისინი, ისე როგორც თმობთ საქართველოს ტერიტორიებს და ყველაფერი ეს არის ღალატი და ამაზე უნდა აგოთ პასუხი", - განაცხადა მინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"