ერთი ვერსიით, ყიფიანმა საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც... - "კრიმინალური ავტორიტეტის" დაკავების ახალი დეტალები
25 ივნისს ე.წ "კრიმინალური ავტორიტეტი" ვატო ყიფიანი საქართველოში კიევიდან ჩამოფრინდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 8 საათის განმავლობაში ჰყავდათ ძალოვნებს ოთახში. როგორც შევიტყვეთ, სამართალდამცავები მოსამართლის განჩინებას ელოდებოდნენ. სწორედ ამ განჩინების საფუძველზე მოხდა მისი დაკავება და შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
შს სამინიტროში ადასტურებენ, რომ ყიფიანი 18-109 მუხლით არის დაკავებული, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის საქმეს უკავშირდება. ძმებს 2019 წელს ორჯერ აუფეთქეს ავტომობილი. ამ საქმეზე უკვე გასამართლებულია 6 პირი, თუმცა, ბრალდებულების ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოში განაჩენები გასაჩივრებული აქვთ, რადგან ბრალდებულები ბრალს არ ეთანხმებიან.
გამოძიება კი ამ დრომდე გრძელდებოდა ორგანიზატორების გამოსავლენად. 15 ტომიან საქმეში რა მტკიცებულებები დევს ვატო ყიფიანის წინააღმდეგ, ეს ჯერჯერობით უცნობია. მის ადვოკატს მასალებს ბრალის წარდგენის შემდეგ გადასცემენ.
დაკავებული ყიფიანის ადვოკატი მარიკა ფხალაძე ადასტურებს, რომ ვატო ყიფიანი ფეიქრიშვილების საქმეზე მარტში დაიკითხა და ჩვენება მისცა. მაშინ ის საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული. ადვოკატის თქმით, მისი დაკითხვა მოწმის სტატუსით მოხდა და ყველა კითხვას პასუხი გასცა. ამ ორი თვის განმავლობაში რა შეიცვალა ამ საქმეში, რატომ წაუყენეს ბრალი ახლა, ამხელს თუ არა მას რომელიმე ბრალდებული მას, ამაზე პასუხი ჯერჯერობით ადვოკატს არ აქვს, სავარაუდოდ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ის უფრო ვრცელ კომენტარს გააკეთებს.
ე.წ "კრიმინალური ავტორიტეტი" წლებია უკრაინაში ცხოვრობს. ერთი ვერსიით, ყიფიანმა საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ უკრაინამ კანონი მიიღო და დაიწყო დევნა ყველა იმ პირის, ვისაც "კრიმინალური ავტორიტეტის" სტატუსი აქვს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების დეპარტამენტის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან დეპორტაციის პროცედურით გააძევეს. ამის შესახებ მათ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი: "ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს როგორც ადამიანი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე იყო. "ავტორიტეტს" უკრაინის ტერიტორიაზე შესვლაც აეკრძალა. 42 წლის ყიფიანი, რომელიც რამდენჯერმეა ნასამართლევი, წარსულში სხვა ქვეყნების სამართალდამცველების მიერაც იყო დაკავებული სხვადასხვა სერიოზული დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობისთვისაც. უკრაინაში ის ქართული და რუსული კრიმინალური სამყაროს ინტერესებს წარმოადგენს. აკონტროლებდა დაჯგუფებებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ფულის გამოძალვასა და მოპარვაში, აორგანიზებდა კრიმინალურ თავშეყრებსაც", - წერია განცხადებაში.
თავად ადვოკატი მარიკა ფხალაძე კი ამბობს, რომ ყიფიანს უკრაინაში ბიზნესი აქვს და ის უკან დაბრუნებას აპირებდა. "პირველ საათზე ჩამოფრინდა აეროპორტში, მას შემდეგ ყავდათ იქ საღამოს 8 საათამდე. უცებ შევარდნენ მოსამართლესთან, აიღეს განჩინება მის დაპატიმრებაზე. არადა ის საქმის მასალები 15 ტომია. ძალიან მაინტერესებს როგორ მოასწრო მოსამართლემ ამ 15 ტომის გაცნობა ერთ საათში, ან რა გაარკვია, თან ეს გადაწყვეტილებაც რომ მიიღო. ორი თვის წინ ჩამოვიდა ჩვეულებრივ, ოჯახის წევრების სანახავად. 3-4 დღე იყო აქ და მაშინ გაიგეს ჩამოსული რომ იყო და დაიბარეს, ფეიქრიშვილების საქმეზე ყველა კითხვას გასცა პასუხი. გამოკითხეს მოწმის სტატუსით. იმ საქმეზე განაჩენი დამდგარია, გასამართლებულებს აპელაციაში აქვთ გასაჩივრებული, რადგან ბრალს არ ეთანხმებიან. საინტერესოა ვატოს დაკითხვის მერე რა მტკიცებულება მოიპოვა ამ საქმეზე პროკურატურამ? მაშინ არაფერი ჰქონდათ მის წინააღმდეგ. მასალებს რომ გავეცნობი მერე გეტყვით დეტალებს. დაებარებინათ დამატებით დაკითხვაზე, ამ ცირკის ჩატარება რა საჭირო იყო? უკრაინაში აქვს თავისი საქმე და ბიზნესი, ახლაც აქ დარჩენას არ აპირებდა, მშობლები ჰყავს, მეგობრები, მათ სანახავად ჩამოვიდა და უკან წავიდოდა. შეიძლება მთელი ცხოვრება დევნიდნენ ამ ადამიანს? რამდენჯერაც ვატოს ბრალი წაუყენეს ამ წლების განმავლობაში, საბოლოოდ ყველა საქმეში გამართლდა", - ამბობს ადვოკატი მარიკა ფხალაძე.
შეგახსენებთ, ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე 2020 წელს ძალოვნებმა 6 პირი დააკავეს. კიდევ ერთი პირი, უკრაინაში, კერძოდ ხარკოვში აიყვანეს. უშუალოდ მკვლელობის მომზადებას გამოძიება გიორგი ბიბილაურს და ბექა ცინცაძეს ედავებოდა. ამ უმძიმეს დანაშაულში მხილებული პირები ბრალს არ აღიარებდნენ. ბექა ცინცაძის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ირწმუნებოდა, რომ მის დასაცავს დანაშაული არ ჩაუდენია. მას წარსული შებღალული არ აქვს, წარმატებული პროდიუსერია და დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. დანაშაულს არ აღიარებს არც გიორგი ბიბილაური, თუმცა გამოძიება აცხადებდა, რომ სწორედ ბიბილაურს გადასცეს აჭარიდან ჩამოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება.
გამოძიების მტკიცებით, უკრაინელ მამაკაცთან პირველი შეხვედრა რესტორან "თაღლაურაში" 2019 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. როგორც ჩანს, განზრახვა სისრულეში სწორედ უკრაინელს უნდა მოეყვანა. ბათუმში ამ საქმეზე მაშინ 4 პირი დააკავეს. როლანდ ბერიძეს, იური მჟავანაძეს, ნუგზარ ბეჟანიძეს და გოჩა თადუმაძეს კი ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის მომზადება, შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. ოთხივე დაკავებული ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრი იყო, ყოფილი სპორტსმენები. მხოლოდ ერთი პირი, ბრალდებული იური მჟავანაძე აღიარებდა თავდაპირველად ბრალს და ჩადენილს ინანიებდა. მას ედავებოდნენ ფეთქებადი მოწყობილობის შეძენაში დახმარებას.
მაშინ ვრცელდებოდა ვერსია, რომ ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის ბრძანება ვატო ყიფიანის გაცემული იყო. ძმებ ფეიქრიშვილებს თბილისში "ტყუპების" მეტსახელით იცნობენ. გიორგი და დავით ფეიქრიშვილების სახელი თბილისში ორ დაჯგუფებას შორის მომხდარ დაპირისპირებაში ხშირად ისმოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ფეიქრიშვილების აფეთქებას ავტომობილში გეგმავდნენ. ყიფიანს ახლა ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას შეედავებიან, ერთ-ერთი პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში იდო არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, ძმებ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება სწორედ ვატო ყიფიანმა რომ გასცაო.
გამოძიების ინფორმაციით, დისტანციური ასაფეთქებლის გამოყენებით ავტომობილში უნდა აეფეთქებინათ გიორგი და დავით ფეიქრიშვილები. ასაფეთქებელი მოწყობილობა ბათუმში დამზადდა. მაშინ გამოძიება იმასაც ამბობდა, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა ამის გასარკვევად აღნიშნულმა პირებმა ერთ-ერთი დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქეს კიდეც ბათუმის ტყეში, როცა მიხვდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობა გამართული იყო ამის შემდეგ ის გადასცეს როლანდ ბერიძეს, მან ჩამოიტანა თბილისში და გიორგი ბიბილაურს გადასცაო. მაშინ სწორედ ბერიძე თავის ჩვენებაში ამბობდა, რომ დაუკავშირდა ვახტანგ ყიფიანი და მისი დაკვეთით დაამზადებინა ასაფეთქებელი, თუმცა მოგვიანებით ბერიძემ ჩვენება შეცვალა და დუმილის უფლებას იყენებდა. ბრალდებულმა გოჩა თადუმაძემ პროცესზე დაადასტურა, რომ ჯიპიარესის სიგნალიზაცია გადასცა დაკავებულ ბიჭებს. "მე მოვიტანე მხოლოდ ჯიპიარესის სიგნალიზაცია და სხვა შეხება ამ მოწყობილობასთან არ მქონია. მყავს 6 წლის ბავშვი და მოხუცი დედა. მე არ ჩამიდენია ის, რასაც მედავებით",- ამბობს იგი სასამართლო პროცესზე.
თავად ფეიქრიშვილების ადვოკატი ამბობდა, რომ ძმებმა სუს-ში შეიტყვეს მათი მკვლელობა რომ იგეგმებოდა. ისინი აცხადებდნენ, დაკავებულებს არ ვიცნობთ და არანაირი შეხება მათთან არ გვქონიაო.
(სპეციალურად საიტისთვის)