"...ეს იყო ჩემი პირადი ტრაგედია"
"რაც პოლიტიკაში ვარ, შინაგანად სულ ვიტანჯები. იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო"
პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, საზოგადოება მკაცრ და მტკიცე ქალბატონად იცნობს. ის ყოველთვის პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში ტრიალებს, თუმცა 49 წლის ასაკში ამბობს: "ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც უნდა შევაჯამო. წამიერად უნდა შევჩერდე, უკან მოვიხედო, სახელი დავარქვა და მერე გზა განვაგრძო"…
რას გულისხმობს შემაჯამებელ ეტაპში, რა ქარტეხილები გამოიარა და როგორია პოლიტიკის მიღმა, ამაზე თავად გვესუბრება:
- 49 წლის მანძილზე ასეთი პაუზა არ მქონია. სულ მქონდა შეგრძნება, რომ რაღაცები სწრაფად უნდა მეკეთებინა, ან დროს ვასწრებდი, ან მივყვებოდი, არასდროს ჩამოვრჩენილვარ. ნოემბერში 50 წლის გავხდები. ვიცი, რა მინდა, რა უნდა ვაკეთო, ბევრ რაღაცას სახელიც დავარქვი. ამ ეტაპზე შევყოვნდი, რაღაცებზე დავფიქრდი და გაანალიზება დავიწყე. იმდენი საინტერესო რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ვიფიქრე, ღირს, შევაჯამო, ამიტომ ვწერ წიგნს. რამდენიმე წიგნი მაქვს გამოცემული, ერთი მაშინ დავწერე, როდესაც სადოქტორო დავიცავი, მეორე, სამაგიდო წიგნი, პარლამენტს დავუწერე და დავუტოვე. მასში არის პროფესიული გამოცდილება და დეპუტატებს დაეხმარება, თუკი წაიკითხავენ... ბავშვობაში წერა ძალიან მიყვარდა, მაგრამ წიგნებზე არ მიფიქრია. ეს სურვილი წელს გამიჩნდა, ალბათ, იმიტომ, რომ ვუახლოვდები იმ ასაკს, როდესაც უკან რომ მოიხედავ, რაღაც უნდა შეაჯამო, სახელი დავარქვა და მერე გზა განვაგრძო... ეს წიგნი იქნება არა მხოლოდ ჩემი ცხოვრების შეჯამება, არამედ იმის გაზიარება, რაც გავიგე და რის თქმაც მინდა. ემოციიდან ემოციამდე ვწერ. ხან დიდი შუალედი მაქვს, ხან უცებ მომინდება და ვწერ.
ისეთი საინტერესო პროცესების მონაწილე ვიყავი, განსაკუთრებით - ბოლო 14 წლის მანძილზე, რომ ზოგჯერ მგონია, წიგნის პერსონაჟის როლიდან ვუყურებდი რაღაცებს.
- ძალიან წარმატებული ადვოკატი იყავით, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
- 2007 წელს, როდესაც ოქრუაშვილი დააკავეს, მთხოვა, დამეცვა და ყველაფერი აქედან დაიწყო... მანამდე საკუთარი საადვოკატო კომპანია და უამრავი მოგებული საქმე მქონდა. ყოფით დონეზეც და პროფესიული თვალსაზრისითაც ყველაფერი აწყობილი მქონდა, მაგრამ ისე მაწუხებდა სასამართლოზე პოლიტიკური გავლენა, რომელიც ბედისწერასავით დამყვება, რომ ამ პოლიტიკურ აქტივობებში სულ ვერთვებოდი, სულ ვიბრძოდი. არასდროს ვყოფილვარ ჩაკეტილი ადვოკატი. ამის გამო აღმოვჩნდი პოლიტიკურ ქარცეცხლში. მე ისეთი თავმოყვარე ვარ, გაქცევა არ შემიძლია. ყველა დარბევის დროს, როცა ყველა გარბოდა, მე ბოლომდე ვრჩებოდი. ვერ ავიტან, ვინმემ დამინახოს, რომ რაღაცის შემეშინდა და გავიქეცი. ბრძოლაშიც ასე ვარ - არ არსებობს რამე, რაც გამაჩერებს. აი, ასე აღმოვჩნდი პოლიტიკაში, თუმცა რაც პოლიტიკაში ვარ, შინაგანად სულ ვიტანჯები. იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ამ რთულ და გადარეულ დროს პირველად ვიგრძენი, რომ იმას ვაკეთებ, რაც მინდა.
2012-2016 წლების პარლამენტში ბევრი რამ მოვასწარი და ძალიან ვამაყობ. ყველა დიდი რეფორმისას ჩემს თავზე გაბედულად ავიღე ბევრი მნიშვნელოვანი რამ, თუმცა ეს მაინც პოლიტიკის ნაწილი იყო.
ძალიან მინდოდა მართლმსაჯულების სახლი გამეკეთებინა. ჩემი იდეაა, ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი მართლმსაჯულება და ეს იქამდე მისასვლელი გზაა. ზრდი მომავალ პროფესიონალებს, მოსამართლეებს, პროკურორებს. დიდი სიყვარულით ვაკეთებ ამ საქმეს. ბოლო 14 წლის განმავლობაში ახლა ვარ ბედნიერი.
- თუ არის ამ ძლიერ ქალში ქალური სისუსტეები?
- ძლიერი არავინ იბადება. ძლიერი მაშინ ხდები, როდესაც დამოუკიდებლად გადიხარ გზას და ამ გზაზე დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებებს. თუ ბევრი განსაცდელი შეგხვდება, უფრო ძლიერდები.
ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვიყავი, უამრავ რაღაცას ვაკეთებდი და ვასწრებდი. ვიყავი კარგი შვილი, კარგი მოსწავლე, ბეჯითი და აქტიური... სახლსაც ვალაგებდი, წიგნებსაც ვკითხულობდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი, სპორტსაც მივდევდი... ახლა რომ ვფიქრობ, როგორ ვასწრებდი ამდენ რამეს, ვხვდები - რაც მეტს აკეთებ, მით მეტს ასწრებ. თავიდან სრულიად განსხვავებული ვიყავი, ფაქიზი ბუნება მქონდა და ვარდისფერი სათვალე მეკეთა, მაგრამ იმდენი რამ გამოვიარე, შინაგანად გავკაჟდი.
- თქვენი ძლიერი, მტკიცე ხასიათის მიღმა იგრძნობა, რომ ემოციური ადამიანი ხართ...
- ღმერთმა მარგუნა ეს როლი - რამდენიმე დიდი პროცესის მონაწილე კი არა, კატალიზატორი, ან დამწყები, ან ბოლომდე მიმყვანი ვყოფილიყავი. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი როლი მქონდა ამ ცხოვრებაში და რაღაცები მართლაც გამიკეთებია. როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებდი, მათ უკან იდგა ადამიანური ემოცია. არასდროს არაფერი გამიკეთებია ისე, რომ ეს ადამიანურობისგან დაცლილი ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერს აზრი არა აქვს. დიახ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და დიდი ენერგია მჭირდება, რომ ეს ემოციები ვაკონტროლო. ამაში პასუხისმგებლობაც მეხმარება. ყოფილა მომენტები, როდესაც ემოციები ჩემზე ძლიერი აღმოჩენილა, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია.
- თქვენი პირადი გამოცდილებით რას იტყვით, მამაკაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
- სუსტ მამაკაცებს ძლიერი ქალი აფრთხობთ. როდესაც კაცი თავდაჯერებულია, რატომ უნდა ეშინოდეს? მე ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ არასდროს განმიცდია შური. როცა გვერდით ვიღაც კარგი გამოჩნდება, ეს არ მაფრთხობს, პირიქით, მაბედნიერებს. ვერ აღგიწერთ, ეს როგორი ადამიანური ზეიმია ჩემთვის. ალბათ, იმიტომ, რომ თავის დროზე თვითონ შევძელი ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა და გამოყენება. რატომ უნდა დამთრგუნოს მეორე ადამიანის ან სილამაზემ, ან ძლიერებამ, ან ნიჭიერებამ?
- რამ მოახდინა თქვენზე ისეთი გავლენა, რის შემდეგაც ვარდისფერი სათვალით აღარ უყურებთ სამყაროს? - სამი რამ იყო, რამაც ჩამომაყალიბა პიროვნებად. პირველად 17 წლის ასაკში ვირწმუნე, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაუგეგმავად ხდება და ასე დაუგეგმავად, როცა უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი, საპროტესტო აქციის ორგანიზატორი აღმოვჩნდი. სამი თვე ვერაფერმა მაიძულა, ეს აქცია დამეშალა, არადა, ყველა მოისყიდეს... ჩემს ცხოვრებაში ასე ხდება - ირგვლივ ყველას ყიდულობენ, ან ვიღაცები აშინებენ და ბოლოს ამ ბრძოლებში მარტო ვრჩები, მაგრამ თითქოს განსაკუთრებული აბჯარი მაქვს. იმ დროს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ სამი თვის თავზე აღმოჩნდა, რომ 17 წლის გოგომ განათლების სისტემა შეცვალა. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მეორე იყო პირადი ტრაგედია. მაშინ 24 წლის დამწყები ადვოკატი ვიყავი, პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან დამეხმარა, როგორც დამწყებ იურისტს, მასწავლიდა, როგორ უნდა გამევლო სირთულეები და ეს, იმ დროს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ცხრა თვეში გარდაიცვალა. ეს დიდი სტრესი იყო. ამ ტრაგიკულმა ფაქტმა ისე იმოქმედა, რომ გამიჩნდა მიზანი, რა უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ ძალიან მალე გავხდი წარმატებული ადვოკატი. ჩემს პროფესიულ კარიერაში ეს იყო ტრამპლინი.
მერე პოლიტიკაში აღმოვჩნდი და მესამე განსაცდელი, რამაც ყველაზე მეტად გამომცადა, იყო, როდესაც წინა რეჟიმის დროს ჩემი შვილი და ძმა ჩემ გამო დაიჭირეს. სულ ზღვარზე ვიყავი, აბა, გავუძლებ თუ ვერა, გავჩერდები თუ არა... იმასაც რომ გავუძელი, ვთქვი, უკვე ყველაფერი ვნახე. მას შემდეგ რთულად არაფერი მომჩვენებია.
- როგორია შეყვარებული ეკა ბესელია?
- ჩვეულებრივი და სტანდარტული არაფერი მომწონდა. პირადი ტრაგედიაც, რომელიც ვახსენე, ასეთი იყო, არაჩვეულებრივი და საოცარი. ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ აღარ განმეორებულა. მერე უკვე იყო ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები. ჩვეულებრივი ისტორიები არ მაქვს, სულ არაჩვეულებრივი ისტორიები ხდებოდა ჩემს თავს... როდესაც 24 წლის ასაკში ის ტრაგედია გადავიტანე, სერიოზულად პირველად მაშინ დავწერე. მხოლოდ მეგობარ მონაზონს წავაკითხე, სამთავროს მონასტრიდან, რომელიც ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. მახსოვს, წაიკითხა და დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცუდად იყო. მითხრა, მეც მოვკვდიო. ახლა ჩემი გოგონა წერს კარგად.
- ბედნიერებისთვის გვერდით მეორე ნახევარი მნიშვნელოვანია? - ჩემთვის ბედნიერება იმ ადამიანებით იზომება, ვინც ყველაზე ძვირფასია - შვილები და ოჯახი. თუ კარგად არიან, ეს საკმარისია. არც იმას ველი, რომ ბედნიერება მუდმივი პროცესია. ეს არის დროებითი, ეპიზოდური სიხარული და ასე ეპიზოდურადვე უნდა მიიღო...
მე ისე მივეჩვიე ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას, რომ ამ როლში თავს კარგად ვგრძნობ.
ვერ გეტყვით, რომ ეს დისკომფორტს მიქმნის. არ მაქვს იმის მოთხოვნილება, რომ ჩემ გვერდით სულ უნდა იყოს მეორე ნახევარი.
- არის რაიმე, რასაც ძალიან ნანობთ? - იმდენ რამეს ვნანობ, ის მირჩევნია ჩამოვთვალო, რასაც არ ვნანობ... დრო არასდროს დამიკარგავს, არცერთი წუთი. ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაა ჩემი 49 წელი... არასდროს გავჩერებულვარ და ამას არასდროს ვინანებ. მეორე, რასაც არ ვნანობ, არის ის, რომ ყოველთვის შემეძლო ძალიან მდიდარი ვყოფილიყავი, თუმცა ამაზე სულ უარს ვამბობდი, რადგან იდეალისტი ვარ და არა - მატერიალისტი. ჩემი პრინციპების დასაცავად ბევრ რამეს გავუძელი, კომპრომისზე არასდროს წავსულვარ. ამასაც არასდროს ვინანებ და სწორედ ამის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ქალს, ეკა რომ ჰქვია.
- როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი სიბერე? - ასეთ ფუსფუსში ვიქნები სულ, ვიდრე ცოცხალი ვიქნები, არასდროს გავჩერდები, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ღრმა მოხუცებულობამდე ვერ მივალ...
ხათუნა კორთხონჯია