"მაშინ ვუთხარი, თავს არ გადარებთ, მაგრამ თუ ასე მოხდება, ალბათ, მეც წავალ-მეთქი "ქართული ოცნებიდან" - კვირის პალიტრა

"მაშინ ვუთხარი, თავს არ გადარებთ, მაგრამ თუ ასე მოხდება, ალბათ, მეც წავალ-მეთქი "ქართული ოცნებიდან"

"ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ 2012 წლიდან კისერზე ჩამოეკიდა "ნაციონალურ მოძრაობას" და 2020 წლამდე საფრთხობელად იყენებდა..."

მწერალი, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი თვლის, რომ საზოგადოების ასეთი გახლეჩა დამღუპველია ქვეყნისთვის... რატომ ურჩევნია "ნაციონალურ მოძრაობას" იყოს დესტრუქციული, როგორ შეიძლება ამ პარტიის პოლიტიკური გამოჭერა, რა არის "ქართული ოცნების" საბედისწერო შეცდომა? - ამ ყველაფერთან ერთად, ბატონ მერაბს თავისი ახალი რომანის, "ანატორის" შესახებაც ვესაუბრეთ.

- მალე დატოვეთ "ქართული ოცნების" რიგები. იყო რამე კონკრეტული მიზეზი?

- როდესაც ბიძინა ივანიშვილს პირველად შევხვდი, თქვა, როგორც კი "ოცნება" მოვა ხელისუფლებაში, მე პოლიტიკიდან წავალო. მაშინ ვუთხარი, თავს არ გადარებთ, მაგრამ თუ ასე მოხდება, ალბათ, მეც წავალ "ქართული ოცნებიდან"-მეთქი. ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეს, ამის გამო პარტია დავტოვე. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მთხოვეს ხარაგაულში შტაბის ხელმძღვანელობა და ამის შემდეგ საბოლოოდ გამოვერიდე ამ პროცესებს. დღეს კრიტიკას არც ხელისუფლებას ვაკლებ და არც - ოპოზიციას, მაგრამ მაინც "ოცნების" მხარედ მომნათლეს. მიშას თუ გააკრიტიკებ, აუცილებლად ბიძინასი ხარ, ბიძინას თუ გააკრიტიკებ - მიშასი.

არ მომწონს საზოგადოების გახლეჩა მიშისტებად და ბიძინისტებად, ეტყობა, ესეც ჩვენი უბედურებაა. შეიძლება რომელიმე ძალას უჭერდე მხარს, მაგრამ მოწინააღმდეგეების მხრიდან ზიზღისა და აგრესიის ობიექტი არ უნდა გახდე.

- დღევანდელი გადასახედიდან რა მიგაჩნიათ იმ ყველაფრის მიზეზად, რაც დღეს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირს? - ხელისუფლების დამსახურება იქნება, თუ ქვეყნისთვის სასიკეთო რამ გაკეთდება და ყველაფერში მტყუანი იქნება, თუ ქვეყანა უკან წავა. ავიღოთ, თუნდაც, კულტურა. ქვეყანა და ერი, რომელიც კულტურაზე არ დგას, დაიღუპება და ადვილად გადაშენდება. არ შეიძლება კულტურა ჩათვალო გოიმობად და თქვა, რომ, მაგალითად, "ვეფხისტყაოსანი" უკვე მოძველდა. მეგობრობა, სიყვარული, თავდადება ყოველთვის თანამედროვეა, ღირებულებები მოდიდან არასდროს გადადის. საქართველოში ცდილობენ, კულტურის მოღვაწენი მიისაკუთრონ და გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისა და ამბიციებისთვის. ვიღაც დაწერს ლექსს, რომლითაც "ქართულ ოცნებას" ანადგურებს, მომხრეები ტაშს უკრავენ და მასაც ჰგონია, რომ კარგს აკეთებს.

ყველა, ვინც კი რითმას რითმა მიუსადაგა, პოეტი გახდა და როგორც ეკლესიაში, კულტურაშიც ფეხი მოიკიდეს ადამიანებმა, რომლებმაც სხვა ვერაფერი შეძლეს, ამიტომ თავი ამ სფეროს შეაფარეს. 100 კაცი რომ "ფეისბუკზე"ლექსს მოუწონებს, კაცს თავი პოეტი ჰგონია. მახსოვს, 90-იან წლებში, როდესაც სტუდენტი გავხდი და ჩემი ნაწარმოებები პირველად დაიბეჭდა "ცისკარსა" და "მნათობში", შემეშინდა, ვინმეს მართლა მწერალი არ ვეგონო-მეთქი, ეს იმხელა პასუხისმგებლობა იყო. კულტურის ვერცერთი სფერო ვერ იქნება ძლიერი, თუ ხელშეწყობა არ ექნება, მაგრამ ვიღაცას ხელს უწყობდე, რაკი გეფერება, არასწორია. საღი აზრიც უნდა მოისმინო, მარტო სკამებზე ხომ არ უნდა იფიქრო?

- მმართველი პარტიის ყველაზე საბედისწერო შეცდომად რა მიგაჩნიათ, ამის გარდა? - ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ 2012 წლიდან კისერზე ჩამოეკიდა "ნაციონალურ მოძრაობას" და 2020 წლამდე საფრთხობელად იყენებდა და მის ხარჯზე იგებდა არჩევნებს. ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვამბობდი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასრულდებოდა სხვისი ცუდი საქმეების ხარჯზე არჩევნებში გამარჯვების პროცესი; ვამბობდი, "ქართული ოცნება" გაიშლება, კი არ დაიშლება-მეთქი და გაიშალა კიდეც. მე პოლიტიკური ექსპერტობის ამბიცია არ მაქვს, მწერალი ვარ და ვცდილობ, ჩემი ქვეყნის მაჯისცემას ვგრძნობდე.

- "გაშლაში" ალბათ, გიორგი გახარიას "ოცნებიდან" წასვლას და ახალი პარტიის შექმნას გულისხმობთ. - დიახ. ახლა გახარია ამბობს, მუდმივად ქვეყნის წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ და დრო არ დავკარგოთ ქიშპობასა და ერთმანეთის დადანაშაულებაშიო. თუ ის ამას შეძლებს, ძალიან კარგი იქნება. სწორედ ეს პროცესი უნდა დაეწყო "ქართულ ოცნებას" 2012 წლიდან და რატომღაც არ დაიწყო. გასაგები იყო, რომ "ნაციონალებს" ასე ადვილად არ ჩამოაწერდნენ იმ ცოდვებს, რაც მაშინ ამოუტივტივდათ, მაგრამ ამ კოაბიტაციით არაერთი თანამებრძოლი გაანაწყენეს. აი, რა არის მათი საბედისწერო შეცდომა. "ქართული ოცნება" ცხრა წლის განმავლობაში ჩაბმულია "ნაციონალებთან" ბრძოლაში და არა - სახელმწიფოებრივ მშენებლობაში. არ ფიქრობდნენ ქვეყანაზე, ხალხზე, რაც დღეს ოპოზიციას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანა ვერ განვითარდა. ამდენი დრო არ უნდა დაკარგულიყო საარჩევნო ბატალიებსა და დაპირისპირებაში.

ახლა უკვე ისე გაიშალა პოლიტიკური ველი, რომ ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა" არჩევნების გზით ვეღარ მოვა, გადატრიალება და რევოლუციური გზებიც გამორიცხულია. მიშა რომც ჩამოვიდეს, ამით რა შეიცვლება? თუ მათ ხმას 100 000 კაცი აძლევს, მერეც იმდენივე მისცემს. ვერ დაბრუნდებიან, რადგან ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. ამიტომაც არჩევენ დესტრუქციულობას, სხვა გზა არ აქვთ.

თუ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტია 43%-ს ვერ აღებს, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. გამორიცხულია, ეს არ აწყობდეს "ოცნების" დამაარსებელს. ეს ნამდვილად არ არის ტრაგედია. ჩატარდება პარტიის ყრილობა და 43%-ის ვერაღება დაბრალდება რომელიმე ფრთას, რომელსაც ჩამოართმევენ მმართველობის სადავეებს. დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე.

ადგილობრივი არჩევნების დროს გახარია კალაძეს ძლიერ კანდიდატს არ დაუყენებს და კვლავ კალაძე იქნება ქალაქის მერი. ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შემთხვევაში, ვინც ზღვარს გადალახავს, "ნაციონალების" გარდა, ყველა შევა კოალიციურ მთავრობაში. "ქართული ოცნების" ამომრჩევლების ხმები განაწილდება გახარიასა და მმართველ პარტიას შორის.

- ანუ ამით დადასტურდება ოპოზიციის ეჭვი, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია? - პოლიტიკაში ყველა ვიღაცის პროექტია. ეს არის ჭადრაკის დაფა, სადაც ყველა ფიგურას თავისი ფუნქცია აქვს. გახარიასაც აქვს თავისი ფუნქცია. ერთი სიტყვით, შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რომელშიც "ნაციონალები" არ შევლენ.

ამგვარად მოხდება პოლიტიკური გაწნეხვა "ნაცმოძრაობისა". მომავალ არჩევნებში "ნაცმოძრაობა" უფრო ნაკლებ ხმას მიიღებს, მერე - უფრო ნაკლებს და ასე გაქრება პოლიტიკური ველიდან. დარწმუნებული ვარ, მიშა რომ გაჩუმებულიყო, ეს ძალა უფრო წინ წავიდოდა.

- საუბრის დასასრულს გკითხავთ თქვენს ახალ რომანზე, "ანატორზე", რომელზეც თქვენმა კოლეგებმა თქვეს, რომ ეს არის წიგნი, რომელიც სახელმწიფომ ეროვნული ხასიათის წარმოსაჩენად უნდა გამოიყენოს. რამ გიკარნახათ, დაგეწერათ ამ საოცარი ამბის შესახებ? - ამბავს, რომელიც ხევსურეთში, ანატორში მოხდა, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. იქაურებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან გადაარჩინეს. როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა აკრძალეს, რომ სხვაგანაც არ გავრცელებულიყო ეპიდემია. ააგეს აკლდამები, სადაც სიკვდილს ელოდნენ. სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს - თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, ესროდნენ, მაგრამ კოშკიდან ერთხელაც კი არ გავარდნილა თოფი, ერთ ადამიანსაც კი არ უცდია გაპარვა. ეს არის უდიდესი გმირობის, თვითგანწირვის, სიკვდილზე ამაღლების, ზეადამიანურობის მაგალითი. ისე კი არ მოქცეულან მაშინ, როგორც დღეს იქცევიან ჩვენი მოქალაქეები, ამ პანდემიის პერიოდში. მათ სიკვდილს შიგნითვე ომი გამოუცხადეს, რომ სხვაგან არ "გავრცელებულიყო... როდესაც ქისტები სისხლის ასაღებად მივლენ რომანის ერთ-ერთ გმირთან, სულიასთან, ანატორელები შეიარაღებულები განლაგდებიან სოფლის გასწვრივ, მაგრამ თავკაცი ეუბნებათ, თუკი ქისტები შემოვლენ, ერთიც არ უნდა წავიდეს ცოცხალი, მაგრამ თუ არ შემოვლენ, ჩვენ მათთან ხელჩართულ ბრძოლაში ვერ ჩავებმებით, მათ უკან ოჯახებია და არ ვართ დაზღვეულნი, რომ მათაც არ შეეყაროთ ეს სნეულებაო. როდესაც ქისტები გაიგებენ ამის მიზეზს, ქედს მოიხრიან ანატორელების წინაშე. გაქვს მაგალითი, როგორ უნდა ამაღლდე სიკვდილზე და როგორ გაწირო თავი მოყვასისთვის და ამ მაგალითით უნდა იცხოვროს ქვეყანამ და ხალხმა. დღეს კი რა ხდება? ახლობლის დაკრძალვაზე გახლდით, ახალგაზრდა ქალი სხვისი დაუდევრობის გამო "კოვიდით" გარდაიცვალა. ნაცნობისგან გადაედო, რომელმაც იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა და მალავდა.

ნინო ჯავახიშვილი