სიცილის რაინდი "სერჟანტას ბიჭი" კახეთიდან - კვირის პალიტრა

სიცილის რაინდი "სერჟანტას ბიჭი" კახეთიდან

ბესო ფშაველაშვილი, სიცილის რაინდი, სოფელ ქისტაურში ცხოვრობს. პროფესიით მხატვარი არაერთხელ მდგარა სხვადასხვა თეატრის სცენაზე, არის რამდენიმე სიმღერის ტექსტის ავტორი, ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის თექისგან და უმშვენიერესი ეზო აქვს, ნაირ-ნაირი ყვავილებითა და მცენარეებით სავსე.

"ბავშვობაშივე გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი"

- ჩემი თავი მახსოვს ბავშვობის უცენზურო სიმღერებით. მერე რუსმა ბებომ გამანათლა რუსული "ჩისტუშკებით", ავითვისე მამაჩემის ფანდურზე დანამღერიც: "რაც შენ წახველ, ჩემო ქმარო, თვალზე ძილი არ მქონია, ყოველ ღამე საყვარელი, სამზე მეტი არ მყოლია". არა, გარყვნილი ბავშვი არ ვყოფილვარ. ბებო იტყოდა ხოლმე, ჩემი შვილიშვილი ისეთი ზრდილობიანია, სკინტლს ქათმის განავალს უწოდებსო. ხალხი კარნავალებსა თუ სუფრაზე გულიანად იცინოდა. იმ დროიდან ჩავვარდი ხიბლში და გადავწყვიტე, უსიკვდილოდ მსახიობი გავმხდარიყავი. მამაჩემი წინააღმდეგი იყო, სასკოლო სპექტაკლებში მონაწილეობასაც კი აპროტესტებდა და ჩუმად გავდიოდი რეპეტიციებს. ერთხელ ზეწარშემოხვეული გავდი-გამოვდივარ სახლის უკანა აივანზე. თურმე მომიჯნავე ვენახში ჩაცუცქულა მეზობელი მოხუცი ცოლ-ქმარი, სოლია პაპა და ელისო ბაბო, და გაფაციცებით მიყურებენ. "მასწავლებელი სოფლის სკოლისას""ვდგამდით. მე სკოლების ზედამხედველი გახლდით და ასეთი რეპლიკა მქონდა: "აქედანა ჰქრის, მგონი, აქედანაცა"... უცებ გავიგონე, - აი, აქედანაც რომ გამოგიქროლებ, "სკვაზნიაკი""მერე ნახეო. გავიხედე და სილას მიღერებდა საიდანღაც მოულოდნელად გამოჩენილი მამაჩემი. შემცბარმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა, ვაიო, დაიძახა და ასე, ერთმანეთზე მიყუდებული გადაცვივდნენ ვენახის მწკრივში.

დედის მხრიდან ბებია კომპოზიტორი მყავდა, ბიძაჩემი ხატავდა, ჩემი და პიანისტია და ეტყობა, მეც აქედან დამყვა ხელოვნების სიყვარული.

"როგორ დალია ჩაილურის წყალი ჩემმა სტუდენტობამ"

- სკოლა რომ დავამთავრე, სტაჟი მჭირდებოდა ჩასაბარებლად. მამაჩემი ინჟინერი იყო და ყველას უკეთებდა სტაჟს, მუშაობის გარეშე, მე კი კოლექტივში გამიშვა სამუშაოდ. წესად შემოვიღე, რომ წაგვეღო 20 ლიტრი ღვინო და სამუშაოს შემდეგ გვექეიფა. მანამდე ხუთი კაციც თუ ვერ მიჰყავდათ ბრიგადაში, ჩემი ცეკვა-თამაშის წყალობით მუშახელის პრობლემა აღარ ჰქონდათ. გეპეიში, მათემატიკის გამოცდაზე, ხუთიდან სამი საკითხი ამოვხსენი მხოლოდ, მაღალი ნიშანი არ მივიღო-მეთქი. დარჩენილ დროში მუზას ვუმასპინძლე. შევხედე ერთ შხვართალა გოგოს და წარმოვიდგინე, როგორ მიაპობს ჩვენი სოფლის რიყის კამკამა წყალს და დავწერე: "მიჭყაპუნებს რიყე-რიყე, გოგო თვალებბრიალა,/ხევის ცელქმა სიომ კაბის კალთა აუფრიალა./ნარნარ თეძომ, ბროლის ტალღას გული შეუფრთხიალა./დააბიჯა, ნატერფალმა გაუჩინა იარა./გადირია, ამის მსგავსი ჯერ არა უგრძნია რა!/შემოეჭდო ლერწამ წელზე, ჩუმად ჩაიშრიალა./გულუბრყვილო გოგონაა, არა გაუგია რა,/მიჭყაპუნებს რიყე-რიყე, კოხტა, თვალებბრიალა."

ვერ ჩავაბარე და დამტოვეს თბილისში მოსამზადებლად, მაგრამ თეატრალურზე გამოცდები იწყებოდა და... პირველი ტური გავიარე, მეორე ტურზე "მთიულური" დაუკრეს და ცეცხლი დავანთე, მერე ბოშურზე გადავიდნენ, შემოვიბდღვენი ტანსაცმელი, გავსრიალდი მუხლებზე და პირდაპირ ეთერ გუგუშვილის, რექტორის ფეხებქვეშ არ აღმოვჩნდი? მაშინ სულ ცნობილების შვილები აბარებდნენ. გუგუშვილმა ქართულ-რუსულით მითხრა, ტალანტი გაქვს, მაგრამ სცენისთვის დაბალი ხარ და შემდეგ გამოცდებამდე მოიცადეო. შემდეგ გამოცდამდე ტანს ავიყრი-მეთქი? - გავიხუმრე. თუმანიშვილი ჩაერთო, წელს მუსკომედიას აჰყავს ჯგუფი და მივცეთ რეკომენდაციაო. დღეს მსოფლიოს პრიმა ბალერინას, ირმა ნიორაძის დამ, ნანულიმ, რომელიც ჩემთან ერთად აბარებდა, თავის ვოკალის პედაგოგთან მიმიყვანა, მაგრამ გამოცდაზე სამიანი რომ მივიღე, გავბრაზდი და ჩემი კახური სიჯიუტის გამო შემდეგ გამოცდაზე აღარც გავედი.

ფილარმონიაში გატარებული საუკეთესო წლები

სამხატვროზე ჩავაბარე, მაგრამ სცენის, იუმორისტობის, სიმღერის ხიბლისგან ვერ განვიკურნე. ერთხელ თელავის თეატრში, ერთ-ერთ საღამოზე, ჩემი მეგობრის, ირმა იმერლიშვილის აკომპანემენტით შევასრულე ვასო გოძიაშვილის "რა მასმევს ღვინოს" და რეაქციამ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ნომრით მიმიწვიეს ფილარმონიაში. აკომპანემენტს პიანისტი, ფილარმონიის სოლისტი მარინა პაიჭაძე უკრავდა, მასთან ერთად მთელი საქართველო მოვიარეთ. გავიხსენებ ერთ ინციდენტს. ერთმა მომღერალმა გოგონამ უნდა შეასრულოს "ჟოლტიე ტიულპანი". ჩვენმა კოლეგამ გააპროტესტა, როგორ შეიძლება ამ სიმღერის სცენაზე გატანაო? უცებ ვიღაც სამხედროფორმიანმა (ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო 90-იან წლებში!), რომელიც იმ გოგოს შეყვარებული ყოფილა, პისტოლეტი დაადო, ბიჭო, შენ ხომ არაფერი გეშლებაო?! არ ვიცი, როგორ აართვა იარაღი მარინამ, მიაბჯინა ზურგზე და უთხრა, ახლა ამ იარაღს ისე დაგიბუთქუნებ, რომ ეგ შენი "ჟოლტიე ტიულპანი" "ვარდს გაეფურჩქნა კოკორად" მოგესმასო! ერთი სიტყვით, პირად მცველობასაც ითავსებდა.

შემდეგ იყო საღამო მზია კვირიკაშვილთან, საოცარ ქალბატონთან. "სიცილის მამაკაცი და სიცილის დედაკაცი"" - ასე გამცნობდათ ჩვენი აფიშა.

კახელები და მეტსახელები

- მამაჩემს ჯარში დამსახურების გამო "სერჟანტას""ეძახდნენ, შესაბამისად, მე - "სერჟანტას ბიჭს". ვიწრო თვალების გამო "ტაშკენტასაც" მეძახდნენ. კახელები მეტსახელების ოსტატები არიან. "უპრუწე" "მახახულა", "ტყუიურა", "კურდღლიბუღა", მაგრამ ჩემი ფავორიტი სახელია "შუშუბრიქა", მაზლისგან შერქმეული რძლისთვის, მსუბუქი ყოფაქცევის გამო.

ემიგრაცია

- 35 წლის ვიყავი, როდესაც მიკროფონი დავდე და საბერძნეთში დავიჭირე ცოცხი. მშობლები და ავადმყოფი ბებო მყავდა მოსავლელი, აქაური ხელფასით კი რას გავხდებოდი. მაღაზიებსა და სადარბაზოებს ვალაგებდი. მერე ყვავილების მაღაზიაში ვმუშაობდი, 8 წლის განმავლობაში კი - აფთიაქში. ეს იუმორისტი და მხატვარი კაცი საბოლოოდ კარგი ფარმაცევტი დავდექი. მიკროფონივით მოვიღერებდი ხოლმე ცოცხის ტარს და დავჭექდი: "ლალის დილავ, ღამევ გიშერავ". ვმღეროდი, მაგრამ ცრემლები მახრჩობდა. რთული იყო ოჯახისგან შორს ყოფნა...

"მცენარეების გამო ჩამოვსახლდი სოფლად"

- ბავშვობიდან დღემდე არანორმალურად მიყვარს მცენარეები. სწორედ მცენარეების გამო ჩამოვსახლდი სოფლად. სახლთან პატარა ეზო მაქვს, მაგრამ მოვახერხე ბოტანიკური ბაღი მომეწყო: ბზების ხეივანი, მანათობელი ევკალიპტი, ნეკერჩხალი, ჰორტენზიები, ვარდები, ჩინური იასამნები... მაგრამ ჩემთვის სამოთხისებური მაინც უკანა ეზო-ბოსტანია, სადაც კიტრ-პამიდორთან ერთად ყვავის ცინიები, ასტრები, ზაფრანები, ბუდლეა. მაქვს კივის ხეივანიც, უწიპწო, ბერძნული ჯიშის ყურძნის ხეივანი, ქოლგისებრი შტოში.

ახალი გატაცება

- მეც არ ვიცი რატომ დავინტერესდი თექით, ყველაფერი დამოუკიდებლად ვისწავლე. მატყლითა და ნემსით ქმნი ფერწერას, რაც ძალიან მომწონს. საკმაოდ შრომატევადიცაა - ჯერ მატერიას ქმნი თექისგან, შემდეგ ამუშავებ სველი ტექნიკით, შემდეგ აშრობ და უკვე ბოლოს იწყებ ხატვას ფერადი მატყლით. ჩემი ნამუშევრების უმეტესობა ქართულ, ნაციონალურ თემაზეა შექმნილი.

ნინო ჯავახიშვილი