სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და გერბის სრული სახით განთავსება სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე შესაძლოა სავალდებულო გახდეს - კვირის პალიტრა

სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და გერბის სრული სახით განთავსება სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე შესაძლოა სავალდებულო გახდეს

სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სკოლების შენობებსა და იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ასევე, სავალდებულო გახდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში.

ამას "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატმა კახა კახიშვილმა მოამზადა.

მოქმედი კანონით განსაზღვრულია სახელმწიფო დროშისა და გერბის აღმართვის ვალდებულება ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, თუმცა აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიმართ მითითებული არ არის.

როგორც პროექტის ავტორი განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილებები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციის მიზნით შემუშავდა.

"საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები 28 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავა.

"ინტერპრესნიუსი"