"უბედურებაა, როდესაც უმუშევრობის დონის მიხედვით აფრიკის ღატაკ ქვეყნებს ვუთანაბრდებით" - კვირის პალიტრა

"უბედურებაა, როდესაც უმუშევრობის დონის მიხედვით აფრიკის ღატაკ ქვეყნებს ვუთანაბრდებით"

"არაფერი კონკრეტული, სადღეგრძელოების დიდი ნუსხა იყო", - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სერგო ჩიხლაძე. შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა ანგარიშის წარდგენისას სხვადასხვა სექტორზე საუბრისას მონიშნა ის მიზნები, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს მომდევნო 10 წელიწადში. საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს 2030 წლისთვის ჰპირდება: "ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2.200 ლარს გადააჭარბებს. 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე;

2030 წლისთვის წთელი ხიდი-სარფის მაგისტრალზე მგზავრობის დრო განახევრდება და 8 საათის ნაცვლად, 4 საათი გახდება; 2030 წლისთვის გაორმაგდება ღორის, ფრინველისა და საქონლის ხორცის წარმოება, ხოლო რძით უზრუნველყოფა 108%-ს მიაღწევს. მილიარდამდე გაიზრდება ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები; 2030 წელს გვექნება ეფექტიანი, თანამედროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც ადეკვატურად და დროულად მოახდენს საფრთხეებზე რეაგირებას; წიაღის რეფორმის ეფექტიანად გატარების შედეგად, 2030 წლისთვის დამატებით შეიქმნება 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დღეს წიაღის სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 37 000 პირი. გაიზრდება საქართველოში ინვესტორთა რაოდენობა; სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარება ექსპორტში. მცირე და საშუალო საწარმოები დამატებით 100 000 მოქალაქეს დაასაქმებენ და 50%-ით გაზრდიან პროდუქტიულობას. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაორმაგდება და 6,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 2030 წლისთვის არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა მოსწავლეების 95%-ს სახელმწიფო ენა ეცოდინება".

ამ ვრცელი ჩამონათვალის მიუხედავად, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ პრემიერმა ძალიან ზოგადად ისაუბრა. ამ და სხვა საკითხებზე სერგო ჩიხლაძე უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- ჩემი მოლოდინი რეალობას დაემთხვა. ვიცოდი, რომ პრემიერის ანგარიში ზოგადი და არაფრისმთქმელი იქნებოდა. გიორგი ვაშაძემ ღარიბაშვილს სწორად მიანიშნა, რომ ის ხუმრობდა, ბედნიერი იყო, ოპოზიციას აგდებით ელაპარაკებოდა.

- სხვათა შორის, გიორგი ვაშაძის ეს შეფასება მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არაკორექტულად მიიჩნიეს. ირაკლი ზარქუამ ისიც თქვა, რომ წესით, არ უნდა გიკვირდეთ, ირაკლი ღარიბაშვილის მაჯაზე ძვირად ღირებული საათი, როდესაც იცით, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე წარმატებულ ბიზნესში იყო ჩართული ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი საქართველოშიო. - ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე არასდროს ყოფილა ჩართული დიდ ბიზნესში და ვერასდროს შოულობდა მილიონებს. ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კანტორაში იყო დასაქმებული. არასერიოზულად ჩანდა ხუმრობა და ქილიკი ოპოზიციაზე იმ კაცისგან, რომელიც უღარიბეს ქვეყანას მართავს. უბედურებაა, აბა, არ არის, როდესაც უმუშევრობის დონის მიხედვით ლესოტოს, სვაზილენდის და აფრიკის სხვა ღატაკ ქვეყნებს ვუთანაბრდებით?! Bბედნიერების ინდექსითაც კი, რომელიც სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით გამოითვლება, 117-ე ადგილზე ვართ. ნამდვილად არაფერი აქვს ღარიბაშვილს საამაყო. იმაზე აღარაფერს ვამბობ, მსოფლიო რეიტინგებში თითმის ყველა მაჩვენებლით ბოლო ადგილებზე რომ ვართ. თავად საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტისა და მთავრობის მონაცემებით, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა ყველა მაჩვენებელი.

- თქვენი ვერსია როგორია, რატომ არ ისაუბრა პრემიერმა ღარიბაშვილმა იმ სირთულეებზე, რაც მმართველ გუნდს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გიორგი გახარიამ შეუქმნა? - ამ მხრივაც გამართლდა ჩემი მოლოდინი. ვიცოდი, რომ გახარიაზე ბევრს არაფერს იტყოდა. რატომ? იმიტომ, რომ გახარია იყო "ქართული ოცნების" ყველაზე რეიტინგული ფიგურა, მისი კრიტიკა საკუთარი გუნდის კრიტიკაა. გახარიას დროინდელი მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა დღეს ისევ თავის ადგილზეა. შესაბამისად, თავის კაბინეტს ხომ არ გააკრიტიკებდა?

- გახარიასა და სააკაშვილის შეთქმულების ვერსიაზე როგორია თვქენი გუნდის ვერსია? - პირადად მე არ მჯერა ირაკლი კობახიძის შეთქმულების თეორიების. გახარიასა და სააკაშვილს შეხვედრა რომ დაეგეგმათ, როგორმე მიხვდებოდნენ, რომ სხვადასხვა სასტუმროში დაბინავებულიყვნენ. მერე რა, თუნდაც დაგეგმილად რომ შეხვედრილიყვნენ? რას ცვლის ეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში? ვფიქრობ, არაფერს!

ხათუნა ბახტურიძე