"რა დააშავა ცხვარმა?" - კვირის პალიტრა

"რა დააშავა ცხვარმა?"

"ლიფსიტებს იჭერენ, ღლავები ახალი ქურდობისთვის ილესავენ კბილებს"

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოხსენების შეფასებისას, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა: "8 საათის განმავლობაში იდგა და ეწამებოდა მთავრობის მეთაური... ერთადერთი, რაც თავდაცვისთვის დასჭირდათ, ბრექიაობა და იქით შედავებაა, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ვიღაცას დავაპატიმრებთ, ვიღაცას დავსჯითო. ვერაფერსაც ვერ იზამენ. დამთავრდა "ოცნების" ხელისუფლება. იძულებული არიან ისეთი კანონები მიიღონ, რომლის მიღება არ სურდათ და აიძულეს ხალხმა, პარტიებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ. მიიღებენ კონსტიტუციას, საარჩევნო კანონს, მიშელის შეთანხმების ყველა მუხლს, არ უნდათ, წვალობენ, მაგრამ როგორც ქართლ-კახურად იტყვიან, როგორც დაგიბარებიათ, ისე მიიღებენ ყველაფერს. ესაა შედეგი 6-თვიანი ბოიკოტის, რომელიც არ მოსწონდა პრემიერ-მინისტრს". გოცირიძის აზრით, პრემიერი თავის გუნდთან ერთად ცხვრებს ჩაგრავს. რას გულისხმობს ცხვრების ჩაგვრაში, ამის შესახებ რომან გოცირიძე გვესაუბრება:

- მთელი მმართველი გუნდი სასაცილოა! რატომ? იმიტომ, რომ იგონებენ ზღაპრებს, თუ რას გააკეთებენ ათი წლის შემდეგ. ის ხელფასი, რის დანიშვნასაც მასწავლებლებისთვის აპირებენ ათი წლის შემდეგ სასაცილოდ მწირი იქნება.

თურმე ნუ იტყვით, ათი წლის შემდეგ ძროხის, ღორის და ქათმის ხორცის წარმოება გაორმაგდება! ვინც იცის, რა რაოდენობის ხორცს ვაწარმოებთ, ძალიან სასაცილოდ მოეჩვენება ამ რაოდენობის გაორმაგება ათი წლის შემდეგ.

ამას გარდა, რა დააშავა ცხვარმა? ცხვარი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. არაბებს ძალიან უყვართ ქართული ცხვარი. 2020 წელს, პანდემიის დროსაც კი, საქართველოდან 21 მილიონი დოლარის ცოცხალი ცხვარი გავიდა. ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე 2018 და 2019 წელს ერთად აღებული. მთავრობის მუშაობის განხილვისას ცხვარი აშკარად დაჩაგრეს. პრემიერმა გვითხრა, რომ რძის წარმოება ათი წლის შემდეგ 108%-ით გაიზრდებაო.

იცით, ყველაზე სასაცილო რა იყო? აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი 800-კილომეტრიანი მაგისტრალი 2030 წელს დამთავრდებაო. რატომ არის ეს სასაცილო? ჯერ კიდევ ქუთაისში იყო პარლამენტი, როდესაც პრემიერმა კვირიკაშვილმა გამოგვიცხადა, 2020 წელს დამთავრდება რიკოთის გზა და წითელი ხიდიდან სარფამდე 400 კილომეტრი მაგისტრალიო. ესე იგი კვირიკაშვილი რასაც გვპირდებოდა 2020 წლისთვის, იმის განახევრებულ ვარიანტს გვპირდება ღარიბაშვილი მხოლოდ 2030 წლისთვის.

პრემიერის პასუხები ჩვენს შეკითხვებზე ძალიან არადამაჯერებელი და არასერიოზული იყო. მათი ოპონირების ერთადერთი ფორმა არის "ნაციონალების" 9-წლიანი მმართველობა, ამიერიდან კი მე მუდმივად ვილაპარაკებ "ქართული ოცნების" 9-წლიან უუნარო მმართველობაზე. ამორალური იყო პრემიერის განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ჩვენმა ხელისუფლებამ დახოცილი ჯარისკაცები არ გამოიყვანა კონფლიქტის ზონიდან და დაზვერვის თანამშრომლები მტრის ზურგში დავტოვეთ.

სინამდვილეში "ოცნებამ" ომში მონაწილე ჩვენი ვეტერანების სია რუსეთს გადასცა, მათ შორის ვინც კი შემთხვევით მოხვდა რუსეთში, ყველა დააპატიმრეს, კოდორის ხეობის სპეცრაზმის წევრებს სათითაოდ სხვადასხვა დროს გაუსწორდნენ და დახოცეს. ამათ კი ერთი საქმის გამოძიებაც არ დაიწყეს. ახლა გამოდგებიან და ჩვენზე საუბრობენ.

პიარშიკი მოშე რომ ჰყავდათ ჩამოყვანილი და საარჩევნო ბილბორდებზე "ნაცმოძრაობის" ლიდერების "პირსისხლიანი" სახეები გამოფინეს, ისევ იმ კინოს აგრძელებენ, მაგრამ კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს. ხალხს ეს არ აინტერესებს, ახლა იმაზე ფიქრობენ, როგორ გადარჩნენ.

მე ჩემი "ფეისბუკის" გვერდზეც დავწერე პოსტი, რომ რუსეთში ვაქცინირებულის სერტიფიკატები თავისუფლად იყიდება - ოფიციალურ რეესტრში შეტანის გარეშე 15 დოლარი ღირს, რეესტრში შეტანით - 40 დოლარი. არაა ეს "ჩვენი მეზობელი" ნორმალური სახელმწიფო, არ შეიძლება რაიმეში ენდო. ასი პროცენტით აცრილ ისრაელს ინდური შტამი უტევს. "ფაიზერით" ორჯერ აცრილებსაც ემართება ხელმეორედ. დაიწყეს ისევ შეზღუდვების დაწესება, აქ კი ფართოდ ვუხსნით კარს რუს ტურისტებს, ვაუქმებთ პირბადის ტარების აუცილებლობას ღია ადგილებში და ვნერგავთ ტოტალურ სამართლებრივ ნიჰილიზმს ჯარიმების გაუქმების სახით. თუ ხარ კანონმორჩილი, ესე იგი ბრიყვი ხარო, ამას გვეუბნება ხელისუფლება. მეოთხე ტალღა არ აგვცდება. ვერ მოაბამენ ესენი თავს სწრაფ ვაქცინაციას. ისევ საკუთარი თვითშეგნების იმედზე უნდა ვიყოთ. "ოცნება" სულ ტყუილად ჭამს ბიუჯეტს.

2012 წელს სახელმწიფო ვალი 9,1 მილიარდი ლარი იყო, ახლა 30 მილიარდს გადასცდა. რა ეტყობა ქვეყანას, რომ ამდენი ფული დაიხარჯა?

საჯაროდ ვთქვი, მოხდა საუკუნის ძარცვა, კონდიცირებულ შემინულ კაბინეტებში დღგ-ს თაღლითური სქემით ბიუჯეტიდან მოიპარეს ჩვენი კუთვნილი 129 მილიონი ლარი. ფინანსთა მინისტრმა ეს საპარლამენტო მოსმენაზე დაადასტურა. მის გვერდით იჯდა პრემიერი, ნეტავ ჰკითხა რამე? არ ვიცი, ალბათ, ჰკითხა. ეს რაც აღმოაჩინეს და რაც ვიცით, რაც არ ვიცით? ფინანსთა მინისტრმა თქვა, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 241 პირი მიეცაო. წარმოგიდგენიათ, რა დონის მაფია მუშაობს?! ესენი ქურდები კი არა, მონსტრების კორპორაციაა. ნახეთ რა ხდება - ამ 241 კაციდან პატიმრობაში 69 კაცია. გახარიას ტონში გამომივიდა ნათქვამი, ასე ლაპარაკობს გახარია და მას ჰბაძავს მთელი "ოცნება", მის პოლიტიკურ გუნდზე აღარაფერს ვამბობ. ესე იგი ძებნილი 16 პირია, გირაო აქვს შეფარდებული 114 პირს. ეს იმიტომ ხდება, რომ სისტემაა გაუმართავი და ამით კარგად სარგებლობენ ჩინოვნიკები.

იცით, საოცარი რა არის? 129 მილიონი რომ მოიპარო დღგ-ს სახით, 700 მილიონის ბრუნვა უნდა გქონდეს არალეგალურად. ნახეთ, რა თანხებზეა საუბარი! ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ლიფსიტებს იჭერენ, ღლავები ახალი ქურდობისთვის ილესავენ კბილებს. ერთ ჩინოვნიკს ვერ ასახელებენ, რომელიც საუკუნის ძარცვაში ეხმარებოდა ლიფსიტებს.

მხოლოდ ბიზნესმენები დაიჭირეს, ერთი ჩინოვნიკი არ არის პასუხისგებაში მიცემული. ზოგიერთმა დაკავებულმა ბიზნესმენმა ისიც კი თქვა, ამ სქემაში ისე მოვხვდით, წარმოდგენაც არ გვქონდაო. ამ საკითხზე რომ დავუწყე პრემიერს საუბარი, მითხრა, თქვენ, როგორც ჩანს, ესებუა მოგწონთო.

რამდენიმე დღის წინ შს მინისტრმა გვითხრა, ესებუა საქართველოშია, ტყეშიო. ძალიან გახარებული ვარ. რატომ? იმიტომ, რომ თუ ტყეშია, მოპარულ ნახევარ მილიონ ლარს ვერ დახარჯავს და, ადრე თუ გვიან, დავიბრუნებთ იმ ფულს. მე ერთი რიტორიკული შეკითხვა მაქვს - რამდენი ბანკი უნდა გაძარცვოს ესებუამ, რომ ნაქურდალის სახით 129 მილიონი ლარი დააგროვოს?! დავიანგარიშე, რომ ესებუამ 129 მილიონი ლარის დასაგროვებლად 86 ბანკი უნდა გაძარცვოს. ესე იგი როგორ წვალობს ხალხი, ბანკები რომ გაძარცვოს, წლობით ამუშავებენ გეგმებს, თხრიან გვირაბებს, ფიზიკურად ემზადებიან, ამათ კი კონდიციონერიანი კაბინეტებიდან სუფთად, ზედმეტი გარჯის გარეშე მოიპარეს 129 მილიონი ლარი. ესებუა პატარა ყაჩაღია, ჩვენი მთავარი პრობლემა დიდი ყაჩაღები არიან.

ხათუნა ბახტურიძე