"რაც მთავარია, გვყავს გადაწყვეტილებების მიმღები პრემიერი!.."
"ადვილი ხომ არ გგონიათ საქართველოს მსგავსი ქვეყნის მართვა?! პრემიერი თავადვე საუბრობს გამოვლენილ ხარვეზებზე და პრობლემების აღმოფხვრისთვის მზად არის"
მმართველი გუნდის ლიდერები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს ასე აფასებენ: "გულწრფელი, ღია, ამომწურავი". "პრემიერმა ღარიბაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაამძიმა პანდემიამ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ვითარება. თქვა, რომ პანდემიის გამო ჩვენი ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. კონკრეტული ციფრებით ისაუბრა ეკონომიკასთან დაკავშირებულ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებსა და იმ მნიშვნელოვან დარგებზე, რომლებიც წუთითაც არ გაჩერებულა. სახელმწიფომ სხვადასხვა პირდაპირი დახმარებისა თუ შეღავათების სახით მაქსიმალური დახმარება გაუწია მეწარმეებსა და დასაქმებულ პირებს. დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდულ იქნა ორი მილიარდ ასი მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება. შემუშავდა ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების მძლავრი პაკეტი... საკმაოდ დამაჯერებელი იყო, როდესაც პრემიერი ამბობდა, რომ პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკაც გაჯანსაღდებოდა. პირველადი მონაცემი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ 2021 წელს ეკონომიკური მაჩვენებელი მინიმუმ 4,3%-ით გაიზრდება, თუმცა საუბარია გაცილებით დიდ ციფრებზეც", - ამბობს ირაკლი ზარქუა. ოპოზიციამ რადიკალურად განსხვავებულად შეაფასა პრემიერის ანგარიში. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ღარიბაშვილს ღარიბი და უბედური ქვეყნის მდიდარი და ბედნიერი პრემიერი უწოდა; "ნაციონალმა" ლევან ხაბეიშვილმა კი მდიდრულ საათზე მიანიშნა, 6665 კაცის ყოველთვიური საარსებო პირდაპირ მაჯაზე გიკეთიათო. პრემიერის ანგარიშზე, მმართველი გუნდის პოზიციასა და ოპოზიციის კრიტიკაზე ირაკლი ზარქუა უფრო ვრცლად გვესაუბრება:
- ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომელიც ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდა, ახლა შემოვიდა საკანონმდებლო ორგანოში და ცდილობს საკუთარი ნიშა სხვისი ლანძღვით მონახოს. საკუთარ თავს როგორ უნდა აკადრო და შენი ქვეყანა უბედურად მოიხსენიო?! თუმცა ამას ვერ ვიტყვი ყველა ოპოზიციონერზე. მათი ნაწილი ნამდვილად სვამდა აქცენტებს ქვეყნის გამოწვევებსა და სირთულეებზე. პრემიერისგანაც შესაბამის ამომწურავ პასუხებს იღებდნენ.
როდესაც პრემიერი მოვა პარლამენტში და შენ მის ძვირად ღირებულ საათზე აკეთებ აქცენტს, ეს რა ლოგიკაა?
რატომ უნდა გიკვირდეს ძვირად ღირებული საათი იმ ადამიანის მაჯაზე, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე წარმატებულ ბიზნესში იყო ჩართული, ჯერ საფრანგეთში, მერე კი საქართველოში? ჯობდა კითხვები დაესვათ სიღარიბეზე, ინფლაციასა და სხვა პრობლემებზე... როგორადაც ოპოზიციის ნაწილს სურს ირაკლი ღარიბაშვილის წარმოჩენა, მართლაც ისეთი რომ იყოს, მეორე ჯერზე არ ავირჩევდით პრემიერად.
ირაკლის საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში მოუწია საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნა და უამრავ გამოწვევასთან გამკლავება. ადვილი ხომ არ გგონიათ საქართველოს მსგავსი ქვეყნის მართვა?! ის დღეს თავადვე საუბრობს გამოვლენილ ხარვეზებზე და პრობლემების აღმოფხვრისთვის მზად არის. რაც მთავარია, გადაწყვეტილებების მიმღები პრემიერი გვყავს.
- რას გულისხმობთ? - როგორც კი მცირე ეკონომიკური ზრდა გამოვლინდა, მაშინვე თქვა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 50-დან 100 ლარამდე გავზარდოთ შეჭირვებული ოჯახების ბავშვების დახმარება. როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, დაიწყო საუბარი კომენდანტის საათის გაუქმებასა და ჯარიმების ჩამოწერაზე.
- ჯარიმების ჩამოწერა წინასაარჩევნო მოსყიდვად შეფასდა. ამასთან, როგორ წარმოგიდგენიათ, პანდემიის გართულების გამო ხელისუფლებას თუ ისევ მოუწევს შეზღუდვებისა და ჯარიმების დაწესება, მოქალაქეებს ხომ არ ექნებათ განცდა, რომ მათი ჯარიმები ისევ განულდება? - თუ ჩვენ ვსაუბრობთ, იმაზე, რომ ჯარიმების ჩამოწერა უსამართლოა, რადგან არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯარიმა უკვე გადაიხადეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოდ ამნისტიაა თავისი შინაარსით არასამართლიანი. როდესაც ამნისტია სისხლის სამართლის დამნაშავეებს ეხება, მაშინაც ვიღაც თავიდან ბოლომდე იხდის სასჯელს, ვიღაცას კი უნახევრდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი კეთილშობილური ინიციატივები ხელიდან უნდა გავუშვათ.
"ნაციონალებმა", რომლებმაც ამომრჩევლის მოსყიდვაში დაგვადანაშაულეს, თავადაც დააყენეს მსგავსი ინიციატივა. რა გამოდის, რადგან პრემიერმა დაასწრო თქმა, მაგის გამო გაბრაზდნენ? ჩვენ რა ვქნათ, საქართველოში სულ არჩევნებია და აღარაფერი გავაკეთოთ?
- ჩვენ უკვე მოვისმინეთ "ქართული ოცნების" დაპირებები, რომლებიც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ან არ შესრულდა, ახლა რატომ უნდა ვენდოთ პრემიერ ღარიბაშვილსა და მის გუნდს? - დაპირებების დიდი ნაწილი შესრულდა: ბიზნესი წნეხისგან გათავისუფლდა, მედიაზე ზეწოლა არ არის... სასამართლო რთული გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ რეფორმებით ამასაც გადავლახავთ. საუკეთესო ოცეულში ვართ მართლმსაჯულების მიმართულებით.
არ უარვყოფთ, რომ ცალკეულ მოსამართლესთან ისევ არის კითხვის ნიშნები. თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ არ შეიძლება ხელისუფლების შეცვლასთან ერთად შეიცვალონ მოსამართლეები და პროკურორები. არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც არაერთი დავა მოქალაქეებმა მოიგეს. "ნაციონალური მოძრაობის" დროს ასე ხომ არ ხდებოდა?!
ძალიან ვწუხვარ ანაკლიის პროექტის ჩავარდნის გამო. თავად ვიყავი ამ საქმეში ჩართული ექსპერტის სტატუსით და მამუკა ხაზარაძეს სულ ვეკითხები, რა დააკლო სახელმწიფომ? 70 მილიონ ლარზე მეტი დაახარჯა პროექტს, რკინიგზისა და ინფრასტრუქტურის მიყვანაზეც დაიწყო მუშაობა. თავად რა გააკეთა? ერთი კონტრაქტი მაინც დამისახელეთ, სადაც ხუთჯერ შევიდა ცვლილება სატენდერო დოკუმენტში, ჩვიდმეტჯერ ზოგადად ცვლილებებში. ვინ გაგიკეთებს ამას?
არის დაპირებები, რომლებიც ვერ შევასრულეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა მაქსიმალურად სწორად იყოს გათვლილი. დარწმუნებული ვარ საზოგადოება ისევ დაგვიჭერს მხარს, ამაზე მეტყველებს ბოლოდროინდელი კვლევებიც. ჩვენ 43%-იანი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.
- რატომ არ ახსენა ღარიბაშვილმა ექსპრემიერი გიორგი გახარია? - ამდენი წლის განმავლობაში ის ჩვენი გუნდის ლიდერი იყო. გულდასაწყვეტია, რომ ყველაზე რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში დაგვტოვა. ნამდვილად ვერ დავიწყებ მის გინებას, კარგი ეკონომისტი და კრიზისმენეჯერი იყო, მაგრამ... ძალიან დამწყდება გული, თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილთან მისი ალიანსის შესახებ სიმართლე აღმოჩნდება.
- შეთქმულების შესახებ ვერსია პირველად ირაკლი კობახიძემ გაახმაურა. როგორ ფიქრობთ, გახარიას რის სანაცვლოდ შეეძლო შეთქმულება მოეწყო გუნდისთვის? - ირაკლი კობახიძემ კი არა, ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა ვიდეოფირი, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი და გახარია ვაშინგტონში ერთ სასტუმროში არიან. იმედია, ეს მხოლოდ დამთხვევაა.
აგერ მოვა შემოდგომა და ყველა ვნახავთ, ვინ როგორ დაარწმუნებს საკუთარ სიმართლეში ამომრჩეველს!
ხათუნა ბახტურიძე