"ერდოღანის ახალი ინიციატივა: რა ნეგატიური შედეგები ექნება "სტამბოლის" ახალ არხს" - რას წერს "ბიბისი" - კვირის პალიტრა

"ერდოღანის ახალი ინიციატივა: რა ნეგატიური შედეგები ექნება "სტამბოლის" ახალ არხს" - რას წერს "ბიბისი"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის -  "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "თურქეთში, ბოსფორის სრუტის პარალელურად, არხის გაყვანა დაიწყეს", რომელშიც განხილულია ახალი არხის -  "სტამბოლის" პროექტი, მისი მშენებლობის მიზეზები და სავარაუდო ნეგატიური შედეგები. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო ახალი არხის- "სტამბოლის" მშენებლობის დაწყებაში, რომელიც მარმარილოსა და შავ ზღვებს ბოსფორის სრუტის პარალელურად შეაერთებს.

რეჯეფ ერდოღანის თქმით, პროექტის ღირებულება 15 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მშენებლობა ექვს წელიწადში დასრულდება. არხზე, რომელიც, პროექტის თანახმად, სტამბოლის დასავლეთით მდებარეობს, ექვსი ხიდი აშენდება. მათგან პირველი ხიდის "საძირკვლის ჩაყრა" 26 ივნისს განხორციელდა: "დღეს თურქეთის განვითარებაში ახალ გვერდს ვშლით და არხ "სტამბოლზე" პირველ ხიდს ვაშენებთ. არხის სიგრძე 45 კილომეტრი იქნება, მაქსიმალური სიგანე - 275 მეტრი და სიღრმე - 21 მეტრი. მსურს, რომ არხმა სიკეთე მოუტანოს სტამბოლს, თურქეთს და მთლიანად ჩვენს ხალხს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ცერემონიაზე.

თურქეთის ხელისუფლების ჩანაფიქრით, ახალმა არხმა გემებით გადატვირთული ბოსფორის სრუტე უნდა განტვირთოს, მაგრამ პროექტის კრიტიკოსების მტკიცებით, ახალი არხის (ანუ "ხელოვნური სრუტის") ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ მასზე არ გავრცელდება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების შესახებ მონტრეს კონვენციის დებულებები და გემების ტრანზიტს მთლიანად თურქეთი გააკონტროლებს.

გარდა ამისა, ლაპარაკობენ გარემოსათვის მიყენებულ სავარაუდო საფრთხეზეც: ბუნების დამცველთა აზრით, არხის მშენებლობას უარყოფითი ეკოლოგიური შედეგი ექნება.

გიგანტური ხიდი - პირველი ექვსიდან

ხიდი, რომლის საძირკველში სიმბოლური "პირველი ქვის" ჩადების ცერემონია რეჯეფ ერდოღანმა განახორციელა, სიგრძით 1618 მეტრი იქნება, საყრდენი სვეტების სიმაღლე - 196 მეტრი, ხოლო მათ შორის მანძილი - 440 მეტრი. ხიდზე რვაზოლიანი ავტომაგისტრალი გაივლის - ოთხზოლიანი მოძრაობა ორივე მიმართულებით. არხზე, რომელიც სტამბოლს ევროპისაგან "ჩამოჭრის", გეგმის მიხედვით, ექვსი ხიდი აშენდება.

არხის გათხრას, რომლის გამტარუნარიანობა დღე-ღამეში 185 გემი იქნება და მის ირგვლივ ინფრასტრუქტურის აგებას, თურქეთის ხელისუფლება საოცრად სწრაფი ტემპით აპირებს - "სტამბოლში" გემების მოძრაობა უკვე 2025-2026 წლისათვის უნდა დაიწყოს.

დავა ღირებულებაზე

რეჯეფ ერდოღანმა არხის ღირებულება 15 მილიარდ დოლარად შეაფასა (ამ თანხიდან 1,4 მილიარდი ხიდების აგებაზე დაიხარჯება), მაგრამ, როგორც ბრიტანული გაზეთი "გარდიანი" წერს, ამას წინათ საფრანგეთში გამართულ კონფერენციაზე დეველოპერებმა პროექტის რეალური ღირებულება 65 მილიარდ დოლარად შეაფასეს.

"სინამდვილეში ასეთი პროექტის განხორციელება თითქმის შეუძლებელია თურქეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც კი, რომელიც, შეიძლება ითქვას, "გაგიჟებულია" დიდ სამშენებლო პროექტებზე. მშენებლობა, როგორც ჩანს, 20 წელი მაინც გაგრძელდება და მის შედეგად მთლიანად განადგურდება მარმარილოს ზღვის წყალშემკრები აუზი", - თვლის თურქი ექსპერტი ერიულ იშიკი, ვაშინგტონში არსებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტიდან.

"გარდა ამისა, ამ პროექტის დაფინანსება ჯერ გაურკვეველია. არის ინფორმაცია, რომ ფულის გამოყოფაზე თვით თურქული ბანკებიც კი უარს აცხადებენ და მიზეზად თანხების უკუგებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ. "სტამბოლის" არხი ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება: ასეთ გრანდიოზულ პროექტებს მე-19 საუკუნეში ქმნიდნენ, მსგავს ობიექტებს დღეს არავინ აღარ აშენებს", - ამბობს ექსპერტი.

დავა ეკოლოგიაზე... პროექტის კრიტიკოსები, მათ შორის -  ქალაქ სტამბოლის ხელისუფლებაც, რომელსაც ოპოზიცია მართავს, ამბობენ, რომ არხი რეგიონის წყლის სისტემას დაარღვევს. "არხს ეკოსისტემისათვის და საზოგადოებისათვის (არა მხოლოდ სტამბოლის მოსახლეობისათვის) დიდი და შეუქცევადი ნეგატიური შედეგები ექნება. უარყოფითი ფაქტორები მთელ მარმარილოს ზღვის რეგიონზე გავრცელდება: დაიკარგება მტკნარი (სასმელი) წყლის თითქმის 13%, რასაც მოსახლეობა დღეს იყენებს [არხი ტერკოსის ტბაზე გაივლის]... და რაც უფრო ყველაზე სახიფათოა - რადგანაც არხში ზღვის მლაშე წყალი იქნება, დამლაშდება გრუნტის წყლები და ნიადაგი", - ამტკიცებს წყლის რესურსების ერთ-ერთი ანალიტიკოსი აკგიუნ ილჰანი, სტამბოლის პოლიტიკის ცენტრიდან.

სტამბოლის მერმა, რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურმა მოწინააღმდეგე ეკრემ იმამოღლუმ გასულ კვირას ჟურნალისტებს უთხრა, რომ არხის პროექტის რეალიზების უარყოფითი შედეგების გამო ღამეები აღარ სძინავს: "ეს პროექტი როცა დასრულდება, პირველი, რაც საფიქრებელია, ეს არის მომავალი თაობის უფლება - ჰქონდეს ჯანმრთელი ბუნება და მისი სიკეთით ისარგებლოს. თუ ბუნებას ზიანი მიადგება, მას ვერანაირი ფულით ვერ აინაზღაურებ", - ციტირებს გაზეთი "გარდიანი" ეკრემ იმამოღლუს ნათქვამს.

აპრილის დასაწყისში თურქეთის საზღვაო ფლოტის 100-მა ყოფილმა ოფიცერმა ხელი მოაწერა ღია წერილს პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანისადმი, რომელშიც არხის მშენებლობაა გაპროტესტებული. რამდენიმე დღის შემდეგ წერილზე ხელმომწერები, მათ შორის 10 გადამდგარი ადმირალი, თურქმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. როგორც იმ დროს პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, "ყოფილი სამხედროების კრიტიკული პოზიცია პრეზიდენტის მიმართ [2016 წლის] პუტჩის პერიოდს გვაგონებს და თურქი ხალხი არასოდეს დაუშვებს ასეთ მენტალობას სამხედრო პირთა შორის".

... და მონტრეს კონვენციაზე

პროექტის კრიტიკოსები, მათ შორის - საზღვაო ოფიცრებიც, მთავრობას აფრთხილებენ, რომ რადგანაც ახალ არხზე მონტრეს საერთაშორისო კონვენციის დებულებები არ გავრცელდება, თურქეთს წინ საერთაშორისო დონეზე უსიამოვნებები ელოდება.

მონტრეს კონვენციის, რომელსაც ხელი შორეულ, 1936 წელს მოეწერა, სამოქალაქო გემებს სრული თავისუფლება აქვთ დაუბრკოლებლად გაიარონ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები როგორც მშვიდობიან, ასევე - საომარ პერიოდში, მაგრამ სამაგიეროდ, შეზღუდვებია დაწესებული სამხედრო გემების მიმართ.

შავი ზღვის ქვეყნებს - ბულგარეთს, რუმინეთს, უკრაინას, რუსეთსა და საქართველოს - შეუძლიათ სრუტეებში თავიანთი გემები თითქმის დაუბრკოლებლად გაიყვანონ (მხოლოდ დღისით და თურქეთს წინასწარ უნდა აცნობონ), დანარჩენებისათვის კი ლიმიტია დაწესებული: შავ ზღვაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით შესვლა მხოლოდ იმ გემებს შეუძლიათ, რომელთა წყალწყვა 30 ათას ტონას არ აღემატება, თანაც - იქ ყოფნა 21 დღით არის შემოფარგლული.

გარდა ამისა, თურქეთს უფლება აქვს საერთოდ დახუროს სრუტეები სამხედრო გემებისათვის საომარ პერიოდებში ან იმ დროს, როცა თურქეთს საფრთხეს დაემუქრება. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ