პუტინს "გააგრილებს" კი შავი ზღვის ბრიზი?!
ოდესიდან ბათუმში მომავალი ბრიტანული "დეფენდერის" სვლის გეზზე რუსული ბომბების ჩამოყრის შემდეგ, ნატო შავ ზღვაში ფართომასშტაბიან სამხედრო-საზღვაო სწავლებას - (Sea Breeze 2021-ს) იწყებს, მათ შორის - ქართული კატარღების მონაწილეობით
ზღვის ბრიზი (ფრანგულად "ნიავს" ნიშნავს) ბუნებრივი მოვლენაა, ის დილას ზღვიდან სანაპიროს მიმართულებით უბერავს, საღამოს კი - პირიქით.
სწორედ ეს სახელწოდება შეურჩიეს 1997 წელს აშშ-უკრაინის ერთობლივ სამხედრო-საზღვაო სწავლებას, რომელიც მას შემდეგ, თითქმის, ყოველწლიურად იმართება.
გამონაკლისი არც წელს დაუშვიათ და 28 ივნისს ოდესაში სტარტი აიღო Sea Breeze 2021-მა, რომელიც ყველაზე ფართომასშტაბიანია აქამდე გამართულ სწავლებებთან შედარებით - მასში მონაწილეობას ღებულობენ 32 ქვეყნის სამხედროები, ხოლო უშუალოდ სწავლებაში - 32 სამხედრო ხომალდს, 40 თვითმფრინავს და 5 ათასს სამხედრო მოსამსახურეს წარადგენს ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა.
ჩვენი საქართველო ამ სამხედრო-საზღვაო სწავლებაზე წარდგენილია შსს-ის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ორი კატარღით - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე".
სწავლების დაწყებას დიდი საერთაშორისო სკანდალი უძღვოდა წინ - 23 ივნისს ოდესიდან ბათუმისკენ მცურავმა დიდი ბრიტანეთის საესკადრო ნაღმოსანმა "დეფენდერმა" ახლოს ჩაუარა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულს, რაც რუსულმა მხარემ მისი ტერიტორიული წყლების უხეშ დარღვევად მიიჩნია და ბრიტანული ხომალდის მიმართულებით გამაფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლი გახსნა, მისი სვლის წინ კი ოთხი 250 კგ-იანი საავიაციო ბომბიც ჩამოაგდო.
ამის პარალელურად, ბრიტანულმა საინფორმაციო საშუალებამ - "ბი-ბი-სიმ" სენსაციური მასალა გამოაქვეყნა - მათი მტკიცებით, კენტის საგრაფოში, ავტობუსის გაჩერებაზე, ნაგავში გამვლელმა იპოვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები და მათ მიუტანა. ამ დოკუმენტებში ნათქვამი იყო, რომ "დეფენდერის" ცურვის მარშრუტი ოდესიდან ბათუმამდე სპეციალურად გადიოდა ანექსირებული ყირიმის სიახლოვეს, რათა ლონდონს მოსკოვისთვის დაენახვებინა, რომ ის არ ცნობს რუსეთის ყირიმს და მისი ხომალდი გადაადგილდება უკრაინის ტერიტორიულ წყლებში...
ასე იყო თუ ისე, ეს ინციდენტი, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ დასრულდა, ისე კი, საინტერესო იქნებოდა, ბრიტანელ სამხედრო მეზღვაურებს გაეგრძელებინათ ეს "ექსპერიმენტი" და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს - აფხაზეთის 195 კმ სიგრძის სანაპიროს გასწვრივაც ჩამოეცურათ...
რუსეთი განსაკუთრებულ გაღიზიანებას გამოხატავს Sea Breeze 2021-ის დაწყებით და აცხადებს, რომ საზღვაო სწავლების საფარქვეშ აშშ უკრაინას თანამედროვე შეირაღებას მიაწვდის, რომელსაც კიევი შემდეგ დონბასში, პრორუსული ძალების წინააღმდეგ გამოიყენებს.
ამ ბრალდებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ ფართომასშტაბიანი საზღვაო სწავლებით, ნატო და, პირველ რიგში, აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობა შეეცდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს აჩვენოს, რომ ზღვის ბრიზი მარტო ნიავი არ არის და ქარიშხლადაც შეიძლება გადაიქცეს ანუ შავი ზღვა მარტო რუსეთს არ ეკუთვნის...
რამდენად "გააგრილებს" პუტინს ნატოს შავი ზღვის ბრიზი, ახლო მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები და ავიაცია ეცდება, ნატოს საზღვაო სწავლების რაიონთან მუდმივი სადაზვერვო საქმიანობა აწარმოოს და შეიძლება არც ისეთი სახიფათო საზღვაო ინციდენტები გამოირიცხოს, როგორიც გასულ კვირას ბრიტანულ "დეფენდერთან" დაკავშირებით მოხდა...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს