"ვერ დაგიჯერებთ, კომუნისტებიც კი 5-წლიან გეგმას ამტკიცებდნენ" - კვირის პალიტრა

"ვერ დაგიჯერებთ, კომუნისტებიც კი 5-წლიან გეგმას ამტკიცებდნენ"

"მე თქვენი გამოსვლა ყურადღებით მოვისმინე. ასევე, გავეცანი მთავრობის ანგარიშს. ერთი კითხვა გამიჩნდა, ვისი ანგარიშია? ეს არის პრემიერ გახარიას ანგარიში, რომელსაც თქვენმა პარტიამ მოღალატე უწოდა და რომელმაც სამი თვის წინ დატოვა თანამდებობა და თქვა, რომ სისტემაში კორუფცია და ნეპოტიზმია?"- ასე მიმართა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში არის "გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში".

"იზიარებთ თუ არა თქვენ იმ მდგომარეობას, რაზეც გახარიამ ისაუბრა და თუ იზიარებთ რატომ ერთი სიტყვითაც არ თქვით ამ სისტემური ყველაზე დიდი პრობლემის შესახებ, რომელიც არის კორუფცია, რომელსაც ჰქვია ნეპოტიზმი. მე ამ ანგარიშსს, როგორც წინა გამოსვლაში დავარქვი დავარქმევდი "გაშვებული შესაძლებლობების ანგარიშს". გახსოვთ ვიყავი ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც მხარს გიჭერდათ როცა ხელისუფლებაში მოხვედით და იყო იმედი, რომ მოხდებოდა გარღვევა. გარღვევა იმიტომ ვერ მოხდა, რომ ვერანაირი დიდი იდეა ვერ განახორციელეთ, თქვენ, გახარიამ და თქვენმა ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, ორი იდეა მახსენდება მარიხუანას კულტივაციის თემა, რომელიც მადლობა ღმერთს ჩავარდა და ბიტკოინები, რომელშიც ჩვენ ერთ-ერთი წამყვანი ვართ, თუმცა, ბიუჯეტში შეგვაქვს ნული. აღარ ვსაუბრობ სათამაშო ბიზნესზე, მთელი ქვეყანა "კაზინოდ" გადაიქცა. თქვენ 2013 წელს გამოაქვეყნეთ ანალოგიური პროგრამა, რომელსაც ერქვა "საქართველო 2020 ეკონომიკურ- სოციალური გეგმა" და არაფერი რაც თქვენ იქ თქვით, არ შესრულებულა. არც მასწავლებლის ხელფასის, მშპ-სთან მიმართებით. მოქალაქეების შემოსავალი არ გაზრდილა და ვალი გაიზარდა.

თქვენ რომ გამოდიხართ და საუბრობთ 10-წლიან გეგმაზე, ვერანაირად ვერ დაგიჯერებთ, იმიტომ რომ კომუნისტებიც კი 5-წლიან გეგმას ამტკიცებდნენ, იმიტომ რომ 10-წლიანი გეგმის განსაზღვა წარმოუდგენელია. ფინანსთა მინისტრი ზის აქ, რომელმაც ამ ტრიბუნიდან თქვა, რომ 5%-იანი ზრდა გვექნება. ან ფინანსთა მინისტრი გვატყუებს და გატყუებთ თქვენ, იმიტომ, რომ 5%-იანი ზრდის შემთხვევაში შეუძლებელია 10 წლის მერე მშპ იყოს 10 ათასი დოლარი, ამას სჭირდება ორციფრა ზრდა, გამორციხული მომენტია", - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სესია, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატებით გაიხსნა. სესიაზე სიტყვით კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში განცხადებები კეთდება.

პრემიერ-მინისტრმა ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს 25 ივნისს - საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარუდგინა. მან ასევე უპასუხა დეპუტატების კითხვებს და ასევე, დამაზუსტებელ შეკითხვებს, თუმცა პრემიერის მოსმენის დასრულება 25 ივნისს ვერ მოესწრო.

"ინტერპრესნიუსი"