"კანონიერი ქურდების" დღეები დათვლილია"
"უკრაინამ, სხვა პოსტსაბჭოთა და ევროპის ქვეყნების დარად, რადიკალური ზომები მიიღო კრიმინალთან საბრძოლველად. ახალი კანონების გათვალისწინებით, კრიმინალური სამყაროს წევრებისთვის აღარ არის მომგებიანი უკრაინაში კრიმინალური დაჯგუფების სათავეში ყოფნა", - ამბობს "დოიჩე ველესთან" საუბრისას ბრიტანელი ექსპერტი ორგანიზებულ დანაშაულებათა საკითხში - მარკ გალეოტი. ექსპერტმა გამოცემასთან ქართველ "კანონიერ ქურდებსა" და მათ მომავალზეც გაამახვილა ყურადღება.
"მასშტაბურმა ღომისძიებამ, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაატარა და ახალი კანონიც მიიღო, უკვე დიდი ხანია, მეზობელი ქვეყნების ყურადღება მიიქცია. სია, სადაც "კანონიერი ქურდები" და სხვა "კრიმინალური სამყაროს" წევრებია შეყვანილი, 600 ადამიანს ითვლის. მათ აეკრძალათ უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრება და ნებისმიერი საქმიანობის შესრულება. შეგახსენებთ, რომ ამ სიაში მოხვდნენ ქართველი "კანონიერი ქურდებიც".
მიუხედავად კრიმინალთან წარმატებული ბრძოლისა, უფლებადამცველები ადამიანის უფლებების დარღვევაზე ალაპარაკდნენ. ამბობენ, რომ ერთი მხრივ, კრიმინალთან ბრძოლით, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მოქალაქის თავისუფლების ფუნდამენტალური უფლება.
ბრიტანელი პროფესორის - მარკ გალეოტის თქმით, არსებობს ქვეყნები, რომელთაც კრიმინალური დაჯგუფებების მიმართ მკაცრი ზომები მიიღეს, თუმცა ამით სხვა კანონები არ დაურღვევიათ.
"იტალიაში კრიმინალური დაჯგუფებების ხელმძღვანელთა მიმართ საკმაოდ მკაცრი კანონებია, მაგრამ უკრაინაში ხელისუფლებამ ახალი და განსხვავებული კანონები მიიღო, რაც "კრიმინალური სამყაროს" წევრების დაკავებასთან ერთად, სხვა ადმინისტრაციული სახის სასჯელსაც გულისხმობს.
მაგალითად, აშშ დიდი ხანია, იყენებს სხვადასხვა სასჯელს: მას შეუძლია ვიზის გაუქმება და ქვეყანაში ცხოვრების უფლების ჩამორთმევაც. ასეთივე სანქციები თავის დროზე საქართველოშიც დააწესეს. ქვეყანა დეპორტაციას უკეთებდა "კანონიერ ქურდებს", ქვეყნიდან დევნიდა მათ, ვისი დაკავებაც არ შეეძლო, - ამბობს ბრიტანელი ექსპერტი "დოიჩე ველესთან"ინტერვიუში.
- თქვენ საქართველო ახსენეთ, სადაც სხვა ქვეყნებზე ადრე, პირველებმა მიიღეს კანონი "კრიმინალური სამყაროს" წევრებისა და "კანონიერი ქურდის" სტატუსის ტარების შესახებ. მოგვიანებით, ასეთივე შესწორებები კანონმდებლობაში რუსეთმაც შეიტანა, ახლა კი უკრაინაში სცადეს მსგავსი კანონის მიღება. ხომ არ არის ეს "კანონიერ ქურდებთან" ბრძოლის კიდევ ერთი ახალი ეტაპი, რომელიც უკვე ათწლეულია მიმდინარეობს? - დიახ, ეს ომი მართლაც მიმდინარეობს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ "ქურდები" თავად გახდნენ ორგანიზებულ დანაშაულებასთან ბრძოლისას მარტივი სამიზნე, რადგან მათი იდენტიფიცირება ძალიან ადვილია.
მეორე მხრივ, ეს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან კრიმინალთან ბრძოლის თანმიმდევრული სვლაა. თუ გადახედავთ, უკრაინაში შედგენილ სიაში უმეტესობა უცხოელია, რუსებსაც კი ვერ ნახავთ. იქ ან ქართველები არიან, ან სომხები. მას შემდეგ, რაც ისინი საკუთარი ქვეყნიდან გააძევეს, უკრაინაში ჩავიდნენ საცხოვრებლად. უკრაინის ადგილობრივმა სამართალდამცავმა სტრუქტურამ კი ლოგიკურად მიიღო საკუთარი ქვეყნიდან მათი გაძევების ბრძანება.
- "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ მკაცრი კანონების მიღების მიზეზები საქართველოში უფრო მეტი არსებობდა, რადგან, დაახლოებით, 30 წლის წინ ეს სუბკულტურა და მათი ავტორიტეტი ნამდვილ კულტურულ ფენომენად იქცა... თუნდაც რუსეთში, სადაც სასჯელის მოხდის დაწესებულება მათ საკუთად სახლად იქცა. რა საფრთხეს უქმნიან "ქურდები" სხვა ქვეყნებს, მათ შორის - დასავლურ სამყაროს? - უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სუბკულტურა ისეთი ვეღარ არის, როგორც 20-30 წლის წინ იყო. "გაგების" უცნაურმა კოდექსმა არსებითი ცვლილებები განიცადა. ბევრი ადამიანი, ვინც დღეს საკუთარ თავს "კანონიერ ქურდს" უწოდებს, "გაგებით" შორსაა "ძველი სკოლისგან", ზოგიერთი მათგანი, ტრადიციული გაგებით, "დამნაშავეც" არ არის და მათ ეს სტატუსი ნათესავისგან, მეგობრისგან ან სულაც - ბიზნესპარტნიორისგან მიიღეს...
მაგრამ ის, რაც ტრადიციულად "რუსული კრიმინალია", უკვე დიდი ხანია, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფარგლებს გასცდა - და ეს მთავარი მიზეზია, რატომაც მიიჩნევენ "კანონიერ ქურდებს" საერთაშორისო საფრთხის მატარებლად.
მეორე მხრივ, ამ კანონების მიღების კიდევ ერთ მიზეზად მათი პოლიტიკით გატაცება ითვლება. ისინი ერევიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის - უკრაინაში".
ზოგიერთ ქვეყანაში გატარებული სანქციების მიუხედავად, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც რეზიდენტის ქვეყანაში მიღებისას მის კრიმინალურ წარსულს სულაც არ აქცევენ ყურადღებას. როგორც აღმოჩნდა, აშშ-ში დაკავებული უამრავი "კრიმინალური ავტორიტეტი", პარალელურად, დუბაიშიც ცხოვრობს. როგორც ჩანს, აქ მათ წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ არის გატარებული სანქციები.
"მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ "კანონიერი ქურდების", როგორც მოვლენის დასასრული ახლოსაა. ეს სტატუსი აღარაა მომგებიანი და უფრო მეტიც, ის პრობლემას უფრო ქმნის. დავაზუსტებ, რომ მე ვსაუბრობ არა ორგანიზებულ დანაშაულებათა დასასრულზე, არამედ - "კანონიერი ქურდის", როგორც ერთგვარი "ბრენდის" დასასრულზე", - ამბობს "დოიჩე ველესთან" ბრიტანელი ექსპერტი. (წყარო)