"ეტყობა, სიმართლე მოხვდა გულზე გიორგი ვოლსკის" - კვირის პალიტრა

"ეტყობა, სიმართლე მოხვდა გულზე გიორგი ვოლსკის"

ეტყობა, სიმართლე მოხვდა გულზე გიორგი ვოლსკის , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც სხდომათა დარბაზში მასსა და გიორგი ვოლსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ორი წელია მას შემდეგ გასული, რაც ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სარჩელი შეიტანეს, თუმცა, სასამართლო პროცესი არ ჩანიშნულა.

"უკვე მესამე წელია ჩემზე, ბადრი ჯაფარიძეზე და ავთო წერეთელზე მიმდინარეობს ორკესტრირებული სახელმწიფო რეკეტი და ეს ხდება ძალიან შეთანხმებულად პროკურატურასთან, სასამართლოსთან, არაერთი თავდასხმა და ბრალდება იყო დეპუტატების მხრიდან პირდაპირ ეთერებში, თითქოს პროკურორები გველაპარაკებოდნენ. ერთ- ერთი ასეთი გამოსვლა იყო გიორგი ვოლსკის, რომელმაც ჩვენ დაგვადანაშაულა თანხის მითვისებაში, ამის გამო, მე და ბადრი ჯაფარიძემ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში და უკვე გავიდა ორი წელი და არცერთი სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა, როცა 1 წლის წინ, 12 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც ბრალდებულია და არც დაზარალებული, თითქმის ყოველ მეორე დღეს გვიბარებდნენ სასამართლოში. ეტყობა, ეს სიმართლე მოხვდა (გულზე) გიორგი ვოლსკის, რადგან ეს სასამართლო არის მართული და კლანური, უნდოდა თავი ემართლებინა, მაგრამ ფაქტი არის ჯიუტი, როცა მათი საქმეა, ამას დებენ თაროზე და ზრდილობის გულისთვის სხდომასაც არ ნიშნავენ და როცა მიზანში ჰყავთ ამოღებული ადამიანები, ამ შემთხვევაში ჩვენ, ყველაფერს აკეთებენ", - განაცხადა ხაზარაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისა და მამუკა ხაზარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია ვოლსკიმ ტრიბუნასთან სიტყვის გამოსვლის დროს მის წინააღმდეგ ბადრი ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ დაიწო საუბარი. ვოლსკის გამოსვლას დარბაზში ჯერ მამუკა ხაზარაძის, შემდეგ კი ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ვოლსკიმ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი დამნაშავეებად არ გამოუცხადებია და უბრალოდ თქვა, რომ მათ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი.

"ნუ ყვირიხარ, დაჯექი, თუ ძმა ხარ" - რატომ უჩივლა სასამართლოში გია ვოლკის ბადრი ჯაფარიძემ?

"ინტერპრესნიუსი"