რას აცხადებს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონსიონში სტუმრობის შემდეგ? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონსიონში სტუმრობის შემდეგ?

იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ გავცნობოდით ბავშვებს - გავაგრძელებთ ვიზიტებს, მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, პანსიონში ბავშვების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა ბაზა არ არსებობს.

"ეს მაინც პირველადი და გაცნობითი ტიპის შეხვედრა იყო, პირველ რიგში ბავშვებთან. როგორც აქამდე ვამბობდი, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით მათთან კონტაქტში, გავესაუბრეთ მათ, რა თქმა უნდა გაგრძელდება კიდევ ვიზიტები. ასევე, გავეცანით პირველადად რაც შესაძლებელი იყო, დოკუმენტაციას და გვაქვს უკვე პირველადი რეკომენდაციები - პირველ რიგში დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი არის და ცოტა ქაოტურად არის და ერთი დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერს გავეცნოთ და ამიტომ პირველადი რეკომენდაცია არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. გავაგრძელებთ ვიზიტებს. მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, დავათვალიერე ასევე ინფრასტრუქტურა და ზოგადად ჩვენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არსებობს გამოხატული სრული მზაობა სამომავლოდ ვიზიტები იქნება ეს, თუ რეკომენდაციების შესრულება. ჩვენ გავაგრძელებთ დოკუმენტაციის შესწავლას, ერთი დღე ნამდვილად არ იქნება საკმარისი, რომ ყველაფერი ვნახოთ. ბავშვების დოკუმენტაცია იქნება პირველ რიგში სანახავი იმიტომ, რომ ერთი შეხედვით არ არსებობს სრულყოფილი მონაცემთა ბაზა ბავშვების შესახებ. რამდენიმე სია არის და მოგვიწია მთელი დღის განმავლობაში ამ სიების შედარება, გარკვეული დასკვნების გაკეთებაზე არ ვიჩქარებ, თუმცა განსხვავებები ამ სიებში ვნახეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

ბავშვებს ბარიერი აქვთ, იმიტომ, რომ მათ ჩვენს შესახებ ძირითადად კარგი არაფერი სმენიათ, ეს იყო პირველი პირადი კონტაქტი და ბუნებრივია, რომ ბარიერი იქნებოდა. დღევანდელი ვიზიტი დასრულებულია, მაგრამ მომავალში უფრო საფუძვლიან ვიზიტებს დავგეგმავთ იმიტომ, რომ სამუშაო ძალიან ბევრია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

"ინტერპრესნიუსი"