"ყველაფერს აკეთებენ, რომ მზეთუნახავი გავაშელიშვილი არ მოიყვანონ სასამართლოში - სულ რომ ჯურღმულში დაიმალოს, მაინც მოუწევს ამოსვლა" - კვირის პალიტრა

"ყველაფერს აკეთებენ, რომ მზეთუნახავი გავაშელიშვილი არ მოიყვანონ სასამართლოში - სულ რომ ჯურღმულში დაიმალოს, მაინც მოუწევს ამოსვლა"

შეკითხვაზე, როდის დაესწრება პროცესს, ბადრი გავაშელიშვილმა ჯერ თქვა, რომ დასაფლავებაზეა, შემდეგ თქვა, რომ ცუდად არის. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს მზეთუნახავი არ მოიყვანონ სასამართლოში, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უგულავას განმარტებით, საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ბადრი გავაშელიშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა და პროცესზე მხოლოდ დისტანციურად დასწრებას მოახერხებდა, თუმცა უგულავას თქმით, გავაშელიშვილს პროცესზე მოსვლის გარდა სხვა ალტერნატივა არ ექნება და "კახეთში კი არა, სულ რომ ჯურღმულში დაიმალოს, მაინც მოუწევს ამოსვლა და სიმართლის ლაპარაკი".

"სრულიად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ პროკურატურა მალავს გავაშელიშვილს. ჯერ გამოგვიცხადეს დასავლეთ საქართველოშიაო და როდესაც ჩართეს, აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში. შეკითხვაზე, როდის დაბრუნდება, ჯერ თქვა, რომ დასაფლავებაზეა, შემდეგ თქვა, რომ ცუდად არის. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს მზეთუნახავი არ მოიყვანონ სასამართლოში, ძალიან სამარცხვინოა, რომ მოსამართლე ამას თითქმის გაჰყვა, ბოლოს უბრალოდ სხვა გზა აღარ ჰქონდა და იძულებული გავხადეთ, ვითომ დაზარალებული გავაშელიშვილი წარდგეს სასამართლოს წინაშე.

ამ კაცს მალავენ იმიტომ, რომ სამარცხვინო რამ აქვს ჩადენილი, ჩვეულებრივი "ზონდერია", საზოგადოებამ თუ არ დაინახა ეს ყველაფერი, ისე ეს პროცესი ვერ წარიმართება. დავდივარ სპეციალურად აქ, რომ ეს კაცი მოვიყვანო, დადგეს სასამართლოს წინაშე და კიდევ ერთხელ მოიტყუოს, სხვა ალტერნატივა მას არ ექნება, კახეთში კი არა, სულ რომ ჯურღმულში დაიმალოს, მაინც მოუწევს ამოსვლა და სიმართლის ლაპარაკი", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.