"კალაძე უალტერნატივო იქნება, თუ "ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად მას დაასახელებს" - კვირის პალიტრა

"კალაძე უალტერნატივო იქნება, თუ "ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად მას დაასახელებს"

"თუ "ნაციონალური მოძრაობის" წარდგენილი კანდიდანტი შეძლებს ოპოზიციური ამომრჩეველი და არა პოლიტიკური ძალები გააერთიანოს, მაშინ ამას აზრი აქვს, თუმცა ასეთი შესაძლებლობა "ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდანტს გაცილებით ნაკლებათ აქვს, ვიდრე ნეიტრალურ კანდიდანტს", - ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი მათი პარტიიდან უნდა წარადგინოს.

ძაბირაძეს მიაჩნია, რომ თუ "ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დაასახელებს, კალაძე უალტერნატივო იქნება.

მისივე თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯოს.

"გიორგი ბარამიძის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია და ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, რა თქმა უნდა, რეალობაა. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რას ცდილობს ოპოზიცია და რამდენად აქვს "ნაციონალური მოძრაობიდან" წარდგენილ კანდიდატს შანსი იმის, რომ ის მართლაც ოპოზიციურ ელექტორატს გააერთიანებს. ესაა პრობლემა და თუ "ნაციონალური მოძრაობის" წარდგენილი კანდიდატი შეძლებს ოპოზიციური ამომრჩეველი და არა პოლიტიკური ძალები გააერთიანოს, მაშინ ამას აზრი აქვს. ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გაცილებით ნაკლებად აქვს, ვიდრე ნეიტრალურ კანდიდატს, თუმცა არის ერთი მომენტი, თუ "ქართული ოცნება" კალაძეს დაასახელებს, მგონია, რომ კალაძე უალტერნატივოა. დიდია იმის ალბათობა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯოს. ამ ეტაპზე მე კალაძის კონკურენტი პიროვნება ოპოზიციაში არ მეგულება. ამიტომ ეს უნდა შეაფასოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" , - განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, ძაბირაძემ აღნიშნა, რომ დღესაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს "ხისტი დაპირისპირებით აიძულოს ამომრჩეველი, რომ მასთან მივიდეს". მისივე შეფასებით, ასეთი პოლიტიკით "ნაციონალური მოძრაობა" წაგებული იქნება.

"დარწმუნებული ვარ , რომ 10-დან 9 შემთხვევაში "ნაციონალები" ამ პოლიტიკით იქნებიან წაგებული, თუ ისინი ერთი-ერთზე დარჩებიან "ქართულ ოცნებასთან". ის ოპოზიცია, რომელიც თვეების განმავლობაში ერთად იყო ბოიკოტის რეჟიმში, ყველამ რომ მხარი დაუჭიროს "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე კანდიდანტს, მას არ ექნება იგივე პარტიების ამომრჩევლების მხარდაჭერა. შეიძლება ოპოზიცია თავში გაერთიანდეს, მაგრამ ამომრჩევლის დონეზე ვერ ახერხებს გაერთიანებას. ესაა პრობლემა. ამას ვერ ხვდება დღეს ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა" , - განაცხადა ძაბირაძემ.