გუბაზ სანიკიძე გიორგი გახარიაზე: "არ მგონია, ხელოვნური ოპოზიცია იყოს... პოლიტიკა ისეთია, ხელისუფლებისგან „გამოჩეკილი“ და მართული ოპოზიცია ვერ ძლებს" - კვირის პალიტრა

გუბაზ სანიკიძე გიორგი გახარიაზე: "არ მგონია, ხელოვნური ოპოზიცია იყოს... პოლიტიკა ისეთია, ხელისუფლებისგან „გამოჩეკილი“ და მართული ოპოზიცია ვერ ძლებს"

"თუ ჩვენ, ზოგადად ოპოზიცია მოვიგებთ თბილისის მერის არჩევნებს და თბილისს წავართმევთ "ქართულ ოცნებას", 43%-იანი ბარიერიც რომ ვერ დავძლიოთ, მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები ყველა ვარიანტში იქნება", - ამის შესახებ ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიასოპოზიციის წევრმა, დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა.

მის თქმით, როგორც ჩანს, კახა კალაძე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატია.

"რაც შეეხება ოპოზიციას, თუ არ გამოდის ოპოზიციის შეთანხმება ერთიან კანდიდატზე, მაშინ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უნდა დააყენოს საერთო კანდიდატი. არის ორი-სამი პერსონის ვარიანტი: მერი, პირველი ვიცე-მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. ვნახოთ, რაღაცები ვიცი, მაგრამ წინასწარ თქმა არ მინდა. არ არის დიდი საიდუმლოება, მაგრამ ჯერ დამუშავების პროცესში ვართ და უახლოეს დღეებში გავიგებთ", - აცხადებს სანიკიძე.

რაც შეეხება ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატობას, როგორც სანიკიძე ამბობს, მელიას გადასაწყვეტი აქვს შემდეგი საკითხი - თვითონ ჩაუდგეს თბილისის არჩევნებს სათავეში, თუ ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით იმოძრაოს, "იმიტომ, რომ აქ, მერობის მოგების საკითხის გარდა არის 43%-იანი ბარიერის საკითხი".

"ისე არ უნდა იყოს, რომ მხოლოდ თბილისში ვიომოთ და დანარჩენ საქართველოში ისევ ოპოზიციამ გადაგვიაროს. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ თუ ჩვენ, ზოგადად ოპოზიცია მოვიგებთ თბილისის მერის არჩევნებს და თბილისს წავართმევთ "ქართულ ოცნებას", 43%-იანი ბარიერიც რომ ვერ დავძლიოთ, მომავალი წელს რიგგარეშე არჩევნები ყველა ვარიანტში იქნება. თბილისში ხელისუფლების დამარცხება ნიშნავს უკვე "ქართული ოცნების" განადგურებას, გაბზარვას, მორალურად ჩამოშლას", - აცხადებს სანიკიძე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, სანიკიძის თქმით, "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სიმპათიებს გამოხატავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ.

"ეს საკმაოდ სერიოზულად აშფოთებს "ქართულ ოცნებას" და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილსაც. ის ეპისტოლე, რომელიც მან გამოგზავნა, იყო "გემზე ამბოხების" ჩასახშობად, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" იმ ნაწილმა, რომელიც გახარიას არ გაყვა, გაიხსენა ბიძინას დანაქადნები, როცა თქვა, ნამდვილ ოპოზიციას შევუწყობ ხელსო. ჩათვალეს, რომ ამას აკეთებს. მითუმეტეს, გახარიამ ბიძინაზე კრინტი არ დაძრა და იფიქრეს, რომ გაყიდულები ვართო",- განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძის თქმით, გიორგი გახარიაზე არ ფიქრობს, რომ ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციაა.

"არ მგონია, რომ ხელოვნური იყოს, შეიძლება იდეაში ასეა, მაგრამ პოლიტიკა ისეთი რამ არის, რომ ხელისუფლებისგან "გამოჩეკილი" და მართული ოპოზიცია ვერ ძლებს", - აცხადებს სანიკიძე.