"ღარიბაშვილს წლიური ანგარიშის წარდგენისას დიდი დრო "ნაცმოძრაობისთვის" რომ არ დაეთმო, ის უფრო გამიკვირდებოდა. რატომ?" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილს წლიური ანგარიშის წარდგენისას დიდი დრო "ნაცმოძრაობისთვის" რომ არ დაეთმო, ის უფრო გამიკვირდებოდა. რატომ?"

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დასრულებიდან 9 წლის შემდეგ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პირველმა პირმა, პრემიერი-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დროის დიდი ნაწილი ისევ ამ პოლიტიკური ჯგუფის ლანძღვას, ნიშნის მოგებასა და გატოლება-გაჯიბრებას დაუთმო. "ეს ადამიანები გვეუბნებიან, რატომ რჩებიან სასამართლოში ბატონი მურუსიძე და სხვები - უკაცრავად, "მოგმართავთ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს: თქვენ, ამ მძიმე წარსულის შემოქმედები, რატომ რჩებით პოლიტიკაში დღეს?!... წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა მოქალაქეების მუდმივი ჩაგვრა, წამება, ტერორი და არაადამიანური მოპყრობა ციხეში თუ ციხის გარეთ... "ქართულ ოცნებას" უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო. აღარაფერს ვსაუბრობ ადამიანის უფლებებზე, მედიათავისუფლებზე..." - ასეთი იყო იმ ფრაზებისა და განცხადებების ერთი ნაწილი, რომელითაც პრემიერმა "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა. რას აძლევს მმართველ გუნდს 9 წლის წინ დამარცხებულ პოლიტიკურ ოპონენტზე ლაპარაკი? ამ კითხვებით ანალიტიკოსებს - გია ხუხაშვილსა და თორნიკე შარაშენიძეს მივმართეთ.

გია ხუხაშვილი:

- კანონზომიერია, რომ ღარიბაშვილმა თავისი წლიური ანგარიშის წარდგენისას დიდი დრო ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმო. სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ის უფრო გამიკვირდებოდა. რატომ? როდესაც არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ გაქვს რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, ერთი მხრივ, ეს ვითარება დააბრალო წინამორბედს, მეორე მხრივ, პოზიტივი დაუკავშირო შორეულ მომავალს, - ეს არის ე.წ სეთურის ტექნოლოგია. ხალხს ეუბნებიან, რომ გვირაბის ბოლოს, სადღაც შორს, ჩანს სინათლე და, აი, ნანატრი ათი წლის შემდეგ ღარიბაშვილი ზარს დარეკავს. ათი წლის შემდეგ "ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი". ღარიბაშვილი მაგ დროს სად იქნება, ღმერთმა უწყის.

- ეს ის პროდუქტია, რომელსაც ქართველი მომხმარებელი იყიდის?

- ყველაფერი ფარდობითია, არც ოპოზიციაა დამაჯერებელი, ამომრჩეველს არ აქვს იმედი, რომ ოპოზიცია უკეთ გადაწყვეტს მის პრობლემებს. თუ მე არ მომწონს დღეს არსებული რეალობა, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ ოპოზიცია უკეთეს მომავალს შემომთავაზებს, მირჩევნია, ერთჯერადად გავიყიდო. ერთჯერადად მყიდველი ვინ არის? ისევ ხელისუფალი, რომელსაც შეუძლია მცირედი სოციალური პაკეტი მაინც გადმოაგდოს. სხვა რა გზა აქვს ამომრჩეველს, ამითაც კმაყოფილდება. შიდა მოხმარებისთვის ეს პროდუქტი გაყიდვადია, რადგან უკეთესი, უბრალოდ, არ არის.

დღეს ქართველ ამომრჩეველს არც პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება, ლანძღვა და კინკლაობა არ სჭირდება, მაგრამ მაინც ამის ყურება უწევთ, იმიტომ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა სხვა არაფერი იცის. ჩვენ ხომ მუდმივად ნეგატიურ ციკლებში ვართ. ქართველი პოლიტიკოსები არ ამტკიცებენ, რომ კარგები არიან, მხოლოდ იმის მტკიცებაში არიან, რომ სხვები მათზე ცუდები არიან. ჩვენ - საზოგადოება ორივეს ვეთანხმებით, როდესაც ერთმანეთზე ცუდს საუბრობენ, ორივე ცუდია, მაგრამ ჩვენ რა ხეირი აქედან?

თორნიკე შარაშენიძე:

- "ქართული ოცნებისთვის" ყოველთვის მომგებიანია წინა ხელისუფლებაზე საუბარი. "ნაციონალური მოძრაობაც" ახალ-ახალ საბაბს არ აკლებს. მისთვის მომგებიან ქიშპობაზე რატომ იტყოდა ღარიბაშვილი უარს, როდესაც 2012 წელი სწორედ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მწვავე დაპირისპირებით გამოირჩევა?! ვიდრე "ნაციონალები" იაქტიურებენ, მათი ლანძღვაც მომგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის.

- ფიქრობთ, რომ ხალხს არ მობეზრდა ეს ყველაფერი?

- ფაქტია, რომ ეს სტრატეგია დღემდე ამართლებს. "ქართული ოცნება" დღემდე ამით იგებს არჩევნებს. როდესაც საკითხი ასე დგება - მიშა თუ ბიძინა? განწყობა ასეთია - ვაიმე, მიშა არა და ვინც გინდა... ეს "ვინც გინდა" არის ბიძინა. გასაგებია, ყველა ხვდება, რომ "ქართულ ოცნებას" ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუუმჯობესებია, მაგრამ მიშას რეჟიმისგან განსხვავებით, ნაკლებად ხისტები და ნაკლებად ავტორიტარები არიან. ამის გამო, ხალხი ლარის გაუფასურებასაც იტანს და სხვა ტიპის პრობლემებსაც. ეს კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა, ცხადია, ის ქართველი კაცის ხასიათს კარგად იცნობს.

- ე.ი ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ქვეყანაში, ხალხს ამ მოცემულობაში მოუწევს ცხოვრება?

- ფაქტია, რომ ასეა. ვიდრე მიშა იმუქრება ჩამოვალო, ვიდრე მისი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ოცნებობს, მიშას ჩამოსვლისთანავე გილიოტინა დადგან თავისუფლების მოედანზე და ყველას თავები დააყრევინონ, ჩვენ ამ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება. ხალხს ნამდვილად ეშინია მიშას ჩამოსვლის.

- გამოდის, დანარჩენი ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" კი არა, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ებრძოდეს? - დიახ, ასე გამოდის და ეს მოცემულობა ძალიან მომგებიანია "ქართული ოცნებისთვის", ე.ი. დანარჩენი ოპოზიციის ბრძოლა "ნაციონალებთან" ნიშნავს განხეთქილებას ოპოზიციაში, მასთან "ნაციონალების" გარეშე "ქართული ოცნების" დამარცხების შანსი დანარჩენი ოპოზიციისთვის კიდევ უფრო რთულია.

- გამოდის, რომ "ქართული ოცნება" წაუგებლად თამაშობს?

- კი, ასეა, ძალიან დიდხანს ეგონათ ბიძინა ივანიშვილი ბრიყვი, სააკაშვილიც ხშირად მოიხსენიებს მას ბრიყვად. სინამდვილეში, ივანიშვილის მიერ განვლილი ცხოვრებითა და მისი ნაშოვნი მილიარდებით მაინც უნდა მიხვდე, რომ არ შეიძლება ეს კაცი ბრიყვი იყოს. "ნაციონალები" ამბობენ, რომ ეს კაცი ბრიყვია და შემთხვევით მოგვიგო - 2012-ში, 2016-ში, 2020-შიო... ნუთუ აღარ მთავრდება ეს შემთხვევითობა?! არ უნდათ აღიარება, რომ ივანიშვილი მაგრად თამაშობს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)