"თამარ ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია. "ქართულ ოცნებას" მართლმსაჯულებას დავათმობინებთ და მის გასაღებს ქართველ ხალხს გადავცემთ" - კვირის პალიტრა

"თამარ ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია. "ქართულ ოცნებას" მართლმსაჯულებას დავათმობინებთ და მის გასაღებს ქართველ ხალხს გადავცემთ"

"თამარ ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია, გილოცავთ ყველას - ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით, გაათმაგებული რესურსებით უნდა დავიწყოთ საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დაიწყოს დემოკრატიის ფუნდამენტის - არჩევნების, თავისუფალი არჩევნების და რაც მთავარია, ნების დემოკრატიული გამოხატულების გასწორება", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ყველა რეფორმის იმპლემენტაცია - განსაკუთრებით, საარჩევნო კუთხით ტექნოლოგიების ინტეგრაცია.

"ეს არის ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგი, რომელმაც პირველ რიგში მოგვიტანა შარლ მიშელის შეთანხმება, სწორედ შარლ მიშელის შეთანხმება დაუდო საფუძვლად თამარ ჟვანიამ საკუთარ გადადგომას და ჩვენ მივიღეთ ორი დღის წინ ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო რეფორმის მხრივ იმისათვის, რომ საქართველოში არ განმეორდეს იგივე სიყალბე, არ შეიქმნას კიდევ ახალი თამარ ჟვანიები, ჩვენ გვჭირდება დღე და ღამე მუშაობა. ის, რომ თამარ ჟვანია გადადგა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა რეფორმის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების ინტეგრაცია საარჩევნო კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ნდობა არჩევნებთან მიმართებაში იმისათვის, რომ არჩევნების დღე არ იყოს მუდმივად ნერვიულობის და დაძაბულობის საგანი, არამედ იყოს გარკვეული ნდობა, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავაშენოთ. თამარ ჟვანიას გადადგომის შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და რეფერენდუმის დროს პირველი მნიშვნელოვანი ფაზა იყოს განხორციელებული და დაინერგოს საარჩევნო როგორც პროცედურული, ასევე ტექნოლოგიური ცვლილებები. ყველა სპეკულაცია, რომელიც აქამდე იყო - რისთვის მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი, რა მოგვიტანა შარლ მიშელის დოკუმენტმა? ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს და რაც მთავარია დიახ ნაბიჯ -ნაბიჯ მივდივარ აქეთ - ერთი თვის წინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნებოდი, რომ გადადგებოდა თამარ ჟვანია ალბათ, აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჯეროდა, დღეს ეს კონკრეტული ნაბიჯი დადასტურებულია", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე მიესალმება სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პროცესში არც ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან.

"ამ პროცესში ოპოზიციური პარტიები არ ერთვებიან, იმიტომ, რომ ეს არის დაგეგმილი სიყალბე. პროცედურულ სიყალბეში მონაწილეობას არ ვაპირებთ. როდესაც "კლანი" ადამიანს წარმოადგენს, რომელმაც წაგვართვა მართლმსაჯულების და სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ ნდობა ნული და ნულზე უფრო დაბალი აქვთ. შესაბამისად, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას მივესალმები. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ იმაში, რომ პრინციპულად მოვითხოვოთ კონკრეტული ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში. პირობას ვდებ, ჩვენსას აუცილებლად გავიტანთ. ისე როგორც გავიტანეთ თამარ ჟვანიაზე, პოლიტპატიმრებზე და საარჩევნო რეფორმაზე, ასე გავიტანთ მართლმსაჯულებაზე. მთელი საზოგადოება, ერი და ბერი ერთად დგას, რომ სასამართლოში "კლანური" მმართველობა აღარ გვინდა. მთელი დასავლეთი მხარს გვიჭერს ამერიკიდან დაწყებული ევროპით გაგრძელებული, შარლ მიშელით დაწყებული ბაიდენით დამთავრებული. ამას ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება. "ქართულ ოცნებას" მართლმსაჯულებას დავათმობინებთ და მართლმსაჯულების გასაღებს ქართველ ხალხს გადავცემთ",- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენი მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში.

ვაშაძე ასევე გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ ოპოზიციამ მერობის საერთო კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" უნდა დააყენოს":

"ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თავისი კანდიდატები დააყენონ, თავიანთი პროპორციული ხმები წაიღონ. მე არ ვედავები მათ თავის პროპორციულ ხმებში, რატომ ითხოვენ ჩვენგან ან სხვებისგან რაღაცას, რა ვალდებულება გვაქვს მათთან - არანაირი"

კითხვაზე, ემხრობა თუ არა ზოგადად, ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატის იდეას, ვაშაძე ამბობს, რომ არა.

"მეცინება "ნაცმოძრაობის" წევრების განცხადებაზე, თითქოს მე ვალდებული ვარ, რაღაც გავაკეთო. ერთი ხელით უნდათ, გვლანძღონ, მეორე ხელით უნდათ, ვალდებულება აგვკიდონ. არანაირი ვალდებულება ამ ქვეყნად არავისთან არ მაქვს. ერთადერთი ვალდებულება მაქვს ჩემს სამშობლოსთან და ქართველ ხალხთან. დანარჩენი, რაღაცებს რომ მოითხოვენ ჩვენგან, ცოტა კომიკურად მეჩვენება, სასაცილოები არიან. საქმეს სჭირდება პროპორციულ არჩევნებში და რეფერენდუმში გამარჯვება. საქმეს არ სჭირდება ის, რომ მე ვიღაცას შევუთანხმდი რაღაცაზე და სკამების განაწილება დავიწყოთ",- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება რეფერენდუმში წაგებას ნიშნავს.

"ნაცმოძრაობის" კანდიდატთან რაც არ უნდა გაერთიანება მოხდეს, ეს ნიშნავს მარცხს რეფერენდუმში. ეს ორჯერ ორი ოთხია. ყველამ ვიცით, რას იყენებს დამაფრთხობლად, შემაშინებლად "ქართული ოცნება" გადაუწყვეტელი თუ ცვლილებებისთვის განწყობილი ადამიანებისთვის", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის უპირველესი ამოცანა ოქტომბრის არჩევნებზე რეფერენდუმში გამარჯვება უნდა იყოს.

"ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა ოქტომბრის არჩევნებში არის ის, რომ გავიმარჯვოთ რეფერენდუმში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ყველა ოპოზიციური ხმა პროპორციულ არჩევნებში უნდა იყოს მოპოვებული. "ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს დაიჭერსო", სამი კურდღლის მადევარი მითუმეტეს ვერ დაიჭერს ერთი კურდღლის ფეხსაც კი. აქედან გამომდინარე, კონცენტრაცია გავაკეთოთ პროპორციულ არჩევნებზე, ამაზე ვართ მობილიზებული, რადგან საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება რიგგარეშე არჩევნები",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ მათი პარტიიდან უნდა წარადგინოს.

როგორც ბარამიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური პარტიაა და "მარცხის გარანტირებული ფორმულა იქნება, თუ ამხელა ამომრჩეველთა მასა დარჩება მისი კანდიდატის გარეშე". ამასთან, ბარამიძის განმარტებით, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, შეუძლია არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით