"თვითმმართველობის არჩევნებში "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" ცალკე უნდა მივიღოთ მონაწილეობა" - კვირის პალიტრა

"თვითმმართველობის არჩევნებში "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" ცალკე უნდა მივიღოთ მონაწილეობა"

"გირჩი მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა პარტიამ დამოუკიდებელი კამპანია უნდა ჩაატაროს და უნდა ეცადოს საკუთარი ხმების მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს.

აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, ოპოზიციამ პროპორციულ ნაწილში ხმების 52%-ზე მეტის აღება უნდა შეძლოს.

ჯაფარიძის თქმით, ის ყველაზე კარგი კანდიდატია, რაშიც ეჭვი არ ეპარება.

"არამხოლოდ მერობაზე, მაგრამ საერთო ოპოზიციური კანდიდატი რამდენად შეიძლება ვიყო, არ ვიცი. ვხუმრობ ცხადია, ჩემთან პარტიაში განწყობა უმრავლესობის არის ის, რომ "გირჩი მეტი თავისუფლებამ“ ცალკე უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ცალკე კამპანია უნდა გვქონდეს. ყველა პარტიამ დამოუკიდებელი კამპანია უნდა ჩაატაროს და უნდა ეცადოს საკუთარი ხმების მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს, რომ ჯამში პროპორციულ ნაწილში ხმები რომ დაითვლება, 52%-ზე მეტი გამოვიდეს ოპოზიციური ხმები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან სევე ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და არ გამორიცხა, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მიიღოს.

"შეიძლება, ვნახოთ, პრობლემა იმაშია, რომ ეს პროცესი საერთოდ დაძრული არ არის, საკონსტიტუციო ცვლილებები მართლა მნიშვნელოვანია, მათ შორის, საარჩევნო სისტემას უნდა შეეხოს. შარლ მიშელის დოკუმენტში ჩანაწერია, რომ შემდეგი ორი არჩევნები სრულად პროპორციული უნდა იყოს ბარიერით ბუნებრივიდან 2%-მდე და სანახავია, რა ინტერპრეტაციას დადებს "ქართული ოცნება“. იქ, როცა ეს ჩანაწერი გაკეთდა, შემდეგი ორი არჩევნები იმიტომ ჩაიწერა, რიგგარეშე არჩევნებიც რომ იყოს 2022-ში, რისი შანსიც არის, თუ "ოცნება“ ახლა ადგილობრივ არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნებიც უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული, ნულიდან, ანუ ბუნებრივი ბარიერიდან 2%-იანი ბარიერით, თუმცა, არის შანსი და "ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ეს ასე წაიკითხოს, რომ ეს არ ეხება ხელახალ არჩევნებს და შემდეგ 2 არჩევნებში 2024 წლის და 2028 წლის არჩევნები ითვლება. ვნახოთ, საერთოდ რას აკეთებენ, ამას სჭირდება ბევრი დრო, პროცედურებია, დისკუსია უნდა გაიმართოს, ამ სესიაზე დაწყება უნდა მოასწრონ, რომ მერე ოქტომბერში მოესწროს ამის მიღება. თუ დავინახე, რომ მნიშვნელოვანია, რომ მივიდე და თითი დავაჭირო, მივალ და თითს დავაჭერ, ამის პრობლემა საერთოდ არ მაქვს. ჯერ არ ვიცი როდის შევივლი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ მიზანია, შარლ მიშელის შეთანხმება ჩაიშალოს და ეს ოპოზიციას დააბრალოს.

"ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს ყველა პუნქტი ისე გაღუნოს, რომ საბოლოო ჯამში სიტუაცია იქამდე მიიყვანოს, რომ ოპოზიციამ, ვინც ხელი მოაწერა, თქვას, რომ არ სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტი და დამთავრდა, შეთანხმება ჩაიშალაო. როგორც კი შეთანხმების ჩაშლამდე მივალთ, მათი მხრიდან იქნება - აი, ოპოზიციამ ჩაშალა შეთანხმება და 43%-იანი პუნქტი აღარ მუშაობს და შესაბამისად, აღარც ვალდებულება გვაქვს, რომ 43% ავიღოთ და შესაბამისად, არც ხელახალი არჩევნებიც არ იქნებაო, მე მგონია, რომ ეს აქვთ მიზანი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"