"როცა რთული დღეები მაქვს, მის რჩევა-დარიგებას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს" - კვირის პალიტრა

"როცა რთული დღეები მაქვს, მის რჩევა-დარიგებას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს"

"იოლი ცხოვრება ნამდვილად არ მქონია: წარმოიდგინეთ, როცა დევნილი ხარ, ომგადატანილი, მშობლიურ გარემოს უცებ მოგწყვიტეს და სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდი... ასეთ დროს გადარჩენა და თავის დამკვიდრება ორმაგად რთულია" - გვითხრა სოფო ხორგუანმა, რომელიც თავის ცხოვრებაზე გვიამბობს

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მე მგონი, კარგი ბავშვი ვიყავი, კლასშიც და სკოლაშიც ლიდერი გახლდით, საკმაოდ ჯიუტი ხასიათი მქონდა და პატარაობიდანვე მძაგდა უსამართლობა. დაჩაგრულის დასაცავად ყველგან "ხმალამოღებული" მივდიოდი, თანაც, ყველაფერზე ჩემი აზრი მქონდა და შეკითხვების დასმა ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო...."

"აფხაზეთში რომ ვცხოვრობდით, მამაჩემი სულ უმეორებდა დედაჩემს: შენს შვილს ღომის გაკეთება ასწავლე, აქ სულ მეგრელები ცხოვრობენ, რომელიმეს ცოლად რომ გაჰყვეს და ღომის გაკეთება არ იცოდეს, თავი მოგვეჭრებაო... ასე რომ, პირველად ღომის გარეცხვა და გაკეთება მასწავლეს, მერე - სხვა რამეები და საბოლოოდ, ჩემგან საკმაოდ კარგი დიასახლისი "გამოდნა". ძალიან მიკვირს, როცა ქალი ამბობს, სადილის გაკეთება არ ვიციო..."

"უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერ საქმეში, პოლიტიკა იქნება, ბიზნესი თუ სხვა რამ, წამყვანი ფიგურები კაცები არიან. დამკვიდრებულია აზრი, რომ პოლიტიკა და ბიზნესი მამაკაცების საქმეა. ეს ჩვენი ტრადიცია და სამწუხარო მოცემულობაა. მართალია, საქართველოში ძლიერი და წარმატებული ქალებიც იყვნენ და არიან, მაგრამ ამ მოცემულობას თვალი უნდა გავუსწოროთ. მე არასდროს მიფიქრია, ქალობა შეღავათისთვის გამომეყენებინა..."

"ჩემი მოძღვარი ჩემი სკოლელია, შავი ბერი - ისიც აფხაზეთიდან დევნილია, ახლა უკვე სვეტიცხოვლის წინამძღვარი - მამა სერაფიმე. სკოლაში რამდენჯერ ერთად გვითამაშია და გვირბენია. ის ძალიან ძვირფასი ადამიანი ჩემთვის, ძალიან ვაფასებ და როცა რთული დღეები მაქვს, მის რჩევა-დარიგებას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მამა სერაფიმემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სიკეთე, სიყვარული, მეორე ადამიანზე ზრუნვა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია, რის გამოც ადამიანად ყოფნა ღირს...."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 24 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე