"თავისი მოქმედებით რუსეთი დღეს იმავე შეცდომას უშვებს, როგორიც კრემლმა საქართველოს მიმართ დაუშვა" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"თავისი მოქმედებით რუსეთი დღეს იმავე შეცდომას უშვებს, როგორიც კრემლმა საქართველოს მიმართ დაუშვა" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა?

აზერბაიჯანის პრესაში ხშირად ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც რუსეთის კავკასიური პოლიტიკაა გაკრიტიკებული, კერძოდ, მოსკოვის დამოკიდებულება მთიანი ყარაბაღის მიმართ და იქ მყოფი რუსული სამშვიდობო ძალების მოქმედება.

რუსულენოვანმა გაზეთმა "ზერკალომ" (Зеркало) 29 ივნისს დაბეჭდა სტატია სათაურით - "სრულიად ისე, როგორც საქართველოში: რუსეთი იძენს ჩვენი ქვეყნის რაღაც ნაწილს, მაგრამ, იმავდროულად, კარგავს მთელ აზერბაიჯანს" (ავტორი - მირა ჰასანოვა). პუბლიკაცია საინტერესოა იმით, რომ მოსკოვი-ბაქოს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობის ფონზე, მასში ერთობ ნეგატიურად არის შეფასებული რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული კურსი აზერბაიჯანის მიმართ.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

"მოდი, საკუთარი თავის წინაშე მაინც ვიყოთ მართალნი და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: თავიდანვე, როცა ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მთიან ყარაბაღში, ვამბობდით, რომ რუსეთი აზერბაიჯანის ამ რეგიონის დიდ სამხედრო ბაზად გადაქცევას გეგმავს.

განა ვინმეს ეჭვი შეჰქონდა იმაში, რომ რუსეთის ჯარებს მთიან ყარაბაღში დარჩენა სამუდამოდ სურდათ და რომ ის ტერიტორია, სადაც რუსები დგანან, არც ჩვენი არის და არც სომხეთის, უბრალოდ, რუსეთისაა? ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერსპექტივაში ასე ჩანს. ვიდრე რუსეთის ხელისუფლებაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან; ვიდრე კრემლი ისეთ პოლიტიკას ატარებს, როცა შიდაპოლიტიკური ჩავარდნები საგარეო პოლიტიკური "წარმატებებით" იფარება; ვიდრე რუსეთი კვლავ იმპერიულ ამბიციებს ამჟღავნებს; ვიდრე ჩრდილოურ ქვეყანაში მმართველი რეჟიმი არ შეიცვლება - იმის მოლოდინი, რომ რუსი ჯარისკაცები ჩვენს ყარაბაღს დატოვებენ, არ უნდა გვქონდეს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ უკეთ იცის, თუ რა განზრახვა აქვთ რუსებს მთიან ყარაბაღში, როგორ გეგმებს ამუშავებენ - ამაზე, ალბათ, ჩვენი დაზვერვაც მუშაობს, ანალიტიკური ცენტრები, საექსპერტო სამსახურები და არა მარტო აზერბაიჯანის მხრიდან, არამედ - სხვა სახელმწიფოებშიც. სავარაუდოდ, მზადდება საპასუხო კონტრზომები, ალბათ, თურქეთთან ერთად, შესაძლოა, ევროპისა და აშშ-ის ჩართვითაც. შემთხვევითი არაა, რომ ბოლო დროს სამხრეთ კავკასიაში დასავლელი სტუმრების - პოლიტიკოსების, დიპლომატების, სამხედრო ჩინოვნიკების მომრავლება შეიმჩნევა... რა თქმა უნდა, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანსა და ჩვენს ლიდერ ილჰამ ალიევს შორის ხელმოწერილი შუშის დეკლარაცია, გარკვეულწილად, იმის იმედს გვაძლევს, რომ კრემლის გეგმები არ განხორციელდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: რუსეთის ჯარების აზერბაიჯანში მოსვლა სულაც არ ნიშნავს მათ მშვიდობისმყოფლობას, თუმცა ვიყოთ ობიექტურები - ისინი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ჯერჯერობით უზრუნველყოფენ. აქვე შევნიშნავთ, რომ ამას აკეთებენ არა სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის, არამედ - საკუთარი ინტერესებისათვის.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ რუსეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის იმპერიული პოლიტიკის პარადიგმაშია ჩარჩენილი. ნებაყოფლობით უარი თქვა თავის კოლონიებზე დიდმა ბრიტანეთმა, დაიშალა ოსმალეთის იმპერია, ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის იმპერიები... მხოლოდ რუსეთი გეგმავს ტერიტორიების მიტაცებას და გათავისებას, როგორც საკუთარი საზღვრების პერიმეტრზე, ასევე - მთელ მსოფლიოშიც. რუსეთი დღესაც იმავეს აკეთებს, რასაც ყოველი ხელისუფლების დროს აკეთებდა - მეფე-იმპერატორის მმართველობის პერიოდში, კომუნისტურ ეპოქაში, პოსტსაბჭოურ ფსევდოდემოკრატიულ წლებში. როგორც პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის დროს, ისევე - ვლადიმერ ლენინის, იოსებ სტალინის, ლეონიდ ბრეჟნევისა და ბორის ელცინის მმართველობის დროსაც კი, ხოლო ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობისას ხომ - მით უმეტეს...

და ასეთი პოლიტიკის წყალობით, ფაქტების მიხედვით, რუსეთი აზერბაიჯანს ისევ კარგავს - როგორც ეს იყო 1990 წლის 20 იანვარს, უდანაშაულო ადამიანების დახოცვის გამო და ხოჯალის ტრაგედიის შემდეგ, რაშიც რუსეთს თავისი დანაშაული მიუძღვის. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანი თავის ჩრდილოელ მეზობელთან თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობას მაინც აგრძელებდა იმ იმედით, რომ მოსკოვი საბოლოოდ უარს იტყოდა იმპერიულ ამბიციებზე და თავიდან ამოიგდებდა აზერბაიჯანის დამორჩილების განზრახვებს. რა თქმა უნდა, ამას რომ ვამბობთ, იმასაც ვაღიარებთ, რომ რუსეთს აზერბაიჯანზე გავლენის მოსახდენად უამრავი ბერკეტი და ხერხი აქვს, რითაც შიგადაშიგ წარმატებით სარგებლობს: ხან აზერბაიჯანელი მიგრანტების გაძევებით იმუქრება, ხან ჩვენს პროდუქციას უკან აბრუნებს, ზოგჯერ სომხების ხელით პროვოკაციებს გვიწყობს - თუ ადრე ამას ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე აკეთებდა, ახლა საზღვარზე აკეთებს... მოკლედ, რუსეთის უპირატესობების ჩამოთვლა კიდევ დიდხანს შეიძლება, სამხედრო ძლიერების ფაქტორის ჩათვლით.

მთიან ყარაბაღში ჯარების შეყვანა, თუნდაც "სამშვიდობო კონტინგენტის" სახელით, რუსეთის დიდი ხნის "ცისფერ ნატვრას" წარმოადგენდა. როგორც იქნა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შექმნილი საომარი მდგომარეობა და ომისშემდგომი ვითარება კრემლმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა - თითქოსდა, დაპირისპირებული მხარეების გასამიჯნავად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველსაყოფად და მშვიდობიანი პროცესის გასაღრმავებლად. სინამდვილეში კი ყველა ხედავს, რომ რუსეთი ისე იქცევა მთიან ყარაბაღში, როგორც თავის კუთვნილ გუბერნიაში... (...)

ფაქტობრივად, თავისი მოქმედებით რუსეთი დღეს იმავე შეცდომას უშვებს, როგორიც კრემლმა საქართველოს მიმართ დაუშვა გასული საუკუნის დასასრულს, როცა მოსკოვმა მხარი დაუჭირა აფხაზეთს, ჩამოაშორა საქართველოს, მიიღო თავის მფარველობაში, მაგრამ, იმავდროულად, მთელი საქართველო დაკარგა. საქართველო სამუდამოდ გავიდა რუსეთის ორბიტიდან, მან მოიშორა იმპერიის ბორკილები და კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ აიღო. რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა საქართველო და ქართველები, რომლებიც, რასაკვირველია, კეთილი მეზობლობის პრინციპს არ დაარღვევენ, მაგრამ ის "უმცროსი ძმები" აღარ იქნებიან, რომელთა თავზე "უფროსი ძმის" მოღერებული მუშტი ჩანს.

და აი, ახლაც, რუსეთი თავის შეცდომას იმეორებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აზერბაიჯანელთა ნდობა დაკარგოს, რომლებმაც ისინი საკუთარ მიწაზე სტუმრებად შემოუშვეს. ფაქტობრივად, რუსეთი ყარაბაღში იმ სპილოს როლს ასრულებს, რომელიც ჭურჭლის მაღაზიაში შეუშვეს და თავისი ტლანქი მოძრაობით ყველაფერს ამსხვრევს. უამრავი ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი შეთანხმების პრინციპებს არღვევს და სომხეთს ცალმხრივად ეხმარება... როგორც ჩანს, საბოლოოდ რუსეთს ისევ თავისი იმპერიული მადა და ამბიციები დაღუპავს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ