"ხელისუფლება ცდილობს ხისტი პოლიტიკის გატარებას, ახდენს კიდეც... ოპოზიციის აქტივობა არ ჩანს და ფაქტია, რომ ოპოზიციამაც უნდა გაიღვიძოს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ცდილობს ხისტი პოლიტიკის გატარებას, ახდენს კიდეც... ოპოზიციის აქტივობა არ ჩანს და ფაქტია, რომ ოპოზიციამაც უნდა გაიღვიძოს"

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.

- ბატონო გია, ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან ქალბატონი ჟვანიას გადადგომაზე ბევრი კომენტარი კი გაკეთდა, მაგრამ ახლა ყველაზე აქტუალურია თუ ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ - თუ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ, უმრავლესობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მეტიც, გაირკვა, რომ უმრავლესობას შეეძლება დროებით, 6 თვით აირჩიოს ცესკო-ს შემდეგი თავმჯდომარე.

არადა, მას შემდეგ, რაც ჟვანია გადადგა, თითქოს იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეეცდებოდნენ ამ პოსტზე "დიმიტრი გელოვანის" ერთობლივად მოძიებას.

თქვენ როგორ შეაფასებდით ჟვანიას გადადგომის შემდეგ ცესკო-ს მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით წარმოქმნილ რეალობას?

- როგორც ჩანს, ხელისუფლება მანევრირებს და ჟვანიას გადადგომა ამგვარი მანევრირების შედეგი იყო. ძნელი დასაჯერებელია, რომ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ქალბატონ ჟვანიას გადაწყვეტილება იყო, რადგან, სულ რამდენიმე დღის წინ ის ამბობდა, რომ არ აპირებდა გადადგომას.

ჟვანიას გადადგომამ თუ რამ დაგვანახა, გახლავთ ის, რომ როგორც ჩანს, მმართველ გუნდს ცესკო-ს მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები ჟვანიას გადადგომამდე ჰქონდა.

როგორც ჩანს, ცესკო-ს ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით მმართველ გუნდს რაღაც უკვე მოფიქრებული აქვს და იგი მაქსიმალურად შეეცდება ამ თანამდებობაზე მისთვის მისაღები კანდიდატურა დაინიშნოს.

- ამ თემაზე გაკეთებულ უამრავ კომენტარებს შორის ერთი საკმაოდ საინტერესოდაც კი გამოიყურება.

ჟვანიას გადადგომით ივანიშვილი იმედოვნებს რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხელისუფლების მიმართ მეტად ლოიალურები იქნებიან. ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებული პროცესის ამგვარად წარმოდგენა რამდენად მართებული შეიძლება იყოს?

- შესაძლოა, ვინმე ასე ანგარიშობდეს. რაკი სასამართლოს საკითხში ხელისუფლება პრაქტიკულად არ არსულებს 19 აპრილის შეთანხმებას, სიტყვა პაუზის სემანტიკაზე დაობს, - პაუზა არ ნიშნავს შეჩერებას და რაღაც ასეთი, შესაძლოა მართლაც გადაწყვიტეს ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხში რაღაც ჟესტის გაკეთება.

არ გამოვრიცხავ, რომ მმართველ გუნდს ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით ამგვარი გათვლაც ჰქონოდა.

- საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მიღებულია. როგორ შეაფასებდით საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს?

- შესაძლოა, საარჩევნო კანონმდებლობაში ცალკეული ცვლილებებში პოზიტიური იყოს. მე არა ვარ იურისტი და საარჩევნო კანონმდებლობასა და ტექნოლოგიებში ჩახედული, მაგრამ, მაინც ვვარაუდობ, რომ საარჩევნო კანონში მიღებული ცვლილებების მიუხედავად ხელისუფლებას საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების ბერკეტები რჩება.

- საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას ხმა "ნაციონალებსა" და " ლელოს" არ მიუცია. მათ ასე გააპროტესტეს პარლამენტში შეუსვლელობის გამო "ლეიბორისტებისა" და "პატრიოტთა ალიანსისათვის" დაფინანსების შეწყვეტა. მომხდარს ბევრი პოლიტიკური პარტიების დევნად აფასებს.

თქვენი აზრითაც ასეა?

- ხელისუფლება ცდილობს ხისტი პოლიტიკის გატარებას. არა მარტო უნდათ, ახდენენ კიდეც თავისი სიხისტის დემონსტრირებას.

- უკვე ვიცით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის შეთანხმება მიღწეულია. ცვლილებები გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 2%-იანი ბარიერია. 2%-იანი ბარიერისთვის იბრძოდა "გირჩი", მოქალაქეები" და "რესპუბლიკური პარტია,". "ნაციონალები" კოალიციური მმართველობის პერსპექტივებზე კი საუბრობდნენ, მაგრამ 2%-იანი ბარიერით აღფრთოვანებულებს არ გვავდნენ.

ახლა როცა ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება "ნაციონალების" გარეშეც შეიძლება მოხერხდეს, თქვენი აზრით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ თუ არა "ნაცმოძრაობა"?

- ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ "ნაციონალებმა" მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს.

პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. მაგრამ, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არ არსებობს კონკრეტული არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

- "ოცნებამ" ამნისტიის კანონის მიღება გადადო. თქვენი აზრით, რატომ?

- შესაძლოა ამის მიზეზი იყოს ის, რომ ამნისტიის კანონის მიუღებლობა ოპოზიციას დააბრალონ. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონს კრიტიკა არ დაკლებია იმ ნაწილში, რომელიც პოლიციელებს და 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებების მიმღებებს ეხება.

რადგან ახლა მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტული ექსპრემიერ გახარიასთან ბრძოლაა, არაა გამორიცხული ხელისუფლებას ჩაეთვალა, რომ 20 ივნისის თემის გამოყენება გახარიას წინააღმდეგ შეიძლება.

ამის საფუძველს იძლევა ის, თუ როგორ აკრიტიკებს ახლა მმართველი გუნდი გახარიას მოქმედებას 20 ივნისის ღამეს.

- მოსამართლეებთან დაკავშირებული თემა ახლა ერთერთი ყველაზე განხილვადი გახლავთ. თემის აქტუალურობის მიზეზი თავად მოსამართლეთა კორპუსი აღმოჩნდა, რომლებმაც ძალა არ დაიშურეს ემტკიცებინათ რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი არიან პოლიტიკური გავლენებისგან, ხოლო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს უსაყვედურეს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა.

თქვენ როგორ აღიქვით ერთი მხრივ მოსამართლეთა ქმედებები, მეორე მხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები, რომ პარლამენტი მოსამართლეთა შერჩევის პროცესს არ შეაჩერებს?

- გარდა იმისა, რომ მოსამართლეების საკითხში ხელისუფლების დამოკიდებულება არღვევს თუ 19 აპრილის შეთანხმების ტექსტს არა, მის სულისკვეთებას, სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ ამ საკითხში ხელისუფლება სიჯიუტეს ავლენს.

ადრე ვთქვი და გავიმეორებ - 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდა, მაგრამ ახლა იგივე მოსამართლეების საკითხში სიჯიუტით იგი ცდილობს თავის ამომრჩეველში რეპუტაციული დანაკარგების აღდგენას. განაგრძეთ კითხვა