"რა­ტომ გამ­ჭრეს, ფუ­ლის გამო ხომ არა?!" - პაციენტის მტკიცებით, კლინიკაში უთხრეს, რომ კონკრეტული ორგანო ამოაჭრეს, თუმცა გაარკვია, რომ ეს ორგანო ადგილზე აქვს - კვირის პალიტრა

"რა­ტომ გამ­ჭრეს, ფუ­ლის გამო ხომ არა?!" - პაციენტის მტკიცებით, კლინიკაში უთხრეს, რომ კონკრეტული ორგანო ამოაჭრეს, თუმცა გაარკვია, რომ ეს ორგანო ადგილზე აქვს

პაციენტი, რომელსაც ქირურგებმა უთხრეს, რომ კონკრეტული ორგანო ამოაჭრეს, ამბობს, რომ ექიმებმა მოატყუეს, რადგან ორგანო ისევ ადგილზე აქვს.

2016 წლის 2 აგვისტოს ახალციხეში მცხოვრები ფიქრია ბარბაქაძე მუცლის უეცარმა ტკივილებმა შეაწუხა. იმავე დღეს ექოსკოპიის გადასაღებლად ახალციხეში, დალი ქოზაშვილის კლინიკაში მივიდა. ექიმმა უთხრა, რომ გარეორსულობა ჰქონდა, ნაყოფი შვიდ კვირაზე მეტის იყო და თუ სასწრაფო ოპერაციას არ ჩაიტარებდა, სიცოცხლისთვის საშიში პრობლემები შეექმნებოდა. რამდენიმე საათში პაციენტი გააგზავნეს ახალციხის "იმედის" კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ქირურგმა უთხრა, რომ ამოაჭრეს მარჯვენა ფალოპის მილი, რომელშიც გარე ორსულობა აღინიშნებოდა. მისცეს შესაბამისი დოკუმენტები და ჩატარებული სამედიცინო მომსახურება დეტალურად აღწერეს ფორმა #100-ში.

ფიქრია ყვება, რომ ოპერაციის შემდეგ, მალევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეირყა. პერიოდულად ჰქონდა ტკივილები, სვამდა წამლებს და ელოდებოდა, რომ პრობლემები გაივლიდა, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა.

"მარჯვენა მხარეს მქონდა ოპერაცია გაკეთებული და ტკივილები მარცხენა მხარეს მაწუხებდა. გადავწყვიტე, თბილისში წავსულიყავი გამოკვლევებზე. ტატიშვილის კლინიკაში ჩავიტარე გამოკვლევა, საკმაოდ მძიმე ანალიზები მქონდა. სეფსისის პროცესი ვითარდებოდა ორგანიზმში და პრობლემები იყო ლიმფურ კვანძებშიც... დავიწყე მკურნალობა. თანდათან უკეთესად გავხდი, მაგრამ 2020 წელს ისევ ძალიან ცუდად გავხდი, ისევ დალი ქოზაშვილთან მივედი და ისევ გარეორსულობა დამიდგინა, ამჯერად მარცხენა საკვერცხეზე. ამაზეც მეუბნებოდნენ, სასწრაფო ოპერაცია უნდა გაკეთდეს და ეს მილიც უნდა ამოიჭრასო. ჩემმა მეუღლემ იკითხა, შვილი აღარ გვეყოლებაო? - ასე გამოდისო, - უპასუხა ექიმმა. ჩვენ ორი შვილი გვყავს, თუმცა, გვინდოდა, მესამეც გაგვეჩინა და ძალიან დავითრგუნეთ. ოპერაციისთვის თბილისში წავედით", - გვიყვება ფიქრია ბრბაქაძე.

თბილისში, ოპერაციისთვის, "იმედის" კლინკაში მივიდა. სწორედ ამ კლინიკაში აღმოაჩინეს, რომ პაციენტს, მარჯვენა ფალოპის მილი ადგილზე ჰქონდა.

"ქირურგმა რომ გამსინჯა, მკითხა, ამხელა ჭრილობა რატომ გაქვსო? - ვუთხარი, რომ მარჯვენა ფალოპის მილი მქონდა ამოჭრილი. წარმატებით ჩამიტარდა ოპერაცია. ნარკოზიდან რომ გამოვედი, ქირურგმა მითხრა, - რატომ მომატყუე, მარჯვენა მილი არ გაქვს ამოჭრილი... ადგილზეა, სრულიად უპრობლემოა და შეგიძლია შვილის გაჩენაზეც იფიქროო.

გავოგნდი და დავიწყე დოკუმენტების მოძიება, სადაც ეწერა, თუ რა ოპერაცია მქონდა ჩატარებული 4 წლის წინ. ბოლომდე რომ დამედასტურებინა ის, რასაც ექიმი მეუბნებოდა, წავედი ქართულ-ამერიკულ კლინიკაში და გავიკეთე მილის გამტარიანობაზე გამოკვლევა. იქაც იგივე მითხრეს. ექსპერტმაც დამიდასტურა, რომ მილი ადგილზე იყო", - იხსენებს ახალგაზრდა ქალი.

ამის შემდეგ ფიქრია ბარბაქაძემ ახალციხის კლინიკა "იმედს" მიაკითხა და ფორმა #100 გამოითხოვა. შეხვდა კლინიკის ქირურგებს და წარუდგინა თბილისის კლინიკიდან წამოღებული დოკუმენტები, სადაც ეწერა, რომ პაციენტს, მარჯვენა ფალოპის მილი ამოკვეთილი არ ჰქონდა.

"ეჭვი შემეპარა, საერთოდ თუ ვიყავი საოპერაციო და მქონდა თუ არა ნამდვილად გარეორსულობა. რატომ გამჭრეს, ფულის გამო ხომ არა?! ქირურგმა მალხაზ მაისურაძემ, რომელმაც უშუალოდ ჩამიტარა პირველი ოპერაცია, ვერ გასცა მკაფიო პასუხი ჩვენს კითხვებზე. მე და ჩემს მეუღლეს გვიმტკიცებენ იმას, რასაც თბილისის კლინიკაში კატეგორიულად გამორიცხავდნენ. ბოლოს, რომ არ იცოდნენ რა ეთქვათ, გვითხრეს, ალბათ, რამე პათოლოგია გქონდათ და რამდენიმე მილი გაქვთო, ხდება ასეთი რამეცო. თუ პათოლოგიური მდგომარეობა მქონდა, ეს ვერ შენიშნეს იმ უამრავ გამოკვლევაზე, რომელსაც მიტარებდნენ? ან ოპერაცია რომ ჩამიტარეს და მითხრეს მარჯვენა მილი ამოგაჭერითო, თუ კიდევ იყო იქ მეორე, პათოლოგიური მილი, რატომ მაშინვე არ ჩამაყენეს საქმის კურსში?!" - აცხადებს პაციენტი.

კითხვებზე მკაფიო პასუხები რომ ვერ მიიღო, ფიქრია ბარბაქაძემ სასამართლოს მიმართა. ახლა საქმეს ახალციხის რაიონული პოლიცია იძიებს. დაკითხულია საქმეში მონაწილე ექიმების ნაწილი. დანიშნულია ექსპერტიზა. სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ მთავარ კითხვას, რაც საქმის გამოძიებას გააიოლებს და საბოლოოდ, დაადგენს, რამდენად სწორად გაეწია სამედიცინო მომსახურება პაციენტს.

რა ეტაპზეა ექსპერტიზის პროცესი, რა გარემოებები იკვეთება ამ ეტაპზე და როდის იქნება საბოლოოდ მზად დასკვნა - ამ კითხვებით მიმართა Ambebi.ge-მ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს. გაგრძელება