"მთის წვერზე გამოჩნდა მონასტერი... უცებ სული შემეგუბა, გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა, ცხარე ცრემლით ავტირდი: ეს ის იყო, ჩემი სიზმარი!" - კვირის პალიტრა

"მთის წვერზე გამოჩნდა მონასტერი... უცებ სული შემეგუბა, გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა, ცხარე ცრემლით ავტირდი: ეს ის იყო, ჩემი სიზმარი!"

"საქართველო საოცარი ქვეყანაა: აქ ერთ დღეში იმდენ სასწაულს იხილავ, ლამის მთელ ცხოვრებას გაივლი"

მთის ერთ-ერთ უძლიერეს სალოცავზე - ლომისზე ლომისობას არასდროს ვყოფილვარ, მასთან შეხვედრას კი წლების განმავლობაში ვნატრობდი, მაგრამ რატომღაც ჩვენი "გაცნობა" ძალიან გაჭიანურდა... და მაინც შევხვდი - ორჯერ ავედი იქ და ორივე ასვლა - ზაფხულისაც და შემოდგომისაც გამორჩეულად ჩამებეჭდა გულში, თუმცა პირველი მაინც სხვაგვარი იყო... ამის მიზეზი კი სასწაული აღმოჩნდა, რომელმაც ერთი უკრაინული ოჯახი, მერე კი მათი მეგობრები და ახლობლები სამუდამოდ გადააჯაჭვა საქართველოს... დიდი სიყვარულით და ნათესაობითაც კი. მეც იმ დიდი სიყვარულის ნაწილი გავხდი - მათ მეჯვარეობით და ნათელ-მირონით დავუკავშირდი...

სიზმარი თუ ხილვა?

კიეველი ანა კოჟინოვა რეჟისორი და ფსიქოლოგია, მის მეუღლეს - გენადი კოჟინოვს კი რამდენიმე პროფესია აქვს. ისინი თანაკლასელები არიან, ბავშვობიდან მეგობრობდნენ და მერე დაქორწინდნენ კიდეც. მართლაც განუყრელებს, შემოქმედებითი თვალსაზრისითაც და ცხოვრებისეული შეხედულებებითაც ბევრი საერთო აქვს. ორი ვაჟი ჰყავთ - ნიკოლოზი და ილია. ნიკოლოზს საკუთარი ოჯახი ჰყავს, მეუღლე მარია და პატარა გოგონა - ვერა, მე კი მეჯვარედმეჯვარედ და შემდეგ - ვერას ნათლიად ამირჩიეს, ოღონდ ეს ამბავი გაცნობიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა. მაგრამ პირველად რომ შევხვდით, მაშინ ვაჟები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ.

როგორ გაიცნეს საქართველო? თქვენ წარმოიდგინეთ - სიზმრით.

2007 წლის ერთ ღამეს ანას ულამაზესი მთები დაესიზმრა...

ანა კოჟინოვა:

- ვიდექი მთის წვერზე და შევყურებდი ზღაპრულ პეიზაჟს: ფერად-ფერად ყვავილებს, სიმწვანეს და მოპირდაპირე მთის წვერზე - მონასტერს. სიზმარშივე ვიცოდი, რომ ის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი იყო. ამ დროს ჩამესმა ხმა: კიევ-პეჩორის მამათა მონასტრიდან უნდა წამოიღო ღვთისმშობლის ხატი და საქართველოში, ამ მონასტერში მიიტანოო. იმ ხმამ ისიც მითხრა, ილოცეთ, რომ საქართველოში ომი არ იყოსო... სიმართლე გითხრათ, არც ეს ხატი ვიცოდი კარგად და არც ძალიან ეკლესიური ვიყავი - წირვა-ლოცვებს არ ვესწრებოდი და საეკლესიო წესებსაც ნაკლებად ვიცავდი. თუმცა გულით მორწმუნე გახლდით. დავიწყე საქართველოზე ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა დაწყებულიყო იქ ომი, - მე ხომ პოლიტიკის არაფერი გამეგებოდა, ინფორმაციებსაც არ ვისმენდი! იმან, რაც ინტერნეტსა და გაზეთებში საქართველოს კონფლიქტებსა და პრობლემებზე ამოვიკითხე, სრულიად დამაბნია. ჩემს მეუღლეს რომ ვუთხარი, უნდა წავიდეთ-მეთქი, გაგიჟდა: სად წავიდეთ, იქ არავის ვიცნობთო. ასე რომ, არსად წავსულვარ, თუმცა სიზმარიც არ დამვიწყნია, პირიქით - ხშირად მახსენდებოდა. ერთი წლის განმავლობაში საქართველოსაც ძალიან ხშირად "ვაწყდებოდი" ხან ტელევიზორში, ხან ინტერნეტში, დავათვალიერე საქართველოს სიწმინდეებიც, მაგრამ ვერსად მივაკვლიე სიზმარში ნანახი მონასტრის ფოტოს...

ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს, 17 წლის გიორგის მამა მოუკვდა, დედა კი ძალიან შორს, ოდესის ოლქში ცხოვრობდა, კიევიდან 400 კილომეტრში. ბიჭი უპატრონოდ იყო კიევში, ფუქსავატურად ცხოვრობდა, სასწავლებლიდანაც გარიცხეს. გიორგი ძალიან მიყვარდა და მინდოდა, რამით დავხმარებოდი. ასაკით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა უწევდა, მაგრამ გასაოცარი რამ მოხდა: გიორგი სიაში გამორჩათ და იმ წელს ჯარში არ წაიყვანეს, - მომავალ წელს გამოგიძახებთო. ვიფიქრე, ეგებ მონასტერში მივიყვანო-მეთქი და გადავწყვიტე, მისთვის ჯერ სკვნილი მეყიდა. სადაც ვიკითხე, მხოლოდ ხისგან დამზადებული სკვნილები ჰქონდათ და რატომღაც ვერ შევარჩიე. კარგად არც ვიცოდი, რას ვეძებდი. ერთხელაც კიევის პოკროვის დედათა მონასტერში შევედი და ხატებთან შავი ქვის სკვნილი შევნიშნე. გულმა რეჩხი მიყო: თითქოს სწორედ ასეთს ვეძებდი. ვიკითხე, რა ქვა არის-მეთქი და მიპასუხეს, - გიშერია, საქართველოშია დამზადებულიო. თითქოს, უცებ გამინათდა გონება: ბიჭს, ვისთვისაც სკვნილს ვეძებდი, გიორგი ჰქვია, "გრუზიასაც" ხომ "გიორგია - ჯორჯია" ჰქვია, წმინდა გიორგის ქვეყანა... გიშერიც იქ მოიპოვება... და მივხვდი, რომ გიორგიც სწორედ იქ უნდა წასულიყო, საქართველოში. მე კიდევ ჩემი მისია მქონდა შესასრულებელი - ხატი უნდა ჩამებრძანებინა და ის უცნობი ადგილი მეპოვა... გიორგის ვუთხარი, ჩვენ საქართველოში მივდივართ და შენც აუცილებლად უნდა წამოხვიდე. ვგრძნობ, სწორედ იქ აღმოაჩენ შენთვის ძალიან მნიშვნელოვან რამეს-მეთქი. ასე რომ, 2008 წლის 21 ივლისს ღვთისმშობლის ხატით მე, გენადი და გიორგი საქართველოში ჩამოვედით. ლომისი

თბილისში, საბურთალოს რაიონში დავიქირავეთ ბინა, ყველანაირ სიამოვნებაზე - რესტორნებზე, ღირშესანიშნაობების დათვალიერებაზე უარი ვთქვით და შევუდექით სიზმრად ნანახი მონასტრის ძებნას. როდესაც ჩვენს მასპინძელს - რუს ვლადიმერსა და მის ქართველ მეუღლეს წმინდა გიორგის მამათა მონასტერზე გამოვკითხეთ, გაეღიმათ, - საქართველოში წმინდა გიორგის 365 სალოცავია და თქვენ ხუთ დღეში აპირებთ ყველას მოვლას, მით უმეტეს - მთებშიო? ჩვენ მაინც ვეძებდით. ყველას ჩემს სიზმარს ვუამბობდით და ვის აღარ ვთხოვდით დახმარებას, მოძღვრებსაც და ჩვეულებრივ ადამიანებსაც; სად არ გაგვიშვეს: ჯვარზეც, სვეტიცხოველშიც, სამთავროს, გარეჯის, შავნაბადას მონასტრებშიც... სიზმრად ნანახს არც ერთი არ ჰგავდა. ორჯერ საპატრიარქოშიც ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივეჯერ დავიგვიანეთ - დაკეტილი დაგვხვდა. უკვე ავნერვიულდი. მეტირებოდა. ძალიან ცოტა დრო გვრჩებოდა გამგზავრებამდე, "იმას" კი ვერსად ვპოულობდით.

სამდღიანი უშედეგო სიარულის შემდეგ, დაღონებულებმა, რუსთაველზე გავისეირნეთ. გენას და გიორგის ლუდის დალევა უნდოდათ. ვთხოვე, ჩემ გარეშე წასულიყვნენ, მაგრამ არაფრით მიმატოვეს. რუსთაველზე თავჩაღუბული მივდიოდი და ცრემლები მდიოდა, უცებ თითქოს რაღაცამ გამაშეშა, ნაბიჯი ვეღარ გადავდგი. თავი ავწიე და, თურმე, ეკლესიის წინ ვიდექი.  მივხვდი, აუცილებლად უნდა შევსულიყავი. შესვლისთანავე საეკლესიო სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი დავინახე, რუსულად გამოველაპარაკე და გამიმართლა - რუსული იცოდა. სიზმარზე დავაპირე მომეთხრო, მაგრამ შემაწყვეტინა, - ჩვენს მოძღვარს, დეკანოზ ვახტანგს (სარდლიშვილს) ჰკითხეთ, ეგებ ის დაგეხმაროთო. ვტიროდი, მამა ვახტანგი რომ მომიახლოვდა. ყველაფერი ვუამბე და დამამშვიდა: ეს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია და რაკი ღმერთმა სწორედ აქ მოგიყვანა, გამოსავალსაც გვაპოვნინებსო. მითხრა, კუთხეში რომ წმ. გიორგის დიდი ხატია, იქ ილოცეთ, მანამდე მეც რამეს მოვიფიქრებო. ცოტა ხანში ჩვენკენ გაბრწყინებული წამოვიდა და მითხრა: მივხვდი, შენ ლომისის წმინდა გიორგის მონასტერი დაგესიზმრაო. ვერაფრით წარმომედგინა, როგორ უნდა ამოეცნო, როგორ უნდა დაენახა ის, რაც მე მესიზმრა... ტაქსი დილის 5 საათისთვის დავიბარეთ. რა დამავიწყებს - 2008 წლის 21 ივლისი თენდებოდა.

თითქოს უამინდობა არ იგრძნობოდა, მაგრამ გზად ჭექა-ქუხილი დაიწყო, მთებში ელავდა, მაგრამ ვიცოდი, ცაც რომ ჩამოსულიყო ძირს, მაინც უნდა ავსულიყავი ლომისში. მლეთასთან ქუხილი შეწყდა და მზემ ამოანათა. მძღოლი იქვე დავტოვეთ, ჩვენ კი მთებს შევუყევით. მე ფეხშიშველი მივდიოდი და მხოლოდ ჩამოსვლისას შევნიშნე, რომ მიწაში ამოთხრილ ფუტკრის "სახლებზე" მივლია, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ერთ მათგანსაც არ უკბენია... დაახლოებით 6 საათს ავდიოდით მთაზე, გზადაგზა ვლოცულობდით და უცებ მთის წვერზე გამოჩნდა მონასტერი... სული შემეგუბა, გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა, დავმუნჯდი და ცხარე ცრემლით ავტირდი: ეს ის იყო, ჩემი სიზმარი! ის მთები, ის მინდორი, ის ყვავილები! ლამის ავირბინეთ მონასტერთან. ბერებს ვეძებდით, მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა, მერე კარი შევაღეთ და... ტაძრის ყველა კუთხე-კუნჭულში ხატები ეწყო... ჩვენი ხატი შევაბრძანეთ და ადგილს ვერ ვპოულობდი, სად დამედო. უცებ ჩემს გვერდით სარკმლიდან სხივი დაეცა და ადგილიც გამოჩნდა. ვილოცეთ, როგორც შეგვეძლო და როგორც ვიცოდით... საქართველოსთვის, მშვიდობისთვის, ადამიანების სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ ეს ხეობა სამუდამოდ ჩაკეტილიყო რუსების ტანკებისთვის... და აშკარად ვიგრძენი, რომ ღმერთი იქვე, ჩემ გვერდით იყო... ტაძრიდან გამოსულებმა შევნიშნეთ ზღაპრული ფერები, ყვავილები, ბუნება, ჩვენ ქვემოთ არწივები დაფრინავდნენ და ზუსტად ვიცოდი, რომ წმინდა გიორგის ბინა სწორედ იქ იყო...

ზემოდან, მაცხოვრის ხატის დაბლა უკრაინელების ჩამოტანილი ხატი

მთიდან ლამის ჩამოვფრინდით - ისეთი ატაცებული ვიყავი, მინდოდა, ყველას მოვხვეოდი, ყველა მიყვარდა... თბილისში დაბრუნებისთანავე მამა ვახტანგს მივაკითხეთ ქაშვეთში და მივახარეთ: ვიპოვეთ, "ის" იყო-თქო. თვითონაც ისეთი ბედნიერი იყო! - საოცარი ადამიანია მამა ვახტანგი.

ვთხოვე, შეიძლება, წმინდა გიორგის სახელზე სამადლობელი წირვა შევუკვეთო ხვალ-მეთქი? - რატომ გადავდოთ, ახლავე გადავიხადოთ პარაკლისიო. და დაიწყო თუ არა წმინდა გიორგის ხატის წინ ლოცვა, მყისვე ვიგრძენი კმაყოფილება, რომ ვალი მოვიხადე, დამშვიდების საშუალება მქონდა, შემეძლო თამამად გამესწორებინა თვალი ჩვენი მასპინძელი ვლადიმერისთვის, რადგან არავინ მომიტყუებია, მართლა მესიზმრა და ეს მხოლოდ ღმერთმა და მე ვიცოდით...

პარაკლისის შემდეგ მამა ვახტანგმა წვრილად გამოგვკითხა, ვინ ვიყავით და როდესაც შეიტყო, ჯვარი არ გვქონდა დაწერილი, - ახლავე უნდა დაგწეროთო, - გამოგვიცხადა, მაგრამ ისეთი დაქანცულები ვიყავით ემოციურად და ფიზიკურად, იმდენი რამ გადაგვხდა, მამა ვახტანგს დავპირდით, ჯვრის დასაწერად აუცილებლად ჩამოვალთ-მეთქი. მეორე დღეს გავემგზავრეთ კიევში, 10 დღეში კი გაზეთებიდან შევიტყვეთ, რომ საქართველოში ომი დაიწყო... ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, რა მოხდებოდა, მაშინვე რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში და მელოცა-მეთქი... რამდენიმე წლის შემდეგ ლომისის საძმოს წევრმა მამა კახაბერმა მიმახვედრა, რომ ჩვენმა დაგვიანებულმა ლოცვამ მაინც გაჭრა - ის ხეობა მართლაც გადაურჩა რუსების ტანკებს - ისინი საქართველოს სამხედრო გზით არ შემოსულან!

მანამდე კი... თბილისში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დავბრუნდით, უკვე 7 მოსწავლესთან ერთად და... ჯვრის დასაწერად. ქაშვეთში დავიწერეთ ჯვარი , ქართველი მეჯვარეები გვყავდა - მამა ვახტანგის მეგობარი ამირანი და მეუღლე დალი... მას შემდეგ მამა ვახტანგი, მისი ოჯახი, მრევლი და ეს ტაძარი უმშობლიურესი გახდა ჩვენთვის. ფილმიც გადავიღეთ: "სიყვარულის ახსნა" - მამა ვახტანგსა და საქართველოს ეძღვნება...

ტრაპეზი მამა კახაბერთან ერთად

მე ის "სამი" - ანა და გენადი კოჟინოვები და მათი მოსწავლე - გიორგი მათი მესამე ჩამოსვლისას გავიცანი. ერთ დილას ჩემმა მეგობარმა, რეჟისორმა და დღეს უკვე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა დამირეკა (კვლავ გიორგი!) და მითხრა, სტუმარი უკრაინელებისგან გასაოცარი ამბავი მოვისმინე და შენც უნდა შეხვდეო. შევხვდი კიდეც ქაშვეთის ეზოში, ტაძრის, სადაც მოვინათლე, და მართლაც სასწაული მოვისმინე... იმ პერიოდში ანას თანმხლები გიორგი შავნაბადას მონასტერში იმყოფებოდა ბერებთან... მაშინ გავიცანი მათი სულიერი მამაც, ქაშვეთის ტაძრის მოძღვარი მამა ვახტანგი, რომელსაც "სიყვარულის მამას" უწოდებენ და რომელთან შეხვედრამაც ანას სიზმართან ერთად საგრძნობლად შეცვალა უამრავი ადამიანის ცხოვრება, მათ შორის - ჩემიც.

ანამ, გენადიმ და მათმა ახალგაზრდა მეგობრებმა ლომისზე პირველი ასვლის შემდეგ საქართველოში მხოლოდ მეხუთედ სტუმრობისას მოახერხეს ლომისზე ასვლა, რადგან მანამდე ყოველთვის უამინდობა უშლიდათ ხელს. ამჯერად მე გამიმართლა - 2013 წლის 6 ივლისს მათთან ერთად პირველად ავედი ლომისზე. რა ბედნიერი იყო ანა, როდესაც ტაძრის დასავლეთ კედელზე, მაცხოვრის ხატის დაბლა თავისი ღვთისმშობლის ხატი დაინახა... ლომისის საძმოს წევრი მამა კახაბერიც სწორედ მაშინ გავიცანით. გაოგნდა, ამ ხატის ჩამომტანები აქ არიან-მეთქი, რომ ვუთხარი... გულიანი ტრაპეზი მოგვიწყო იქვე, ყველაზე საოცარ ადგილას - ერთდროულად ამაღლებული და დამძიმებული განწყობა რომ მოგვიტანა, რადგან ზემოდან გადავყურებდით ახალგორს...

იმ დღეს სწორედ მამა კახაბერისგან შევიტყვეთ, რომ მუდმივ საცხოვრებლად და წირვა-ლოცვის აღსასრულებლად ბერები ომის შემდეგ ასულან ლომისზე. მანვე გვიამბო, - იმდენი ხატი დაგვხვდა ეკლესიაში, ყველას ვერ დავიტოვებდით და ნელ-ნელა სხვადასხვა მონასტრებში დავაგზავნეთ, თუმცა... რატომღაც ამ უცნობ ხატს ვერ შეველიე და საძმოს ვუთხარი, დავიტოვოთ-თქო... მერე, 2010 წელს ამ სასწაულზე დაწერილი, როგორც ჩანს, თქვენი სტატია ამოიტანეს მონასტერში და ასე შევიტყვე უკრაინელების სიზმრის, სტუმრობისა და ღვთისმშობლის ხატის ამბავიო...

მარიას და ნიკოლოზის ქორწილში მეჯვარე ვიყავი

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ჩემი უკრაინელებიც მიდიან და კვლავ ბრუნდებიან - ხან ცხრანი, ხან ცხრამეტნი, ხან წყვილებად... ხან მოსწავლეებთან ერთად... ქაშვეთში იწერენ ჯვარს, ამბობენ აღსარებას, ნათლავენ ბავშვებს - მაგალითად, მე ანას ვაჟისა და რძლის - ნიკოლოზისა და მაშას მეჯვარე ვარ და ბავშვის ნათლია, ასევე, ანასტასიასა და ანდრეის პატარა მარიამი მოვნათლე... ადიან ლომისზე და ბერებს უკრაინულ ბორშჩს იქვე უმზადებენ... მოგზაურობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ლოცულობენ ჩვენთვის და... არასდროს უნელდებათ საქართველოს სიყვარული...

ერთხელ ანამ მითხრა, - საქართველო საოცარი ქვეყანაა: აქ ერთ დღეში იმდენ სასწაულს იხილავ, ლამის მთელ ცხოვრებას გაივლი. საქართველოში უდიდესი რწმენა დავინახე, უბრალო და უძლიერესი. თქვენ სიცოცხლეშივე წმინდანად შერაცხული სულიერი მამა გყავთ - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ეს უდიდესი ბედნიერებაა... თქვენი - ქართველი მამაკაცების სიმღერაც მოვისმინე და ისეთი ჰარმონია იყო, ისეთი შთამბეჭდავი, სისხლი აგიდუღდებოდა... საერთოდაც, ქართველები გასაოცარი ხალხი ხართო, - დააყოლა ანამ.

(სპეციალურად საიტისთვის)