ძლიერი სიცხისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად, კანადაში ერთ-ერთი სოფელი თითქმის მთლიანად დაიწვა - კვირის პალიტრა

ძლიერი სიცხისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად, კანადაში ერთ-ერთი სოფელი თითქმის მთლიანად დაიწვა

კანადაში, ძლიერი სიცხისგან გამოწვეული ტყის ხანძრის შედეგად, სოფელ ლიტონის 90% დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მანამდე სოფელი, სადაც 250-მდე ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობამ დატოვა.

ლიტონის მერმა, იენ პოლდერმენმა გუშინ განაცხადა, რომ სოფელს ცეცხლი 15 წუთში მოედო.

"ადამიანებმა სახლების გასაღებებს დასტაცეს ხელი, ჩასხდნენ ავტომობილებში და გაიქცნენ,"- განაცხადა მერმა.

ლიტონში, ბოლო რამდენიმე დღეში, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სამჯერ დაფიქსირდა. სამშაბათს ტემპერატურა 49.6 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კანადაში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია. მაღალი ტემპერატურის გამო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ბოლო ხუთ დღეში ადამიანების მოულოდნელი გარდაცვალების 486 შემთხვევა დადასტურდა. ფატალური შემთხვევების ასეთ ზრდას ძლიერ სიცხეს უკავშირებენ.